back to top

დღის რუტინის დარღვევა შაკიკის შეტევებს ზრდის: ჰარვარდის კვლევა

გააზიარე

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მნიშვნელოვანი კავშირი აღმოაჩინეს ყოველდღიური რუტინიდან გადახვევასა და შაკიკის შეტევის რისკს შორის. მათი დასკვნით, რაც უფრო უჩვეულო და განსხვავებულია დღე ჩვეულებრივი ცხოვრებისგან, მით მაღალია ალბათობა, რომ ადამიანს შაკიკი მომდევნო 12 ან 24 საათში დაეწყოს.

109 ზრდასრული შაკიკით დაავადებული პაციენტის კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანის დღე მკვეთრად განსხვავდებოდა მისი ნორმალური რუტინისგან თავის ტკივილის შეტევის რისკი მკვეთრად იზრდებოდა

  • 12 საათში შაკიკის დაწყების შანსი 86%-ით იზრდება.
  • 24 საათში კი ეს ზრდა 115%-ს აღწევს.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენი დღე სტანდარტულზე მეტად უჩვეულოა, შაკიკის რისკი მკვეთრად იმატებს.

მკვლევრებმა „დღის უჩვეულობის საზომის“ გამოსათვლელად გამოიყენეს სტატისტიკური მეთოდი, რომლის მიზანი იყო თითოეული მონაწილისთვის პირადი ნორმის დადგენა. მონაწილეები ავსებდნენ დღიურებს ძილის, განწყობის, კვების და სხვა ფაქტორების შესახებ.

მეცნიერები იღებდნენ ამ მონაცემებს და ადარებდნენ მათ ამ კონკრეტული ადამიანის საშუალო ან ჩვეულებრივ ყოველდღიურ ქცევას. თუ დღის ნებისმიერი ელემენტი (მაგალითად, ძალიან გვიან დაძინება ან უჩვეულო საკვების მიღება) მკვეთრად განსხვავდებოდა პიროვნების ჩვეული რეჟიმისგან, მას ენიჭებოდა მაღალი ქულა. დღის ბოლოს, ყველა ასეთი გადახრა ჯამდებოდა. ეს ჯამური ქულა წარმოადგენდა „დღის უჩვეულობის საზომს“ — რიცხვს, რომელიც მიანიშნებდა, თუ რამდენად ამოვარდნილი იყო ეს დღე კონკრეტული ადამიანის დადგენილი რუტინიდან.

ტრადიციული კლინიკური პრაქტიკა შაკიკის მართვისას ძირითადად კონკრეტული გამაღიზიანებლების (როგორიცაა დიეტური ფაქტორები, სტრესი ან მეტეოროლოგიური ცვლილებები) იდენტიფიცირებაზეა ორიენტირებული.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრები კი გვთავაზობენ, რომ ფოკუსი გადატანილი იქნეს არა მხოლოდ კონკრეტულ გამღიზიანებლებზე, არამედ პიროვნების ყოველდღიური რუტინის დარღვევის ხარისხზე. ეს კონცეფცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას როგორც ინდივიდიალური ინდიკატორი. ის პაციენტს მისცემს შესაძლებლობას, შეაფასოს შაკიკის რისკი რეალურ დროში, სავარაუდოდ, ციფრული ხელსაწყოების (აპლიკაციების) გამოყენებით.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გამაღიზიანებლების უპირობო აცილების ნაცვლად, შაკიკის პროფილაქტიკისთვის უფრო პერსპექტიული, შესაძლოა, იყოს ისეთი ინტერვენციები, რომლებიც ხელს უწყობს მყარი რუტინის ჩამოყალიბებასა და ემოციურ ბალანსს.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები