მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტები, ე.წ. სტატინები, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გულის შეტევისგან იცავს და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა, სოციალურ ქსელებში ის დეზინფორმაციის მთავარ სამიზნედ იქცა. ექიმებისა და სამედიცინო ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის TikTok-ზე, ინფლუენსერები მასობრივად ავრცელებენ ცრუ ცნობებს, თითქოს ეს პრეპარატები უფრო მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელს აძლევს.
სპეციალისტების დაკვირვებით, სტატინების წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა კეტო და მხოლოდ ხორცეულზე დაფუძნებული (ე.წ. Carnivore) დიეტების პოპულარიზაციის ფონზე. ამ კვებითი რეჟიმების მიმდევრები უარს ამბობენ ნახშირწყლებზე და დიდი რაოდენობით ცხიმსა და წითელ ხორცს მოიხმარენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი წონის კლებისთვის ეფექტურია, ის რადიკალურად ზრდის ე.წ. „ცუდი“ (LDL) ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. საკუთარი კვების სტილის გასამართლებლად, ბევრი ბლოგერი ავრცელებს მითს, თითქოს ქოლესტერინისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კავშირი საერთოდ გამოგონილია და წამლები მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების გასამდიდრებლად იყიდება.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მკაცრად აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ „ცუდი“ ქოლესტერინის მაღალი დონე პირდაპირ იწვევს არტერიებში ფოლაქების დაგროვებას (ათეროსკლეროზს), რაც ინფარქტისა და ინსულტის მთავარი მიზეზია. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ გულის დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ხშირად არავითარი სიმპტომი არ აქვს და სამედიცინო ჩარევის გარეშე, შედეგი პირდაპირ ფატალურია.
რა თქმა უნდა, როგორც ყველა მედიკამენტს, სტატინებსაც აქვს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა, მაგალითად, კუნთების ტკივილი. თუმცა, მეცნიერების განმარტებით, პრეპარატის სარგებელი მრავალჯერ აღემატება რისკებს. ხშირ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ე.წ. „ნოცებოს“ ეფექტთან — პაციენტები, რომლებსაც ინტერნეტში წამლის საშიშროებაზე აქვთ წაკითხული, ფსიქოლოგიური განწყობისა და შიშის გამო იწყებენ არარსებული გვერდითი სიმპტომების შეგრძნებას. ექსპერტები ასევე კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ მითს, თითქოს სტატინები ტვინის მუშაობას აფერხებს და აცხადებენ, რომ პირიქით, დარეგულირებული ქოლესტერინი გარკვეულწილად ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.
საბოლოო ჯამში, მედიკოსები თანხმდებიან, რომ ქოლესტერინის დასარეგულირებლად ჯანსაღი ცხოვრების წესი და ნაჯერი ცხიმების შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის ფარმაკოლოგიური ჩარევა და სტატინების მიღება უალტერნატივო გზაა. ექსპერტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებები არა სოციალური ქსელის ტრენდებზე, არამედ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ.
წყარო: Cleveland Clinics

