29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მადრიდში გაიმართა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი, რომელიც კარდიოვასკულარული მედიცინის სფეროს წამყვან მოვლენად ითვლება. კონგრესმა, რომელზეც 30,000-ზე მეტი კარდიოლოგი შეკრიბა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას უახლესი კვლევები და კლინიკური მიღწევები გაუზიარა. წლევანდელი კონგრესის მთავარ თემებს შორის იყო გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი მეთოდები, კარდიო-ონკოლოგიის ინტეგრირებული მიდგომები და რევოლუციური სიახლეები ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და რითმოლოგიაში.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივითა და კოლაბორაციით, კონგრესის ფარგლებში ჩატარდა ორი სესია. ერთ-ერთ სესიაზე განიხილეს კორონარული ინტერვენციისა და რითმოლოგიური პროცედურების რეგიონული მონაცემები, რომელიც ჩვენს რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი) კორონარული ინტერვენციისა და რითმოლოგიური პროცედურების რეესტრის მონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს ეხებოდა.
საქართველოს მხრიდან მოხსენება წარმოადგინა კახაბერ ეცადაშვილმა, კარდიოლოგმა და ჩაფიძის გულის ცენტრის რითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა. სესიის დისკუსიას უძღვებოდა ზვიად კერესელიძე, თბილისის გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი.
მეორე სესია კარდიოლოგიის ერთ-ერთ ახალ მიმართულებას, კარდიო-ონკოლოგიას და მისი გამოწვევებს მიეძღვნა.
1 სექტემბერს გამართულ სესიაზე განიხილეს სულ უფრო მზარდი ონკოლოგიური პათოლოგიების მქონე იმ პაციენტების მკურნალობის სქემები, რომლებსაც ქიმიოთერაპია და სხვა სპეციფიური მკურნალობა ესაჭიროებათ. აღნიშნული მკურნალობა დაკავშირებულია გვერდით მოვლენებთან და კარდიოლოგიური სტატუსის გაუარესების მაღალ რისკთან.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ეგიდით შეიქმნა კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით არსებულ საკითხებზე მუშაობს. მათ შორის, პაციენტისა და ექიმის განათლებაზე, გულ-სისხლძარღვთა რისკების დროულ და სწორ შეფასებაზე, სპეციფიკური პროტოკოლების შემუშავებაზე და დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო ალგორითმების დახვეწაზე.
სესიაზე მოხსენებები ჰქონდათ გიორგი გოგიშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფს, და თამარ გაფრინდაშვილს, რომელიც ამ ჯგუფის აქტიური წევრია და ბოხუას სახელობის კარდიო-ვასკულურ ცენტრს წარმოადგენს. სესიას თავმჯდომარეობდა ზვიად კერესელიძე, ხოლო მოხსენებების შემდეგ დისკუსია წარიმართა ჩაფიძის გულის ცენტრის ექიმის, მარიამ ლომიძის მიერ.
პოსტერ პრეზენტაცია:
29 და 30 აგვისტოს გაიმართა პოსტერ პრეზენტაციები მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის და გულის გადანერგვის და გულის უკმარისობის მართვის გამოწვევების შესახებ, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი.
კონგრესის მთავარი მიგნებები და სიახლეები
მადრიდის კონგრესზე არაერთი მნიშვნელოვანი მოხსენება და პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა პრაქტიკული ღირებულებით, ინოვაციურობითა და ახლებური ხედვით.
როგორც ზვიად კერესელიძე აღნიშნავს, “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო მენტალური ჯანმრთელობისა და კარდიოვასკულური დაავადების მართვის გაიდლაინის გამოქვეყნება. ასევე, უნდა აღინიშნოს ორსულებში კარდიოვასკულური დაავადების ახალი გაიდლაინის არსებობაც. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ყოველთვის HOTLINE სესიები, სადაც წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი კვლევების შედეგები. საბოლოო ჯამში, ამ კვლევებზე დაყრდნობით იცვლება რეკომენდაციები გაიდლაინებში და ძალიან საინტერესოა მათი მიმოხილვის პროცესზე დასწრება და ექსპერტების მოსაზრებების მოსმენა. ბოლო პერიოდში მოიმატა ინტერესმა ხელოვნური ინტელექტის მედიცინაში გამოყენების შესახებ, ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე იყო.”
წლევანდელი კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხუთი ახალი გაიდლაინის წარდგენა იყო, რომელიც კარდიოლოგიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვან სიახლეებს გვთავაზობს. „ორი ახალი გაიდლაინი (მენტალური ჯანმრთელობა, ორსულობა და კარდიოვასკულური დაავადებები) იყო ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი ჩვენი დარგისთვის, ხოლო ამ მდგომარეობის მქონე პაციენტების დაავადების მართვის მიმართულებით კი ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. სამი გაიდლაინის განახლება თავისთავად მოიცავდა ახალ რეკომენდაციებს დიაგნოსტიკურ და თერაპიულ ასპექტებში პაციენტებში დისლიპიდემიით, სარქვლოვანი დაავადებით, მიოკარდიტითა და პერიკარდიტით“, — აცხადებს ზვიად კერესელიძე და დასძენს, რომ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაცია და გულის უკმარისობის ასოციაცია გეგმავს სამეცნიერო კონფერენციებსა და შეხვედრებს, რათა არსებული სიახლეები გააცნონ და დანერგონ საქაღველოში.
მიმდინარე პროექტები და პერსპექტივები
წლიდან წლამდე იზრდება კონგრესის სამეცნიერო აქტივობებში ჩართული ქართველი ექიმების რაოდენობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ იზრდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ.
მიმდინარე პროექტებიდან ხაზგასასმელია საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების თანამშრომლობა კარდიოლოგიური, მათ შორის ინტერვენციული და სტრუქტურული დაავადებების სტატისტიკური მონაცემების სრულყოფისა და ანალიტიკის კუთხით.
ამ მიმართულებით მიმდინარე კონგრესის ფარგლებში საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდეტს, ზვიად კერესელიძეს ჰქონდა შეხვედრა, რომელიც ევროპის პერკუტანული კარდიო-ვასკულური ინტერვენციის ასოციაციის მიერ იყო ორგანიებული. სამუშაო შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები, პროექტები და გამოითქვა მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ზვიად კერესელიძის თქმით, „ჩვენი საზოგადოება, დარგობრივი ასოციაციები ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში შესაბამის ჯანდაცვის სტრუქტურებთან, რათა გავაუმჯობესოთ მონაცემთა ბაზებიდან სპეციფიკური ინფორმაციის შეგროვება. ასევე, იგეგმება ახალი გაიდლაინების გზამკვლევი პროტოკოლების გადათარგმნა ქართულ ენაზე და მათი გავრცელება სამედიცინო საზოგადოებისთვის.”

