რობოტული ინტუბაციის მეთოდი ენდოტრაქეალურ პროცედურას ამარტივებს

გააზიარე

სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია გადაუდებელ მედიცინაში. ჟანგბადის მიწოდების გარეშე, სხვა პროცედურები ხშირად უშედეგოა. თუმცა, ენდოტრაქეული ინტუბაცია გამოცდილი კლინიცისტებისთვისაც კი რთულ და რისკის შემცველ პროცედურად რჩება.

გადაუდებელი დახმარების ოთახებსა თუ საველე პირობებში, სამედიცინო პერსონალს ხშირად უწევს მუშაობა ექსტრემალურ გარემოში: ცუდი განათება, პაციენტის სხეულის მდგომარეობა, ტრავმით გამოწვეული გართულებები ან ბლოკირებული სასუნთქი გზები. ამ ტიპის გამოწვევები მნიშვნელოვნად ამცირებს ინტუბაციის წარმატების მაჩვენებლს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSB) მკვლევრებმა, შესაძლოა, გამოსავალს მიაგნეს. ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, UCSB-ის მკვლევრებმა, დეივიდ ჰეგერტიმ, ელიოტ ჰოუკსმა და სხვებმა, წარმოადგინეს არაელექტრონული, რბილი რობოტული ინტუბაციის სისტემა (SRIS), რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სწრაფად და ავტონომიურად მოახდინოს სასუნთქი მილის ტრაქეაში შეყვანა.

ტრადიციული ხისტი ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც იძულებით მანიპულაციასა და ანატომიის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, SRIS (რბილი რობოტული ინტუბაციის სისტემა) იყენებს ინოვაციურ მეთოდს. ეს მილი კონტროლირებად გაფართოებას განიცდის და ნავიგაციას მოქნილად ახორციელებს სასუნთქ გზებში. აღნიშნული მეთოდი ამცირებს ქსოვილების დაზიანების რისკს და ბუნებრივად ეხამება პაციენტის სასუნთქი გზების ზომისა და სტრუქტურის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

ჩატარებული ექსპერიმენტების ფარგლებში, SRIS-მა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. კვლევის მიხედვით, ექსპერტმა მედიკოსებმა მიაღწიეს 100%-იან წარმატებას ინტუბაციის პროცესში სულ რაღაც რამდენიმე  წამში. ამავდროულად, ნაკლები გამოცდილების მქონე მედიკოსებმა, ხუთწუთიანი მინიმალური მომზადების შემდეგ, 96%-იანი წარმატების მაჩვენებელი დააფიქსირეს. ეს შედეგები აღემატება თანამედროვე ვიდეო-ლარინგოსკოპების შესაძლებლობებს როგორც ეფექტურობით, ასევე პროცედურის სისწრაფით.

ინოვაციური დიზაინისა და ეფექტიანობის გარდა, ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს ინფექციების გავრცელება. ვინაიდან SRIS-ის გამოყენებისას მედიკოსებს არ უწევთ პაციენტის სასუნთქ გზებთან პირდაპირი, ახლო კონტაქტი, ეს ამცირებს როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პანდემიების დროს, როგორიცაა, მაგალითად, COVID-19.

„ტრადიციული ხელსაწყოები ფუნდამენტურად შეზღუდულია ნაზ, მოხრილ ანატომიაში ნავიგაციისას,“ — განაცხადა ჰოუკსმა. „ჩვენი რბილი რობოტული მიდგომა საშუალებას აძლევს მოწყობილობას, მოერგოს გარემოს, რაც მას უფრო სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის გამოსაყენებლად.“

გუნდის შემდეგი ნაბიჯი კლინიკური ტესტირებაა, რათა მიიღონ FDA-ის ნებართვა. წარმატების შემთხვევაში, მოწყობილობას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს გადაუდებელ მედიცინაში, რადგან მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად მილიონობით ინტუბაცია ტარდება. საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა, SRIS ფასდაუდებელი შეიძლება აღმოჩნდეს სამხედრო მედიცინაში.

წყარო: Science Translational Medicine

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები