კვლევა: როგორ იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი გაფანტულ სკლეროზს

გააზიარე

მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს იმის ამოსახსნელად, თუ რატომ იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) ზოგიერთ ადამიანში გაფანტულ სკლეროზს (MS), მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ვირუსის მატარებელია, მაგრამ ჯანმრთელია. 

კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი მიზეზი გენეტიკურ ფაქტორში, კერძოდ კი HLA-DR15 მოლეკულაში იმალება. აღნიშნული მოლეკულა იმუნური სისტემის ერთგვარი „გუშაგია“, რომელიც უჯრედის ზედაპირზე გამოდის და ორგანიზმს მიანიშნებს რა ხდება უჯრედის შიგნით.

როდესაც EBV-ით ინფიცირებული B-უჯრედები HLA-DR15 გენეტიკურ პაკეტს ფლობენ, ვირუსი მათ გენეტიკურ პროგრამას ისე ცვლის, რომ უჯრედის ზედაპირზე მიელინის ცილა ჩნდება. ეს პროცესი ბიოლოგიურად უჩვეულოა, რადგან მიელინი მხოლოდ ნერვული ბოჭკოების საიზოლაციო გარსს წარმოადგენს და იმუნურ უჯრედებთან საერთო არაფერი აქვს. ამ „შენიღბვის“ გამო იმუნური სისტემა შეცდომაში შედის, მიელინს საფრთხედ აღიქვამს და საკუთარი ნერვული ქსოვილის წინააღმდეგ ილაშქრებს.

სწორედ ნერვული ბოჭკოების დამცავი გარსის ეს აუტოიმუნური დაშლა ხდება გაფანტული სკლეროზის მიზეზი, რაც საბოლოოდ მხედველობის დარღვევით, კუნთების კონტროლის დაკარგვითა და სენსორული პრობლემებით ვლინდება.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გენეტიკა და ვირუსი არ კმარა დაავადების გამოსაწვევად. MS-ის განვითარებაზე გავლენას ახდენს ინფიცირების დროც – განსაკუთრებით რისკიანია მოზარდობის პერიოდი. გარდა ამისა, ხელშემწყობ ფაქტორებად მოიაზრება ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მოწევა, სიმსუქნე და გარემოს დაბინძურება.

თუმცა, HLA-DR15 რჩება ყველაზე მნიშვნელოვან გენეტიკურ რისკ-ფაქტორად, რადგან გაფანტული სკლეროზის მქონე ყოველი მეორე პაციენტი სწორედ ამ გენეტიკური ფაქტორის მატარებელია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მექანიზმის გაშიფვრა თერაპიული სტრატეგიებისა და ვაქცინების შემუშავების პროცესში ფუნდამენტურ გარდატეხას შეიტანს. მართალია, ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) საყოველთაო გავრცელება პრევენციას თითქმის შეუძლებელს ხდის, თუმცა ადრეულ ასაკში იმუნიზაციამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს დაავადების მწვავე ფორმების, კერძოდ, ინფექციური მონონუკლეოზის თავიდან აცილებაში, რაც პირდაპირპროპორციულად შეამცირებს გაფანტული სკლეროზის (MS) განვითარების რისკს სამომავლოდ.

წყარო: DW

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები