ინტერვიუ დოქტორ კურტ კენელთან
დოქტორი კურტ კენელი არის მეიოს კლინიკის წამყვანი ენდოკრინოლოგი და მენტორი. მისი კლინიკური და აკადემიური საქმიანობა ძირითადად მოიცავს ძვლის ჯანმრთელობის ოპტიმიზაციას, როგორც ცხოვრების წესის ცვლილებით, ისე სამედიცინო მართვის გზით. კერძოდ, მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროა ოსტეოპოროზის (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ტრაბეკულური და კორტიკალური ძვლის დანაკარგით, რის გამოც მაღალია მოტეხილობების რისკი) პრევენცია და მკურნალობა.
მისი სპეციალობა ასევე მოიცავს ძვლისა და კალციუმის კომპლექსური დარღვევების თერაპიულ მართვას, რაც გულისხმობს ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა ზურგის ტვინის დაზიანებები, ხერხემლის დეფორმაციები, კვების დარღვევები და სისტემური დაავადებები. პარალელურად დოქტორი კენელი აქტიურად არის ჩართული პაციენტების განათლებაში, რათა მათ შეძლონ ცხოვრების წესის ცვლილებების ინტეგრირება ინდივიდუალურად შერჩეულ მედიკამენტებთან, რაც მათ საჭიროებებს ოპტიმალურად ესადაგება.
კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, დოქტორი კენელი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამებს მეიოს კლინიკის რეზიდენტებისა და ფელოუებისთვის და აქტიურად თანამშრომლობს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ძვლის სიმტკიცის შეფასების ოპტიმიზაციასა და მოტეხილობის რისკის პროგნოზირებას (ძირითადად ოსტეოპოროზის დროს); ბარიატრიული ქირურგიისა და მედიკამენტური წონის კლების გავლენას ძვლის ჯანმრთელობაზე; და კვებისა და სხეულის წონის კრიტიკულ მნიშვნელობას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიმტკიცის შენარჩუნებისთვის.
დოქტორი კენელი აქტიურად თანამშრომლობს ნეიროქირურგიის, ორთოპედიული ქირურგიისა და რეაბილიტაციის გუნდებთან. კოლაბორაციის მიზანია პრეოპერაციული ძვლის სიმტკიცის შეფასების დახვეწა და ინოვაციური მიდგომების შემუშავება ხერხემლის დაზიანებების/დეფორმაციების მქონე პაციენტთა სამკურნალოდ. მსგავსი მიდგომები აუცილებელია პაციენტთა შედეგების გასაუმჯობესებლად მრავალფეროვან კლინიკურ გარემოში.
მისი სიღრმისეული ექსპერტიზა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა წინ სწევს ოსტეოპოროზისა და ძვლის ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის განვითარებას, წონის მართვის კომპლექსურ საკითხებს და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს მედიცინაში. EndoHub-ის კონფერენციაზე მოგვეცა საშუალება, რომ განგვეხილა ეს საკითხები და გაგვეზიარებინა ღირებული ცოდნა, როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე პაციენტებისთვის.
დოქტორ კენელ, ოსტეოპოროზი ტრადიციულად აღიქმება, როგორც ხანდაზმულთა დაავადება, თუმცა თქვენი კვლევა ხაზს უსვამს მის მჭიდრო კავშირს ცხოვრების წესთან, ქირურგიულ ჩარევებსა და სისტემურ დაავადებებთან. როგორ უნდა შევცვალოთ ამის საფუძველზე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიდგომა კლინიკურ პრაქტიკაში?
ჯანდაცვის მინისტრი ამ დილით შეეხო სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ოსტეოპოროზში გარემოს როლს უკავშირდება. ვფიქრობ, ამ მდგომარეობის დიდი ნაწილი განპირობებულია ჩვენს თანამედროვე ცხოვრების წესში მომხდარი ცვლილებებით, კერძოდ, უმოძრაობითა და არასრულფასოვანი კვებით. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, პრობლემა არ არის მხოლოდ ძვლის ასაკობრივი კარგვა, არამედ ის, რომ ვერ მიიღწევა ძვლის ოპტიმალური მასა ბავშვობასა და მოზარდობაში. თუ ადრეულ ასაკშივე მოვახდენთ ფოკუსირებას ძვლის სწორი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე, ოსტეოპოროზის რისკი შემდგომ ეტაპზე მნიშვნელოვნად შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ზოგიერთი ასპექტი სისტემურ და ჩვენი კონტროლის მიღმა მყოფ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, ცხოვრების წესის პერსპექტივიდან გამომდინარე, პრევენცია აშკარად უფრო ეფექტური სტრატეგიაა, ვიდრე მკურნალობა.
როდესაც ოსტეოპოროზს ვახსენებთ, პირველ რიგში, ქალები გვახსენდება, როგორც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. რა სტრატეგიებით შეუძლიათ ენდოკრინოლოგებს ქალების უფრო ეფექტური მხარდაჭერა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე?
ჩვენ, როგორც წესი, მიგვაჩნია, რომ ქალები ოსტეოპოროზის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რაც უმეტესად ბუნებრივი ფაქტორებით აიხსნება- როგორიცაა მენოპაუზა და ასაკთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. ეს ფაქტორები, ალბათ, უცვლელი დარჩება. მაგრამ ქალის ჯანმრთელობა, როგორც კომპლექსური თემა, უაღრესად მნიშვნელოვანია, და ენდოკრინოლოგებს უპირატესობა აქვთ მენოპაუზასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის განხილვისას, ძვლის ჯანმრთელობის ჩათვლით. თუ სფერო გააგრძელებს ქალთა ჯანმრთელობისა და ჯანსაღი დაბერების მიმართულებით წინსვლას, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოსტეოპოროზის მართვასა და ქალების მხარდაჭერას ასაკის მატებასთან ერთად.
მოდი ვისაუბროთ ბარიატრიაზე. ის პაციენტებისთვის მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა, თუმცა უარყოფითად მოქმედებს ძვლის სიმტკიცეზე. რა ძირითადი გამოწვევები რჩება ამ რისკების დაბალანსების კუთხით, და როგორ შეცვლის მათი გადალახვა არსებულ მიდგომებს მეტაბოლურ მედიცინაში?
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძვლის ჯანმრთელობაზე ბარიატრიული ქირურგიის გავლენასთან დაკავშირებული შეშფოთება, გავრცელდა წონის კლების ყველა მეთოდზე. GLP-1 თერაპიებისა და მსგავსი მკურნალობის ზრდის ფონზე, იგივე ტენდენცია ფიქსირდება — ძვლის სიმკვრივისა და კუნთოვანი მასის მნიშვნელოვანი კარგვა, რაც ძალიან ჰგავს წონის კლების ოპერაციის შემდგომ პერიოდს. ამდენად, ჩვენ კვლავ ვდგავართ იგივე დილემის წინაშე: წონის კლების აშკარა მოკლევადიანი სარგებელი (მაგ. დიაბეტი და სახსრების ჯანმრთელობა) ძვლის ჯანმრთელობაზე პოტენციური გრძელვადიანი უარყოფითი ზემოქმედების სანაცვლოდ.
ბარიატრიულმა ქირურგიამ გვასწავლა, რომ მთავარია არა მხოლოდ წონაში დაკლება, არამედ კლების გრძელვადიანი შენარჩუნება. რადგან როდესაც ადამიანები წონას იბრუნებენ (რაც სამწუხაროდ, ხშირია), ისინი ვერ აღიდგენენ ძვლის სიმკვრივეს. ეს არის ძირითადი საზრუნავი, რომელიც GLP-1 თერაპიის ახალ ეპოქაშიც აქტუალურია: იმ პირებში, რომლებიც წონის კლებისა და ხელახლა მომატების განმეორებით ციკლებს გადიან, დროთა განმავლობაში (პოტენციურად წლების შემდეგ) ძვლის “სისუსტის” რისკი იზრდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბარიატრიამ ყურადღება გაამახვილა ძვლის ჯანმრთელობის რისკებზე, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში „წონის ჯანსაღი მართვა“ – მიღწეული იქნება ეს ქირურგიით, მედიკამენტებითა თუ სხვა მიდგომებით – და რა გზით არის შესაძლებელი ამის გაკეთება ისე, რომ შენარჩუნდეს ძვლისა და კუნთოვანი სისტემის მთლიანობა ასაკის მატებასთან ერთად.
წონის კლებისადმი მზარდი ობსესია შეინიშნება მრავალ სფეროში. ხედავთ თუ არა უახლოესი 5-10 წლის მანძილზე გარღვევას იმ თერაპიებში, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის წონის კლებას და დაეხმარება ადამიანებს შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებაში?
რასაკვირველია. ვფიქრობ, რომ ეს მომენტი მართლაც განსაკუთრებულია – არა მხოლოდ იმ კლინიკური სიახლეების გამო, რაც ხელმისაწვდომი ხდება, არამედ იმიტომაც, რომ იზრდება საფუძვლიანად ბიოლოგიისა და საბაზისო მეცნიერების გაგება. ეს შთამბეჭდავია. მე მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ კვლავ ვიხილავთ ინოვაციურ მიდგომებს – არა მხოლოდ წონის მართვის ქცევითი და ბიოლოგიური ასპექტების, არამედ სხეულის შემადგენლობის ოპტიმიზაციის მიმართულებითაც, სადაც მეტი აქცენტი გაკეთდება ძვლისა და კუნთოვან ჯანმრთელობაზე და არა მხოლოდ ცხიმოვანი მასის შემცირებაზე. თუმცა კომპლექსური საკითხები: იქნება თუ არა ეს ფინანსურად ხელმისაწვდომი და ფართოდ დანერგილი? კვლავაც იარსებებს თუ არა აღრევა წონისა და ჯანმრთელობის ცნებებს შორის? სხეულის იმიჯისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სამომავლოდ იქნება გადასაწყვეტი. მიუხედავად ამისა, მომავალი ძალიან ნათელია ბარიატრიული მედიცინით დაინტერესებული ექიმებისთვის, რადგან ფუნდამენტური მეცნიერება არსებითად განვითარდა, განსაკუთრებით ჩვენს ცოდნაში მადის რეგულირებისა და სხვა ძირითადი, ადრე ნაკლებად შესწავლილი მექანიზმების შესახებ. ამ მხრივ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
ვშორდებით თუ არა ქირურგიულ ჩარევას, როგორც წონის მართვის პირველად მიდგომას?
აბსოლუტურად, ათასი პროცენტით. ვფიქრობ, ეს უჩვეულო მოვლენა არ არის. მედიცინის მრავალ სფეროში ქირურგია იყო ანატომიისა და ფიზიოლოგიის უკეთ გაგების საფუძველი, ამიტომ მის მნიშვნელობას ვერ დავაკნინებთ. ადრე წყლულების სამკურნალოდ მრავალ კუჭის ოპერაციას ვატარებდით, ახლა კი მას მედიკამენტებით ვმკურნალობთ. თუმცა, ქირურგიული გამოცდილებიდან ბევრი რამ ვისწავლეთ კუჭის ფუნქციისა და ფიზიოლოგიის შესახებ. ანალოგიურად, ბარიატრიული ქირურგია – როგორც ახლა ცნობილია, მეტაბოლური ქირურგია – სავარაუდოდ, კვლავ შეინარჩუნებს თავის როლს. თუმცა, როგორც უკვე ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისი გამოყენება მცირდება ახალი თერაპიების გაჩენის ფონზე.
მეტაბოლური ქირურგიის მთავარი არგუმენტი დღეს არის ის, რომ მას გააჩნია უფრო მდგრადი ეფექტი წონის გრძელვადიან მართვაზე, მედიკამენტებთან შედარებით, რომელთა ხელმისაწვდომობა ან დანიშნულების დაცვა შესაძლოა არ იყოს იოლი. მიუხედავად ამისა, რადგან მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი ხდება ხანგრძლივი გამოყენებისთვის, ბევრი ახალგაზრდა ქირურგი, რომელსაც ვიცნობ, ნაკლებად არის მოტივირებული, რომ მეტაბოლურ ქირურგიაში გააგრძელოს კარიერა, რადგან ისინი ამ სფეროში გრძელვადიან პერსპექტივას ვერ ხედავენ. მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროცედურული წონის მართვით, სავარაუდოდ, ენდოსკოპისტები შეასრულებენ გაცილებით დიდ როლს. მიმაჩნია, რომ ეს სფერო კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რადგან ახალი ფარმაკოლოგიური თერაპიები რადიკალურად ცვლიან მკურნალობის მთელ სტრატეგიას.
მულტიდისციპლინურ გუნდთან (ქირურგია, რეაბილიტაცია) კოლაბორაციის ფარგლებში, თქვენი ძვლის სიმტკიცის შეფასების სისტემა უპირისპირდება ტრადიციულ პარადიგმებს, რომლებიც მიჯნავენ ენდოკრინულ მოვლას ქირურგიული შედეგებისგან. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ინტეგრირებული მიდგომის განვითარება?
საინტერესოა, რომ თქვენ ეს კითხვა დასვით. სწორედ გუშინ, ერთმა ქართველმა ზოგადმა ქირურგმა მკითხა ინტერდისციპლინური თანამშრომლობის განსხვავებების შესახებ. ვფიქრობ, ბარიატრიული ქირურგიული პრაქტიკა შეერთებულ შტატებში განვითარდა იმის აღიარებით, რომ მულტიდისციპლინური გუნდის – ენდოკრინოლოგების, ფიზიკური თერაპევტების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების – ჩართულობა მათ მუშაობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. რეალობა ის არის, რომ თავად ქირურგიული ჩარევა არ არის წონის მართვის ურთულესი ნაწილი, არამედ პრეოპერაციული მომზადება და შემდგომი მეთვალყურეობა. ქირურგების უმეტესობა, რომელსაც ვიცნობ, ძლიერ არის მოტივირებული პაციენტთა წარმატებისთვის და ესმის, რომ დადებითი შედეგები მხოლოდ ოპერაციაზე არ არის დამოკიდებული. ეს პერსპექტივა ძალიან ხელსაყრელია იმ ენდოკრინოლოგებთათვის, რომლებიც ბარიატრიული მედიცინით არიან დაინტერესებულნი; მათ შეუძლიათ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულონ როგორც ოპერაციამდე მომზადებაში, ისე პოსტოპერაციულ მეთვალყურეობაში. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ქირურგების უმეტესობა გულწრფელად აფასებს ასეთ თანამშრომლობას, რადგან საბოლოოდ, ეს პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგებს უზრუნველყოფს.
თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია პაციენტის გაძლიერება – დახმარება რისკების გაგებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მეთოდები მუშაობს ყველაზე ეფექტურად იმისთვის, რომ პაციენტებმა ოსტეოპოროზის რისკები რეალურად გაიაზრონ და შესაბამისადაც იმოქმედონ?
ეს შესანიშნავი კითხვაა და ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. მჯერა, რომ ჩვენი, როგორც კლინიცისტების, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, დამაკავშირებელი ხიდის როლი შევასრულოთ ერთ მხარეს არსებულ ცოდნას, მონაცემებს, მტკიცებულებებსა და მეორე მხარეს მდგარ პაციენტს შორის, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ჩვენი როლი არის, მხარი დავუჭიროთ პაციენტებს ამ პროცესში და უზრუნველვყოთ მათი აქტიური მონაწილეობა. ცოდნა ძალაა. ჩვენი მოვალეობაა, პაციენტებს ავუხსნათ, რა არის ოსტეოპოროზი და კონკრეტულად რა გავლენა აქვს ამ დაავადებას მათ პირად ცხოვრებაზე.
გარდა ამისა, კლინიცისტების მოვალეობაა, სიღრმისეულად შეისწავლონ თითოეული პაციენტის ღირებულებები: მათი ცხოვრებისეული მიზნები, მოტივაცია და ის, თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს ოსტეოპოროზი ამ ასპექტებზე. მიმაჩნია, რომ ეს მთავარი წინაპირობაა იმისა, რომ ენდოკრინოლოგებმა შეძლონ პაციენტების დახმარება. ვთვლი, რომ თუ პაციენტი გააზრებულ და ინფორმირებულ გადაწყვეტიელბას იღებს, ეს საუკეთესო მიდგომაა, მაგრამ თუ არჩევანი შიშზე, პესიმიზმზე ან მკურნალობის სარგებლის არასწორ გაგებაზეა დაფუძნებული, ეს საგანგაშოა. ოსტეოპოროზის მართვაში ენდოკრინოლოგის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დააკავშიროს თეორია პრაქტიკასთან – მიიღოს სამეცნიერო ინფორმაცია და ადაპტირება მოახდინოს ისე, რომ კონკრეტული პაციენტისთვის იყოს გასაგები და გამოსადეგი. ეს, ჩემთვის, ჩვენი საქმიანობის მთავარი არსია.
და ბოლოს, რა იქნება თქვენი რჩევა მომავალი ენდოკრინოლოგებისა და ზოგადი კლინიცისტებისთვის, ამ სწრაფად ტრანსფორმირებად სფეროში წარმატებული პრაქტიკის შესახებ?
ვფიქრობ, სამართლიანია იმის აღნიშვნა, რომ მედიცინა სწრაფად ვითარდება. ინფორმაციის მოცულობა, რომელიც დღეს არსებობს, უზარმაზარია – რაც დადებითი მოვლენაა – მაგრამ ახალგაზრდა თაობას მოვუწოდებდი, რომ მუდმივად მიანიჭონ უპირატესობა პაციენტზე ორიენტირებულ მოვლას. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არ იქნება საკმარისი, სანამ არ გავიგებთ პაციენტის ინდივიდუალურ ხედვას – მის წარმომავლობას, ღირებულებებსა და სურვილებს. ეს არის ის, რისი ჩანაცვლებაც კომპიუტერს ან ხელოვნურ ინტელექტს (AI) არ შეუძლია. ამის გაკეთება მხოლოდ კლინიცისტს ძალუძს. ამიტომ, მათ ვურჩევდი, რომ ძირითადი აქცენტი სწორედ ამ ასპექტზე გააკეთონ.

