როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?

გააზიარე

დღევანდელობაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ თითქოს დაგვაკარგვინა მისი შერჩევითობის პრინციპით გაცნობის ფუფუნება. სოციალურ ქსელებში ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში ერთდროულად რამდენიმე სფეროში გაეცნოს ზედაპირულ მონაცემებს, რაც ხშირად კომპეტენციის გადაჭარბებულ შეგრძნებას იწვევს. ამგვარი ფრაგმენტული ცოდნა პარალელურად ერთგვარ თავდაჯერებულობასაც წარმოშობს. ავთენტურობის ილუზიით შეფუთულ ინფორმაციას მომხმარებლები მყისიერად ავრცელებენ, რათა სხვებიც არ ჩამორჩნენ „მნიშნელოვან აღმოჩენებს“. სწორედ ამ დინამიკით იქმნება „თვითდეკლარირებულ ექსპერტთა“ უწყვეტი ჯაჭვი.

ამ ფენომენის დასტურად COVID-19-ის პანდემიის გახსენებაც საკმარისია, რომელმაც გლობალური ჯანდაცვის სისტემების გამოცდასთან ერთად, ადამიანთა კრიტიკული განსჯის უნარიც შეამოწმა. სოციალურ ქსელებში კოვიდის “სასწაულმოქმედ” ტრადიციულ სამკურანლო რჩევებს, მყისიერად ენაცვლებოდა ვაქცინის სასიკვდილო თვისებების მხილება. მართლაც, საშიში კომბინაციაა: ოთხ კედელში გამომწყვდეული ადამიანები, შეიარაღებული ინფორმაციის უწყვეტი ნაკადით. საბოლოოდ კი მივიღეთ საზოგადოება, რომელიც თავისდა უნებურად გახდა „განსწავლული“ ჯანდაცვის სფეროში და პარადოქსულად – ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობით სავსე.

წყარო: 2025 Edelman Trust Barometer

და მაინც ვინ ცდილობს ჩვენს მოტყუებას?

ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია არა მხოლოდ დეზინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება, არამედ მთელი ინფორმაციული ეკოსისტემის სიღრმისეული ანალიზიც. ეს არის კომპლექსური ფენომენი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ინფოდემიის (Infodemics) ტერმინით განსაზღვრავს.

თავისი არსით, ინფოდემია არის „ინფორმაციის ჭარბი მოცულობა – მათ შორის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი შინაარსის – რომელიც დაავადების აფეთქების დროს ვლინდება და ართულებს სანდო წყაროებისა და სარწმუნო რეკომენდაციების მოძიებას“ (WHO 2020). იგი არ შემოიფარგლება მიზინფორმაციით (უზუსტო ინფორმაცია, რომელიც უნებლიედ ვრცელდება) ან დეზინფორმაციით (განზრახ გავრცელებული არასწორი შინაარსის მატარებელი), არამედ მოიცავს ინფორმაციის მთელ ეკოსისტემას – ფიზიკურ და ციფრულ სივრცეს, რომელზეც სოციალური, კულტურული და სტრუქტურული ფაქტორები მოქმედებს.

Sylvie Briand, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ეპიდემიებისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის პროგრამას ხელმძღვანელობს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: „პიროვნების ინფორმაციული ეკოსისტემა რთულად სტრუქტურირებული და ცვალებადია; მასზე ზემოქმედებს ჯანდაცვის სისტემებთან ინტერაქციები, სოციალური ქცევები და სტრუქტურული შეზღუდვები, რომლებიც ხელმისაწვდომობას აბრკოლებს“. საგანგებო სიტუაციებში ინფორმაციის ძიების გაძლიერებული პროცესი და მისი შექმნის ინტენსივობა ართულებს სიტუაციას, რაც ფაქტობრივად შლის ზღვარს სანდო და არასანდო კონტენტს შორის და ამავდროულად აფერხებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას.

ინფოდემიის მასშტაბურობა COVID-19-ის პანდემიის დროს გამოვლინდა: სამეცნიერო მტკიცებულებების სწრაფად წარმოებულმა უპრეცედენტო მოცულობამ გადააჭარბა საზოგადოების აღქმისა და ათვისების შესაძლებლობებს. სანდო ინფორმაცია სენსაციურ მედიასა და პოლარიზებულ დისკურსს შორის დაიკარგა, რამაც უნდობლობის გაღვივებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამ ინფორმაციულმა ქაოსმა “დაამახინჯა” რისკის აღქმა და საგრძნობლად შეამცირა სამედიცინო რეკომენდაციებისადმი მორჩილება, რაც დამაჯერებლად აჩვენებს ინფოდემიის მასშტაბურ ზემოქმედებას საზოგადოებრივ ქცევაზე.

დეზინფორმაციის მავნე გავლენა

ინფოდემია მასშტაბური საფრთხის მატარებელია. ინდივიდუალურ ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის (მაგალითად, პანდემიის ადრეულ ფაზაში ირანში დაფიქსირებული მეთანოლით მოწამვლის ტრაგიკული შემთხვევები) გარდა, ის ამცირებს ჯანდაცვის სისტემებისადმი ნდობას.

მცდარი ან შეცდომაში შემყვანი კონტენტი ასევე აძლიერებს ვაქცინისადმი უნდობლობას და ხელს უწყობს მის აღქმას, როგორც პოტენციურ საფრთხეს ინდივიდუალური ჯანმრთელობისთვის. ეს ტენდენცია ნათლად გამოვლინდა WHO-სა და ევროკომისიის მიერ COVID-19-ის მონიტორინგის ფარგლებში.

კრიტიკულია იმის გააზრება, რომ კონსპირაციული თეორიებით გაჯერებული ნარატივები ხშირად „დახურულ საინფორმაციო სივრცეს ქმნის“, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ფაქტობრივ კორექციას, ვინაიდან ამგვარ შეხედულებებში ჩართულია პოლიტიკური, კულტურული და პიროვნული იდენტობის ელემენტები. ევროკომისიის ვაქცინის დეზინფორმაციის ქვეჯგუფი ასახავს, თუ როგორ ვრცელდება ეს რთულად გადაჯაჭვული ნარატივები სოციალურ ჯგუფებში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ინსტიტუციურ რეაგირებას და საჭიროებს მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო სტრატეგიებს.

წყარო: A community toolkit for addressing health misinformation
ნდობა, როგორც ფუნდამენტური ასპექტი სამედიცინო კომუნიკაციაში

ნდობა წარმოადგენს უნიკალურ სოციალურ კაპიტალს ეპიდემიებისა და ინფოდემიების კონტექსტში. ეს ნდობა კონტექსტზეა დამოკიდებული და მერყეობს ლიდერების ქმედებების, კომუნიკაციის ხარისხისა და კულტურული რეზონანსის შესაბამისად. ნდობის ნაკლებობა უშუალოდ იწვევს წინააღმდეგობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ღონისძიებების (PHSM) მიმართ, რაც ხაზს უსვამს გზავნილების ავთენტურობისა და კულტურული ადეკვატურობის კრიტიკულ საჭიროებას.

წყარო: 2025 Edelman Trust Barometer

ჯანდაცვის პროფესიონალები მუდმივად გვევლინებიან, როგორც საკვანძო, სანდო მესენჯერები. Klaudia Paula Czorniej მიერ ჩატარებული ხარისხობრივი კვლევა, რომელიც ფოკუსირებული იყო ჯანდაცვის პროვაიდერსა და პაციენტს შორის ნდობის შესწავლაზე, ხაზს უსვამს კომპეტენციას, პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებას, როგორც საკვანძო შუამავალ ფაქტორებს, დეზინფორმაციის გავლენასა და პაციენტის მორჩილებას შორის.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიები და სირთულეები

დეზინფორმაციის უარყოფა (Debunking) რჩება მოწინავე სტრატეგიად, თუმცა მას აქვს გარკვეული შეზღუდვებიც. Emily Vraga, მინესოტას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ჰაბარდის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თანაავტორებთან ერთად აჯამებს: მიუხედავად იმისა, რომ „კორექციას შეუძლია მცდარი შეხედულებების შესუსტება ფაქტობრივ საკითხებზე, დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელების შეცვლა უფრო მდგრადია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია პიროვნულ იდენტობასთან არის დაკავშირებული“.

წყარო: A community toolkit for addressing health misinformation

ამ კორექციის ეფექტურობის გასაზრდელად და პარალელურად საპირისპირო (ბუმერანგის) ეფექტების შესამცირებლად, REACT წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის ჩარჩოს.

Repetition – გამეორება

Empathy – ემპათია

Alternative explanations – ალტერნატიული განმარტებები

Credible sources – სანდო წყაროები

Timeliness – დროულობა

მიუხედავად ამისა, კორექციის ერთეულ სტრატეგიას არ შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელების სისწრაფესთან გამკლავება. „გავლენის განგრძობითი ეფექტი“ (როდესაც მცდარი ინფორმაცია კორექციის მიუხედავად განაგრძობს კოგნიტური აღქმის ფორმირებას) და „მძინარე ეფექტი“ (როდესაც კორექცია დროთა განმავლობაში კარგავს ეფექტურობას) მოითხოვს პროაქტიულ, კომპლემენტარულ ინტერვენციებს.

ფსიქოლოგიური “აცრა”

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა „ფსიქოლოგიური აცრის“ კონცეფცია, რომელსაც წინასწარი უარყოფა (Prebunking) ეწოდება. ეს მეთოდი იყენებს „აცრის თეორიას“: Jon Roozenbeek (კოგნიტური და სოციალური ფსიქოლოგი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) და თანაავტორები განმარტავენ, რომ თუ ადამიანს წინასწარ გააცნობ დეზინფორმაციის “დასუსტებულ” ან უარყოფილ ნიმუშებს, ის „გონებრივ ანტისხეულებს“ გამოიმუშავებს. ეს კი მას აძლიერებს, რომ მომავალში წინააღმდეგობა გაუწიოს უფრო ძლიერ მცდარ გზავნილებს.

ამ პრინციპის პრაქტიკული გამოყენებაა თამაშით სწავლება (გეიმიფიკაცია). მაგალითად, ინტერაქციულმა თამაშმა „ცუდი ამბები“ (Bad News), სადაც მოთამაშეები თავად ხდებიან დეზინფორმაციის შემქმნელები და სწავლობენ მანიპულაციის ტექნიკებს, აჩვენა ხანგრძლივი ეფექტი დეზინფორმაციის, მათ შორის კონსპირაციული თეორიების, ამოცნობის უნარის გაუმჯობესებაში.

გარდა ამისა, დაცვის ეს სტრატეგია ქმნის ერთგვარ „ფსიქოლოგიურ კოლექტიურ იმუნიტეტს“. ამ მექანიზმს შეუძლია გადაასწროს დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც მას, მოსახლეობის მასშტაბით, მდგრადობის უაღრესად პერსპექტიულ მოდელად აქცევს.

ციფრული პლატფორმები და ტექნოლოგიური გამოწვევები

ციფრული პლატფორმები ორმაგ როლს ასრულებენ. ისინი ცდილობენ დეზინფორმაციის შეჩერებას ფაქტების გადამოწმებით, ალგორითმებითა და ანგარიშების დაბლოკვით, მაგრამ ეს მცდელობები ყოველთვის ეფექტური არ არის.

Lewandowsky (კოგნიტური მეცნიერი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, რომლის სპეციალიზაციაა დეზინფორმაცია, მეხსიერება და დემოკრატია ციფრულ ეპოქაში) და თანაავტორები გვთავაზობენ ტექნოლოგიურ დიზაინის შეცვლას (ტექნოკოგნიტური რედიზაინი): ფსიქოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, პლატფორმის დიზაინი ისე უნდა შეიცვალოს, რომ შეანელოს მცდარი ინფორმაციის გავრცელების ტემპი და მომხმარებლებს გაზიარებამდე კრიტიკული შეფასება მოსთხოვოს. თუმცა, ამ ცვლილებების სრულად განსახორციელებლად საჭიროა მუდმივი ზეწოლა საზოგადოებისა და მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან.

შეუძლებელია ციფრულ სამყაროზე საუბარი ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმების გარეშე, რომელიც სულ უფრო აქტიურად გამოიყენება მომხმარებლების მიერ სიმპტომებისა და მკურნალობის გადასამოწმებლად. მიუხედავად AI-ის ოპერატიული რეაგირების მიმზიდველობისა, ეს ტენდენცია ფარულ საფრთხეებსაც შეიცავს. აუცილებელია, რომ მომხმარებელმა AI მხოლოდ დამხმარე წყაროდ აღიქვას და არ შეეცადოს მისი გამოყენებით ექიმის ჩანაცვლებას.

წყარო: 2025 Edelman Trust Barometer

რაც უფრო ხშირად ხვდება მომხმარებელი მომხიბლავ ნარატივებს (მაგ., „AI-ის დახმარებით პაციენტმა დროულად გაიგო მისი ავადმყოფობის შესახებ…“), მით უფრო მკაფიოდ უნდა ახსოვდეს, რომ ამ წარმატებული შემთხვევების პარალელურად, არსებობს ფაქტებიც, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გაზიარებული მცდარი რეკომენდაცია ადამიანისთვის სავალალო აღმოჩნდა.

საბოლოოდ, არც ერთი მხარის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი თუ არ გაძლიერდა მულტისექტორული პარტნიორობა – ჯანდაცვის, პოლიტიკის, ტექნოლოგიური სექტორების, მედიისა და მეცნიერების ჩართულობით – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დეზინფორმაციის მუდმივი ცვლილებებისა და გლობალური გავრცელების ფონზე, ჩვენი სტრატეგიები უნდა ადაპტირდეს/ეფუძნებოდეს სამეცნიერო ფაქტებს, ეთიკურ პრინციპებსა და სოციალურ კონტექსტს.

კრიტიკული განსჯის უნარის განვითარებით, აღარ გახდებით მარტივი სამართავები და იქნებ თავადაც შეძლოთ იმ შემაწუხებელ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ მაინც ვინ ცდილობს თქვენს მოტყუებას.

წყაროები: Navigating information space: the role of health-care providers in the health-information journey of patients – The Lancet

Managing infodemics in 21st century – Tina D. Purant, Tim Nguyen, Sylvie Briand

Effects of the Modern Digital Information Environment on Maternal Health Care Professionals, the Role of Midwives, and the People in Their Care: Scoping Review – JMIR Publications

AI Tools in Society: Impacts on Cognitive Offloading and the Future of Critical Thinking – MDPI

Advancing infodemic management in risk communication and community engagement in the WHO European Region: implementation guidance

The psychological drivers of misinformation belief and its resistance to correction – nature

2025 Edelman Trust Barometer – Special Report; Trust and Health

A Community Toolkit for Addressing Health Misinformation – Public Health Service

How I became easy prey – science

Using AI chatbots (e.g., CHATGPT) in seeking health-related information online: The case of a common ailment – ScienceDirect

Understanding the complex links between social media and health behaviour – thebmj







გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები