ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR): თანამედროვე მედიცინის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და GLASS 2025-ის პრიორიტეტები

გააზიარე

მიკროორგანიზმების რეზისტენტობის ზრდა მნიშვნელოვნად ართულებს ინფექციური დაავადებების მკურნალობას და ზრდის გართულებების რისკს ისეთ სამედიცინო ჩარევებში, როგორებიცაა: ქირურგიული ოპერაციები, საკეისრო კვეთა,  ქიმიოთერაპია და სხვა.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიო ანტიბიოტიკების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის კრიზისის წინაშე დგას, რაც  გადაუდებელ ღონისძიებებს საჭიროებს.  მოწოდებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენება და პრევენციული ზომების გაძლიერება, რათა შენარჩუნდეს პრეპარატის ეფექტიანობა და შემცირდეს ანტიბოტიკებზე რეზისტენტული ბაქტერიების ჩამოყალიბება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2025 წლის შეფასებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობა სიკვდილიანობის ერთ-ერთ  მიზეზად რჩება. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობა  დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც 2021 წელს ბაქტერიულ რეზისტენტობასთან ასოცირებული გარდაცვალების მაჩვენებელი 1.14 მილიონ შემთხვევას შეადგენდა. WHO-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა მსოფლიოს მასშტაბით 2018-2023 წლებში 40%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობას და ართულებს ინფექციური დაავადებების მკურნალობას. უახლესი მონაცემებით, განსაკუთრებით საგანგაშოდ მომატებულია ანტიბიოტიკებზე გრამუარყოფითი ბაქტერიების რეზისტენტობა.  მათ შორის არიან ისეთი მიკროორგანიზმები, როგორებიცაა: აცინეტობაქტერი(Acinetobacter), ეშერიხია კოლი(Escherichia coli), კლებსიელა პნევმონია (Klebsiella pneumoniae), ფსევდომონა(Pseudomonas aeruginosa)და სხვა.

გლობალური ტენდენციები:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ლაბორატორიულად დადასტურებული ბაქტერიული ინფექციებიდან ყოველი მეექვსე შემთხვევა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული აღმოჩნდა. დადგენილია, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობის ყოველწლიური ზრდის ტემპი საშუალოდ 5-15%-ს შეადგენს, რაც გლობალური ჯანდაცვისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. რეზისტენტობის გავრცელება განსაკუთრებით მაღალია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, სადაც ინფექციების ყოველი სამი შემთხვევიდან ერთი რეზისტენტული შტამითაა გამოწვეული. აღნიშნული ტენდენციის ფონზე, WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა აღნიშნა: „ანტიმიკრობული რეზისტენტობა უსწრებს თანამედროვე მედიცინის პროგრესს და საფრთხეს უქმნის ოჯახების ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში.“

განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა გრამუარყოფითი ბაქტერიული პათოგენების გავრცელების მხრივ იმ ქვენყებში, რომლებსაც ნაკლები რესურსი აქვთ რეზისტენტობის წინააღმდეგ ეფექტური რეაგირებისთვის. განვითარებად ქვეყნებში წამყვანი როლი უკავია აცინეტობაქტერიას, ეშერიხია კოლსა და კლებსიელა პნევმონიას. ბაქტერიებს, რომლებიც ხშირად იწვევენ სისხლის მიმოქცევის ინფექციებს, სეფსისს, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს.

ფტორქინოლონებისა და მესამე თაობის ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტობა დაფიქსირდა ეშერიხია კოლის 44.8%-ში, ხოლო კლებსიელა პნევმონიას 55.2%  შემთხვევაში. განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა აფრიკის რეგიონში, სადაც აღნიშნული ბაქტერიების რეზისტენტობის დონე 70%-ს აჭარბებს.

ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შემოიღო სპეციალური კლასიფიკაციის სისტემა, სახელწოდებით „AWaRe“ (Access, Watch, Reserve). აღნიშნული სისტემის მიზანია ანტიბიოტიკების გონივრულ გამოყენება და გლობალური ზედამხედველობის გამკაცრება მათი დანიშნულების მიხედვით.

AWaRe“ კლასიფიკაციის მიხედვით, ანტიბიოტიკები იყოფა სამ ძირითად ქვეჯგუფად:

  1. დაშვებული ჯგუფი( Access ) -ამ კატეგორიაში შედის ანტიბიოტიკები, რომელთა გამოყენება მიზანშეწონილია ემპირიული თერაპიის დასაწყისში, როგორც პირველადი ან მეორადი არჩევანი ფართოდ გავრცელებული ინფექციების სამკურნალოდ. ამ ჯგუფის ანტიბოტიკებს აქვთ შედარებით დაბალი რისკი რეზისტენტობის განვითარების თვალსაზრისით.  ჯგუფში შედის ვიწრო სპექტრის, შედარებით ხელმისაწვდომი და უსაფრთხო პრეპარატები, ესენია: ამოქსიცილინი, პენიცილინი, კოტრიმოქსაზოლი, პირველი თაობის ცეფალოსპორინები და ამინოგლიკოზიდების უმეტესობა. მათი ფართო ხელმისაწვდომობა და გონივრული გამოყენება გადამწყვეტია, როგორც მკურნალობის ეფექტურობის გასაზრდელად, ისე რეზისტენტობის განვითარების შესამცირებლად.
  2. დასაკვირვებელი ჯგუფი( Watch ) -აღნიშნული კატეგორია მოიცავს უფრო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, რომლებიც ძვირადღირებულია და რეზისტენტობის განვითარების მაღალი რისკის მატარებელია. მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციფიკური კლინიკური ჩვენებისას, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების შემთხვევაში ან მაშინ, როცა პათოგენი პოტენციურად რეზისტენტულია ხელმისაწვდომ პრეპარატებზე.
    ამ ჯგუფში შედის მესამე და მეოთხე თაობის ცეფალოსპორინები (მაგალითად, ცეფტრიაქსონი, ცეფეპიმი), ფტორქინოლონები (ციპროფლოქსაცინი), კარბაპენემები (მეროპენემი) და გლიკოპეპტიდები (ვანკომიცინი).
    WHO-ს რეკომენდაციით, აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება უნდა იყოს მკაცრად კონტროლირებადი და ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მათი დანიშვნა კლინიკურად გამართლებულია, ანტიმიკრობული სტიუარდშიპის ჩარჩოებში.
  3. რეზერვული ჯგუფი( Reserve ) —აღნიშნული კატეგორია მოიცავს ბოლო არჩევნის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ინფექცია გამოწვეულია ბევრ ანტბიოტიკზე რეზისტენტული მიკროორგანიზმებით და სხვა თერაპიული ალტერნატივა არ არსებობს. ამ ჯგუფში შედის ისეთი პრეპარატები, როგორიცაა კოლისტინი, ტიგეციკლინი, ცეფიდეროკოლი, ასევე ახალი ბეტა-ლაქტამი/ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორული კომბინაციები (მეროპენემ-ვაბორბაქტამი, ცეფტაზიდიმი-ავიბაქტამი, ცეფტოლოზინი -ტაზობაქტამი). აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა დაშვებულია მხოლოდ მკაცრი კლინიკური შეფასებისა და მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძველზე, ინფექციონისტის ან შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციის შემდეგ.

მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისა, 2025 წლის მონაცემებით, ბევრი ტოქსიკური ანტიბიოტიკი, როგორებიცაა კარბაპენემები (რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის კრუნჩხვა) და ფტორქინოლონები, კარგავს ეფექტურობას Escherichia coli, Klebsiella pneumoniae და Acinetobacter შტამების წინააღმდეგ. განსაკუთრებით საგანგაშოა კარბაპენემების მიმართ რეზისტენტობის ზრდა. წინა წლებში ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო, თუმცა დღეს აღნიშნული რეზისტენტობის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია. ეს მდგომარეობა იწვევს მკურნალობის სირთულეებს, ვინაიდან პაციენტებს ხშირად უწევთ უკიდურესი, ბოლო არჩევნის ანტიბიოტიკების გამოყენება. პრეპარატების, რომლებიც ხშირად ძვირი და რთულად ხელმისაწვდომია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

 

2015 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო გლობალური სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ინფექციური დაავადებების ეფექტური მკურნალობა და პრევენცია უსაფრთხო მედიკამენტებით. შემდგომ WHO-მ შექმნა GLASS (Global Antimicrobial Resistance and Use Surveillance System), პლატფორმა, რომელიც ემსახურება ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგს, მონაცემების შეგროვებას, ვალიდაციასა და გაზიარებას სამომავლო ეროვნული და გლობალური სტრატეგიებისთვის. 2016 წელს სისტემაში მონაწილეობდა 25 ქვეყანა, ხოლო 2023 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 104-მდე; მიუხედავად ამისა, 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირკვევა,რომ ქვეყნების 48%-მა მონაცემები არ გასცა. ესენია ძირითადად ისეთი ქვეყნები, რომელთაც ყველაზე მაღალი რეზისტენტობის ტვირთი აქვთ და არ გააჩნიათ შესაბამისი შესაძლებლობები.

2024 წლის სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს AMR-ის შემცირების სამ მთავარ პრინციპს:

  1.     ყველა ქვეყანამ უნდა მიაწოდოს GLASS-ს  ანტიმიკრობული წამლების გამოყენების სიხშირისა და რეზისტენტობის შესახებ ინფორმაცია 2030 წლისთვის.
  2.     შესაძლებელი უნდა იყოს ქვეყნებში ყველა ბაქტერიული და სოკოვანი პათოგენის რეზისტენტობის ტესტირება.
  3.     მკაცრი კონტროლი, რის ფონზეც გლობალური AMR-ის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა უნდა შემცირდეს 10%-ით (2019 წლის 4.95 მილიონი შემთხვევის საბაზისო მაჩვენებელზე).

ანტიბიოტიკების მართვის ძირითადი ელემენტები (antimicrobial stewardship)

ანტიბიოტიკების მართვა (Antibiotic Stewardship) წარმოადგენს ორგანიზებულ და სისტემურ ძალისხმევას, რომლის მიზანია ანტიბიოტიკების დანიშვნისა და გამოყენების პროცესის შეფასება და გაუმჯობესება. მნიშნველოვანია ანტიბიოტიკების დანიშვნა იყოს რაციონალური, მიზნობრივი და ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო პრინციპებს.

ქვემოთ მოცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შედგნილი ანტიმიკრობული სტიუარტშიპის მთავარი პრინციპები:

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ზრდამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფექციური პროცესების მართვის სტრატეგია. MedScriptum ესაუბრა პროფესორ ცოტნე სამადაშვილს, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის ხელმძღვანელი და ამავე მიმართულების სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრია. ბატონი ცოტნე აქტიურად ატარებს ვიანის სასწავლო ცენტრში ტრენინგებს სამედიცინი პერსონალისთვის  ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებასა და ანტიბიტოტიკოთერაპიის პრინციპებზე. სწორედ ამ თემიდან გამომდინარე ინტერვიუს მთავარი საკითხებია ემპირიული თერაპიის შერჩევის პრინციპები, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების სტრატეგიები და ჰოსპიტალური ინფექციების მართვის გაუმჯობესების გზები:

ჯანმოს მონაცემებით, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ინფექციების შემთხვევები 40%-ით არის გაზრდილი, განსაკუთრებით, გრამ-უარყოფითი პათოგენების, როგორიცაა Klebsiella pneumoniae და Escherichia coli.
  – რა სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში, რათა შემცირდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და გაუმჯობესდეს პაციენტთა კლინიკური შედეგები?

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემცირების მთავარი სტრატეგიული მიმართულება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანტიბიოტიკოთერაპია, ანუ ანტიმიკრობული სტიუარდშიფის(antimicrobial stewardship) პროგრამების ეფექტური დანერგვა. ეს მოიცავს ოპერაციის წინ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის სწორ დაგეგმვას, ოპერაციის შემდგომი თერაპიის რაციონალიზაციასა და ჰოსპიტალურ ინფექციათა, მათ შორის პნევმონიების და საშარდე გზების ინფექციების, მართვის გაუმჯობესებას. აღნიშნული მიდგომა აუცილებელია, რათა შემცირდეს გადახრები საერთაშორისო გაიდლაინებისგან და დაიცვას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პრინციპები. გლობალური სტიუარდშიფის ჩარჩო ეფუძნება ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებსა და მაღალი ვალიდობის მქონე კვლევებს. შესაბამისად, ყოველი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაა გააცნობიეროს საკუთარი როლი რეზისტენტობის გავრცელების პრევენციაში და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ტენდენციის შესაჩერებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლებისა და ინფორმაციის ხარისხის ამაღლებას მიზნობრივი ტრენინგებითა და უწყვეტი სამედიცინო განათლების გზით შესაბამის პროფესიულ ჯგუფებში.

რა ღონისძიებებია განსახორცელებელი ანტიბიოტიკების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების გასაძლიერებლად საქართველოში?

საჭირო და აუცილებელია თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებობდეს ანტიბაქტერიული თერაპიის გზამკვლევი, ანუ სტიუარდშიფის პრტოკოლი. ყოველი კლინიკა უნდა ფლობდეს საკუთარ სტრატეგიას, რომელიც შეესაბამება და არ სცილდება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც, თუნდაც ერთი შეხედვით, „უვნებელი“ ანტიბიოტიკი გამოიყენება არამიზნობრივად ან დაუფიქრებლად. ვფიქრობ, პოლიკლინიკების დონეზეც უნდა არსებობდეს მკაფიო ანტიბიოტიკების გამოყენების პოლიტიკა, რადგან სწორედ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ხდება ხშირად არასწორი ანტიბიოტიკოთერაპიის ინიცირება. მკაფიო, რესტრიქციული მექანიზმების ამოქმედება უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას და ამცირებს რისკს რეზისტენტული ფლორის ჩამოყალბების. ასევე, როდესაც გვინდა თავი დავიცვათ ბაქტერიული რეზისტენტობისგან, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე მონიტორინგი აუცილებელია. სწორედ ამ ეტაპზე მეთვალყურეობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ჯანდაცვის სფეროში. საქართველოს რეალობაში ხშირია თვითმკურნალობის შემთხვევები, რაც არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ პრობლემადაც იქცევა. ასეთმა პრაქტიკამ უკვე წარმოშვა მძიმე შედეგები, როგორიცაა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ინფექციების ზრდა, რაც მკურნალობის მნიშვნელოვნად გაძვირებას და ჯანდაცვის სისტემის ზედმეტ ფინანსურ დატვირთვას იწვევს.

გარდა ანტიბოტიკების არარაციონალური მოხმარებისა, არსებობს თუ არა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რომლებიც ანტიბოტიკორეზისტენტობის ფორმირებაზე ზემოქმედებენ (მაგ., ჰიგიენის დონის, ინფექციის კონტროლი) ?

ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარება კომპლექსური და მრავალფაქტორული პროცესია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰიგიენური ნორმების დარღვევასა და ინფექციის კონტროლის არასათანადო ხარისხს მნიშვნელოვან როლი აქვს რეზისტენტული ინფექციების გავრცელებაში. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი საავადმყოფოში შედის არარეზისტენტული ფლორით გამოწვეული ინფექციით, თუმცა ჰოსპიტალურ პირობებში, ჰიგიენური წესების უგულებელყოფისა და ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად, ვითარდება რეზისტენტული მიკროფლორა. 

WHO-ს 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია,რომ რეზისტენტობა ვრცელდება არა მხოლოდ ცეფალოსპორინებზე, არამედ კარბაპენემებზეც. პრეპარატებზე, რომლებიც ბოლო რიგის ანტიბიოტიკებად მიიჩნევა ტოქსიკური ეფექტების ფონზე.
–  როგორ უნდა განხორციელდეს ემპირიული თერაპიის შერჩევა ასეთ პირობებში, როდესაც რეზისტენტობა უკვე მაღალტოქსიკური, რეზერვული პრეპარატების მიმართაც ვრცელდება?

რეზისტენტობის გავრცელება უკვე ბოლო რიგის ანტიბიოტიკებზეც, მათ შორის კარბაპენემებზე, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. ასეთ პირობებში ემპირიული თერაპიის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს მიკრობიოლოგიურ მონაცემებსა და  რეზისტენტობის პროფილის მუდმივ ანალიზს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი თერაპიის მიზნობრივი და რაციონალური მართვა. ბევრ ანტიბოტიკზე რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენა დიდწილად სამედიცინო სექტორში არსებული პრაქტიკების შედეგია. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა გლობალურად დაირღვა ანტიბიოტიკების გამოყენების რეგულაციები, ასეთი შტამების გავრცელება საგრძნობლად დაჩქარდა. ბაქტერია მუდმივად ეძებს გადარჩენის გზებს, ეს მისი ბუნებრივი ინსტინქტია. შესაბამისად, როცა ანტიბიოტიკებს არასწორად ვიყენებთ, სწორედ ჩვენ ვაძლიერებთ მათი ადაპტაციის უნარს. მართალია, რეზისტენტობის სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ანტიბიოტიკების მიზნობრივი და კონტროლირებადი გამოყენება ამ პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს და გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ თერაპიული რესურსების ეფექტურობა.

GLASS 2025: გლობალური სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები

GLASS 2025 წელს გამოქვეყნებულ სამომავლო გეგმად ასახელებს ეროვნული AMR მონიტორინგის სისტემების გაფართოებასა და მონაცემთა სანდოობის ზრდას. ეს იქედან გამომდინარეობს, რომ მთელს მსოფლიოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის დონე კვლავ მაღალია და რეგიონებს შორის არათანაბრად არის გადანაწილებული. გრამუარყოფითი პათოგენების მიმართ რეზისტენტობის მატების ფონზე, ორგანიზაციის მიზანია  „ხელმისაწვდომი“ კატეგორიის ანტიბიოტიკების გამოყენების გაზრდა 70%-მდე და „Watch“ ჯგუფის პრეპარატების მოხმარების შემცირება 2030 წლისთვის. ასევე ხაზგასმულია ახალი კვლევებისა და ინვესტიციების საჭიროება კარბაპენემზე რეზისტენტული პათოგენების წინააღმდეგ. ჯანმო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ღარიბ  ქვენყებში და აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში  AMR მონიტორინგი ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა დაინერგოს და ხარისხიან დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში  ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, სოციალური დაცვის გაფართოება და უნივერსალური ჯანდაცვის მექანიზმების გამყარებაც აუცილებელია, რათა შემცირდეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალური ტვირთი.

 წყარო: 

Global antibiotic resistance surveillance report 2025

WHO warns of widespread resistance to common antibiotics worldwide

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები