როგორ შეამცირა მედიკამენტების გარე რეფერენტულმა ფასწარმოებამ ოჯახების ჯანდაცვის ხარჯები საქართველოში?

გააზიარე

ხელმისაწვდომი მედიკამენტები სამართლიანი და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. წამლები ფუფუნება არ არის; ისინი აუცილებელია მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ყოველდღიური კეთილდღეობისთვის. თუმცა, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მრავალ ქვეყანაში, ფარმაცევტული პროდუქტების მაღალი ფასი საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევისთვის ერთ-ერთ უდიდეს ბარიერად რჩება. საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარდა რეფორმები ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად, მედიკამენტების ფასი კვლავ მძიმე ტვირთად აწევს ოჯახებს, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

წინამდებარე კვლევაში მიზნად დავისახეთ გაგვერკვია, თუ როგორ იმოქმედა მთავრობის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ ქართული ოჯახებისთვის მედიკამენტების ღირებულებაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ გაატარა არაერთი ინტერვენცია წამლების ფასების დასარეგულირებლად და მათზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვსურდა დაგვენახა, რამდენად იმუშავა ამ პოლიტიკამ რეალურად და რა სხვაობა მოიტანა მოსახლეობისთვის. ამის დასადგენად, გავაანალიზეთ ოჯახების შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემები 2015-2023 წლების პერიოდში, რომელიც მოიცავდა 88 000-ზე მეტ ოჯახს ქვეყნის მასშტაბით.

მედიკამენტები საქართველოში დიდი ხანია, რაც ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯების უმეტეს ნაწილს შეადგენდა. ყველაზე ღარიბი ოჯახებისთვის ეს მაჩვენებელი მათ ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯის ოთხმოცდაათ პროცენტსაც კი აღწევდა. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური პრობლემა; მას რეალური სოციალური შედეგებიც აქვს. როდესაც ოჯახებს უწევთ ასეთი დიდი თანხის დახარჯვა წამლებზე, ისინი ხშირად გადადებენ მკურნალობას, გამოტოვებენ დოზებს ან ამცირებენ ხარჯებს საკვებზე, განათლებაზე და სხვა აუცილებელ საჭიროებებზე. უამრავი ვალებში ვარდება, ზოგი კი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. მდგომარეობა უარესდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გააფართოვა სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ არსებითად ვერ შეამცირა ამბულატორიული მედიკამენტების ღირებულება. 2022 წლისთვის, დახარჯული თანხები კვლავ შეადგენდა ქვეყნის ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების 40% პროცენტზე მეტს, რაც გაცილებით მაღალია ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე.

ამ გამოწვევის მოსაგვარებლად, მთავრობამ 2017-2023 წლებში სამი ძირითადი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. პირველი იყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა. მისი მიზანი იყო ძირითადი მედიკამენტების სუბსიდირება ისეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა ჰიპერტენზია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტიპი 2 დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები. 2019 წელს პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა პარკინსონის დაავადებისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, პროგრამას პირველ წლებში შეზღუდული ეფექტი ჰქონდა. მისი ბიუჯეტი მცირე, ხოლო მასში ჩართული ადამიანების რაოდენობა ცოტა იყო, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ჰქონოდა ოჯახების ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე.

მეორე ღონისძიება 2022 წლის იანვარში შევიდა ძალაში, როდესაც საქართველომ კომპანიებს თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის ნება დართო. მიზანი ადგილობრივ ბაზარზე იაფი ალტერნატივების გაჩენა იყო. ვინაიდან თურქეთში ფარმაცევტული პროდუქტების ფასები გაცილებით დაბალია, მოსალოდნელი იყო, რომ რეფორმა კონკურენციას გაზრდიდა და ფასებს დაწევდა. ამ პოლიტიკამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და ოპტიმიზმი გამოიწვია, რადგან ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ეს საბოლოოდ გახდიდა წამლებს ხელმისაწვდომს.

მესამე და ყველაზე ყოვლისმომცველი პოლიტიკა გარე რეფერენტული ფასწარმოების დანერგვა იყო 2022 წლის დეკემბერში. ამ რეფორმამ დაადგინა შერჩეული მედიკამენტების ფასების ზედა ზღვარი, რომელიც ეფუძნებოდა ოთხ ქვეყანაში (ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) არსებულ საშუალო საბითუმო ფასებს. პრაქტიკაში, ეს იმას ნიშნავდა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ შეეძლოთ რეგულირებული წამლებისთვის დადგენილ ზღვარზე მაღალი ფასის დაწესება. ეს ღონისძიება კანონმდებლობით იყო გამყარებული და დარღვევისთვის ჯარიმები იქნა გათვალისწინებული. ინიციატივამ მოიტანა მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ფასების აქტიური რეგულირებისკენ და საქართველო სხვა ევროპული ჯანდაცვის სისტემებში გამოყენებულ ფასწარმოების სტანდარტებთან დააახლოვა.

ამ პოლიტიკის გავლენის შესაფასებლად, გამოვიყენეთ სტატისტიკური მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკური ცვლილებების ეფექტის შეფასებას დროთა განმავლობაში. მეთოდმა მოგვცა საშუალება შეგვედარებინა ოჯახების მიერ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები თითოეული ინტერვენციის დაწყებამდე და მის შემდეგ, სეზონური ტენდენციებისა და სხვაობების  გათვალისწინებით. ყველა მონაცემი ინფლაციასაც ითვალისწინებს.

შედეგები იყო მკაფიო და ნათელი. სამი პოლიტიკიდან, მხოლოდ 2023 წელს გარე რეფერენტული ფასწარმოების დანერვამ გამოიწვია მედიკამენტების ღირებულების ძლიერი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. ამ პოლიტიკის ამოქმედებისთანავე, ოჯახებში მედიკამენტებზე გაწეული საშუალო თვიური დანახარჯი თითქმის შვიდი ლარით შემცირდა, რაც რეფორმამდე არსებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 30% პროცენტით დაბალი იყო. ეს შემცირება მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, რამაც 2023 წლის განმავლობაში ოჯახებისთვის 43 მილიონ ლარზე მეტი ჯამური დანაზოგი მოიტანა. გავლენა იყო როგორც სწრაფი, ისე მდგრადი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასების რეგულირებას, სათანადო აღსრულების შემთხვევაში, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს ხელმისაწვდომობაზე.

უფრო ადრე მიღებულ ზომებს შეზღუდული შედეგი ჰქონდა. მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამამ საშუალო ხარჯებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოიწვია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი დაფარვის არეალი ჯერ კიდევ ზედმეტად ვიწრო იყო, ხოლო სუბსიდიები – მცირე იმისთვის, რომ ეროვნულ მასშტაბით გაზომვადი სხვაობა შექმნილიყო. დროთა განმავლობაში, პროგრამის გაფართოების კვალდაკვალ, მან კონკრეტულ ჯგუფებს, განსაკუთრებით კი პენსიონერებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მოუტანა სარგებელი, თუმცა საკმარისად მძლავრი არ აღმოჩნდა ოჯახებისთვის ხარჯების საერთო რაოდენობის შესაცვლელად.

თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვების პოლიტიკამ განსხვავებული შედეგები მოიტანა. თავდაპირველად მედიკამენტებზე დანახარჯების მცირე შემცირება დაფიქსირდა, მაგრამ ეს ეფექტი დროებითი იყო. ფასები მალევე კვლავ გაიზარდა, შესაძლოა ლოჯისტიკური პრობლემების, გაცვლითი კურსის ცვალებადობის ან მომხმარებელთა შორის ევროპულიბრენდებისადმი უპირატესობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკამ გაზარდა ხელმისაწვდომი მედიკამენტების მრავალფეროვნება, გრძელვადიანი ფინანსური შეღავათი ვერ უზრუნველყო.

ჩვენმა ანალიზმა დანახარჯებში მკაფიო სეზონური ტენდენციებიც გამოავლინა. მედიკამენტებზე ხარჯები ყველაზე მაღალი იყო ზამთრის თვეებში, რაც ინფექციების უფრო მაღალ მაჩვენებელს და ქრონიკული დაავადებების სეზონურ გაუარესებას ასახავს. ეს ტენდენცია თანხვედრაშია სხვა ქვეყნებში ჯანდაცვის სერვისების გამოყენების ტენდენციებთან, სადაც ცივი სეზონი ხშირად მედიკამენტების მოხმარების მკვეთრ ზრდას იწვევს.

საერთო ჯამში, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ფასების პირდაპირი რეგულირება გარე რეფერენტული ფასწარმოების მეშვეობით არის მძლავრი მექანიზმი ოჯახებისთვის ხარჯების შესამცირებლად. სუბსიდიების პროგრამებისა თუ საბაზრო იმპორტის ინიციატივებისგან განსხვავებით, ის არ არის დამოკიდებული ინდივიდუალურ ჩართულობაზე ან მომხმარებლის ქცევაზე; ის გავლენას ახდენს ფასებზე მთელი სისტემის მასშტაბით და სარგებელს მოაქვს ყველასთვის, ვინც წამლებს ყიდულობს. საქართველოსთვის ეს რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური დაცვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაბიჯს წარმოადგენს.

თუმცა, კვლევა ხაზს უსვამს მუდმივი მონიტორინგისა და დამატებითი ღონისძიებების საჭიროებასაც. ფასების რეგულირება მარტო საკმარისი არ არის სამართლიანი და მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მას მხარი უნდა დაუჭიროს შესყიდვების გამჭვირვალე პროცესებმა, მიწოდების საიმედო ჯაჭვებმა და დისტრიბუტორებს შორის ძლიერმა კონკურენციამ. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ შემცირებული ფასებიდან მიღებული დანაზოგი პაციენტებამდე მივიდეს და შუამავლებმა არ მიითვისონ. ამასთან, მნიშვნელოვანია ანაზღაურების პროგრამის გაძლიერება, რათა ყველაზე ღარიბებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა განაგრძონ მიზნობრივი მხარდაჭერის მიღება.

ქართული გამოცდილება ღირებულ გაკვეთილებს სთავაზობს სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსაც. ბევრი მათგანი იგივე გამოწვევის წინაშე დგას: როგორ დააბალანსონ ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის საჭიროება შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში და ფრაგმენტირებულ ბაზრებზე. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ასეთ კონტექსტშიც კი, კარგად დაგეგმილ ფასწარმოების პოლიტიკას შეუძლია მოკლე დროში მნიშვნელოვანი დანაზოგი მოუტანოს ოჯახებს. კერძოდ, გარე რეფერენტული ფასწარმოება არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომლის ადაპტირებაც მსგავსი ეკონომიკური სტრუქტურისა და ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ.

ყველა ციფრისა და ტექნიკური აღმოჩენის მიღმა, ეს კვლევა, საბოლოო ჯამში, სამართლიანობას ეხება. მედიკამენტების ღირებულებამ არასოდეს არ უნდა განსაზღვროს, მიიღებს თუ არა ადამიანი მკურნალობას. როდესაც ადამიანები იძულებულნი არიან, წამლების ყიდვასა და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას შორის გააკეთონ არჩევანი, სისტემა ვერ ასრულებს თავის ყველაზე ფუნდამენტურ მიზანს. ამიტომ, მედიკამენტების ფასის შემცირება არ არის მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება; ის სოციალური და ეთიკური საკითხია. 

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. რეფერენტული ფასწარმოების დანერვამ უკვე მოუტანა ხელშესახები სარგებელი ოჯახებს, რაც ცხადყოფს, რომ მონაცემებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შეუძლია რეალური ცვლილებების მოტანა. თუმცა, საჭიროა მუდმივი ყურადღება და ძალისხმევა ამ პროგრესის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის რეფორმის ქვაკუთხედად დარჩეს. 


ავტორები: ცოტნე გორგოძე, აკაკი ზოიძე და გიორგი გოცაძე

წყარო: Curatio

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები