back to top

AI სტეთოსკოპი გულის დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისთვის

გააზიარე

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტეთოსკოპს შეუძლია მედიკოსებს დაეხმაროს გულის სამი ძირითადი დაავადების აღმოჩენაში სულ რაღაც 15 წამში.

კვლევის შედეგები, რომელიც მადრიდში, კარდიოლოგიის ევროპული საზოგადოების კონგრესზე იყო წარდგენილი და ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ამ მოწყობილობით გამოკვლეულ პაციენტებში 3.5-ჯერ უფრო მაღალი იყო წინაგულების ფიბრილაციის, ხოლო 2-ჯერ უფრო მაღალი — გულის უკმარისობის ან სარქვლოვანი დაავადებების დიაგნოზის დასმის ალბათობა, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით დიაგნოსტირებულ პაციენტებში.

Imperial College London-ისა და Imperial College Healthcare NHS Trust-ის მკვლევრების მიერ შექმნილი ჭკვიანი სტეთოსკოპი გულის ბგერებსა და ელექტრულ სიგნალებს იწერს, შემდეგ კი მათ აანალიზებს AI ალგორითმით, რომელიც ათობით ათასი სამედიცინო ჩანაწერის საფუძველზეა გაწვრთნილი. შედეგები მომენტალურად, რამდენიმე წამში, პირდაპირ სმარტფონზე გადაიცემა.

ექსპერტების აზრით, ამ ინოვაციას შეუძლია გადაჭრას მწვავე პრობლემა: დიდ ბრიტანეთში გულის უკმარისობის შემთხვევების 70%-ზე მეტი მხოლოდ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ დიაგნოსტირდება, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ხშირად გაცილებით ადრე ვლინდება.

Imperial College London-ის წარმომადგენელმა, დოქტორმა პატრიკ ბეხტიგერმა ამ მიღწევას „წარმოუდგენელი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ სტეთოსკოპის დიზაინი 200 წელზე მეტია, არ შეცვლილა.

თუმცა, კვლევამ გარკვეული გამოწვევებიც გამოავლინა. შემოწმებული პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს, რომლებსაც პირველადი დიაგნოზი დაესვათ, შემდგომი კვლევების შემდეგ გულის უკმარისობა არ დაუდასტურდათ, რამაც ცრუ დადებითი შედეგების შესახებ შეშფოთება გამოიწვია. გარდა ამისა, პირველადი დახმარების კლინიკების 70%-მა ერთი წლის შემდეგ მოწყობილობის რეგულარული გამოყენება შეწყვიტა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რუტინულ სამედიცინო პრაქტიკაში ინტეგრირება კვლავ დაბრკოლებად რჩება.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, კარდიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ინსტრუმენტი თამაშის წესების შეცვლას შეძლებს. 

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები