განმეორებითი ინსულტის პრევენცია სისხლდენის განვითარების რისკის გარეშე — ასუნდექსიანის კლინიკური პერსპექტივა

გააზიარე

ინსულტი მსოფლიოში სიკვდილიანობისა და ხანგრძლივი ინვალიდობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ანამნეზში ინსულტის მქონე თითქმის ყოველ მეოთხე პაციენტს მომავალში რეციდიული (განმეორებითი) ინსულტი უვითარდება. აღნიშნული რისკის შესამცირებლად, კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად, სპეციალისტები პაციენტებს, ცხოვრების წესის მოდიფიკაციასთან ერთად, როგორც წესი, ანტითრომბოციტულ ან ანტიკოაგულაციურ თერაპიას უნიშნავენ.

სისხლის გამათხელებლების (ანტიკოაგულანტების) გამოყენება ხელს უწყობს თრომბოზული მოვლენების პრევენციას და ამცირებს განმეორებითი, ხშირად მძიმე ფორმის ინსულტების განვითარების ალბათობას. აღნიშნული მედიკამენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს წინაგულების ფიბრილაციისა და სხვა მაღალი რისკის მქონე კარდიოემბოლიური გართულებების დროს. არსებული კვლევების თანახმად, ანტიკოაგულაციურმა თერაპიამ შესაძლოა ინსულტის განვითარების რისკი დაახლოებით 64%-ით შეამციროს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები მაღალი კლინიკური ეფექტიანობით ხასიათდება და მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდიული ინსულტის განვითარების ალბათობას, მათ გამოყენებას თან ახლავს სისხლდენის მომატებული რისკი. კერძოდ, ანტიკოაგულაციური თერაპიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებას წარმოადგენს სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან მის გარშემო არსებულ სივრცეებში, რაც ჰემორაგიული ინსულტის სახელით არის ცნობილი.

ამრიგად, ინსულტის მეორეული პრევენციის თანამედროვე სტრატეგიები რთული კლინიკური დილემის წინაშე დგას, რაც გულისხმობს თრომბოწარმოქმნის ეფექტური სუპრესიის მიღწევას სიცოცხლისთვის საშიში ჰემორაგიული გართულებების პროვოცირების გარეშე.

სწორედ ამ კლინიკური დისბალანსის აღმოფხვრას ისახავს მიზნად ახალი პერორალური ანტიკოაგულანტი — ასუნდექსიანი (Asundexian), რომლის ეფექტიანობა და უსაფრთხოების პროფილი საერთაშორისო, III ფაზის OCEANIC-STROKE კვლევის ფარგლებში შეფასდა. კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა და სპეციალისტების მიერ ინსულტის მეორეული პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლად შეფასდა.

ასუნდექსიანი წარმოადგენს ორალურად მისაღებ სელექციურ ანტიკოაგულანტს (მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად აინჰიბირებენ სისხლის შედედების ფაქტორებს), რომლის მოქმედების ძირითად სამიზნეს კოაგულაციის XIa ფაქტორი (Factor XIa, FXIa) წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პათოლოგიური თრომბოზის პროცესში, თუმცა შედარებით ნაკლებად მონაწილეობს ფიზიოლოგიური ჰემოსტაზის მექანიზმებში. შესაბამისად, FXIa-ის ინჰიბირება განიხილება, როგორც პერსპექტიული თერაპიული მიდგომა, რომელიც პათოლოგიური თრომბების ფორმირების პრევენციას უზრუნველყოფს სისხლდენითი გართულებების შედარებით დაბალი რისკის ფონზე.

„ასუნდექსიანი შერჩევითად აინჰიბირებს XIa ფაქტორს (FXIa), რაც მიზანში იღებს კოაგულაციის კასკადის იმ კომპონენტს, რომელიც სულ უფრო მეტად მიიჩნევა პათოლოგიური თრომბოზისთვის უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად, ვიდრე ფიზიოლოგიური ჰემოსტაზისთვის. ეს განსხვავდება არსებული ანტიკოაგულანტებისგან, მათ შორის Xa ფაქტორის ინჰიბიტორებისგან, რომლებიც არღვევენ როგორც თრომბის ფორმირებისთვის, ისე ჰემოსტაზისთვის აუცილებელ ძირითად პროცესებს. FXI შინაგანი კოაგულაციური გზის უნიკალურ პოზიციას იკავებს და ძირითადად თრომბინის გენერაციის გამაძლიერებლის ფუნქციას ასრულებს. სისხლძარღვოვანი დაზიანების დროს ქსოვილოვანი ფაქტორის ინტენსიური ექსპოზიცია ააქტიურებს გარეგან გზას და წარმოქმნის ძლიერ თრომბინულ პასუხს, რომელიც ჰემოსტაზისთვის საკმარისია FXI-ის მხოლოდ შეზღუდული მონაწილეობით. ამის საპირისპიროდ, შიდა პათოლოგიური პროცესების დროს — მაგალითად, როდესაც სისხლძარღვში ქოლესტერინის ფოლაქი სკდება — ორგანიზმი მომენტალურად ვერ რთავს სისხლის შედედების მძლავრ, დამცავ მექანიზმებს. ამ დროს საქმეში შემოდის XIa ფაქტორი (FXIa), რომელიც მუშაობს როგორც „გამაძლიერებელი“: იგი ხელს უწყობს თრომბის თანდათანობით გაზრდას და მის იმგვარ გამაგრებას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა სისხლძარღვის სრული დახშობა და ინსულტის განვითარება გამოიწვიოს.“— განაცხადა კვლევის თანახელმძღვანელმა, Population Health Research Institute-ის (PHRI) უფროსმა მეცნიერმა და მედიცინის დოქტორმა აშქან შოამანეშმა.

OCEANIC-STROKE-ის კვლევაში მსოფლიოს 37 ქვეყნიდან 12 300-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 68 წელს შეადგენდა, ხოლო მათი დაახლოებით მეოთხედი 75 წელზე უფროსი ასაკის იყო. კვლევაში ჩართული პაციენტების 33%-ს ქალები შეადგენდნენ. მონაწილეთა დაახლოებით 95%-ს ახლახან ჰქონდა გადატანილი არაკარდიოემბოლიური იშემიური ინსულტი — ანუ ინსულტი, რომელიც გულის პათოლოგიით არ იყო განპირობებული, ხოლო დანარჩენებს — მაღალი რისკის მქონე ტრანზიტორული იშემიური შეტევა (Transient Ischemic Attack, TIA).

კვლევის ფარგლებში პაციენტები შემთხვევითი შეჩევის პრინციპით ორ ჯგუფად გადანაწილდნენ: პირველ ჯგუფს დაენიშნა 50 მილიგრამი (მგ) ასუნდექსიანი სტანდარტულ ანტითრომბოციტულ თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო მეორე ჯგუფი იღებდა პლაცებოს სტანდარტულ თერაპიასთან ერთად.

მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ასუნდექსიანის გამოყენება ასოცირდებოდა განმეორებითი იშემიური ინსულტის რისკის 26%-იან შემცირებასთან. ამასთანავე, დაფიქსირდა ფატალური ან მძიმე ინვალიდობის გამომწვევი ინსულტების სიხშირის 31%-იანი კლებაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული კლინიკური სარგებელი მიღწეულ იქნა ინტრაკრანიალური სისხლდენისა და სხვა მძიმე ჰემორაგიული გართულებების რისკის ყოველგვარი ზრდის გარეშე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასუნდექსიანი კლინიკურ სარგებელს მოუტანს არაკარდიოემბოლიური იშემიური ინსულტის ან მაღალი რისკის ტრანზიტორული იშემიური შეტევის (TIA) მქონე იმ პაციენტებს, რომლებსაც სტანდარტული ანტითრომბოციტული თერაპიის მიუხედავად, რეციდივის მომატებული რისკი უნარჩუნდებათ. აღნიშნული პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს ბაზისური რისკ-ფაქტორების კონტროლს, სტატინოთერაპიას, არტერიული წნევის მართვას, თამბაქოსთვის თავის დანებებასა და ადეკვატურ ანტითრომბოციტულ მკურნალობას, თუმცა იგი შესაძლოა იქცეს დამატებით ეფექტურ ინსტრუმენტად მაღალი რისკის მქონე შერჩეული პაციენტებისთვის.

დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეორეული ინსულტის პრევენციის ბაზისურ თერაპიას ასპირინით მონოთერაპია წარმოადგენდა. ამ ფონზე, ასუნდექსიანი განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წინსვლა იშემიური ინსულტების უმრავლესობის მეორეული პრევენციის მიმართულებით, ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის ხანმოკლე კურსების მიღმა.

მიუხედავად დამაიმედებელი შედეგებისა, ასუნდექსიანი ამ ეტაპზე კვლავ ექსპერიმენტულ პრეპარატად მიიჩნევა და კლინიკური გამოყენებისთვის ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევები, ხანგრძლივი დაკვირვება და რეალური კლინიკური პრაქტიკის მონაცემების ანალიზი, რათა სრულად შეფასდეს პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოების პროფილი სხვადასხვა პოპულაციაში.

თუმცა, თუ მიმდინარე და მომავალი კვლევები არსებულ შედეგებს დაადასტურებს, ასუნდექსიანმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს ინსულტის მართვაში და იქცეს ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინოვაციად მედიცინისა და ნევროლოგიის სფეროში. 

წყარო: medicalnewstoday.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები