აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ირგვლივ მორიგი სკანდალია. გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ჯეი ბჰატაჩარიამ, კვლევის გამოქვეყნება დაბლოკა, რომელიც Covid-19-ის ვაქცინების მაღალ ეფექტიანობას ადასტურებდა. კვლევის მიხედვით, გასულ შემოდგომასა და ზამთარში ვაქცინაციამ დაახლოებით გაანახევრა (50%-ით შეამცირა) ჰოსპიტალიზაციისა და გადაუდებელი დახმარების საჭიროება ინფიცირებულ ზრდასრულებში.
მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომმა ყველა შიდა რეცენზირება გაიარა და სააგენტოს ფლაგმანურ ჟურნალში (MMWR) გამოსაქვეყნებლად იყო ჩანიშნული, ავტორებმა სამშაბათს ოფიციალური უარი მიიღეს. აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) წარმომადგენლის განცხადებით, მიზეზი მეთოდოლოგიური ხარვეზებია, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები და ყოფილი მაღალჩინოსნები ამ არგუმენტს აბსურდულს უწოდებენ.
კვლევა ეყრდნობოდა ე.წ. „test-negative“ დიზაინს ანუ მეთოდოლოგიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ოქროს სტანდარტად მოიაზრება სეზონური რესპირატორული ვირუსების, მათ შორის გრიპისა და RSV-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობის შესასწავლად. ექსპერტების შეფასებით, ეს არის „აგრესიული პოლიტიკური ჩარევა მეცნიერებაში“, რაც რობერტ კენედი უმცროსის მიერ გატარებულ ახალ პოლიტიკას უკავშირდება.
ბოლო პერიოდში CDC-მ, HHS-ის მითითებით, უკვე შეცვალა არაერთი რეკომენდაცია. Covid-ვაქცინაცია აღარ არის რეკომენდებული ორსულებისა და ბავშვებისთვის, ხოლო საყოველთაო რეკომენდაცია 6 თვიდან ზემოთ ასაკის პირებისთვის „ინდივიდუალური კლინიკური გადაწყვეტილებით“ ჩანაცვლდა. CDC-ის ყოფილი წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც პროტესტის ნიშნად გადადგნენ, აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მეცნიერულ მტკიცებულებებს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ნდობას ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ.
წყარო: CNN

