ახალი ექსპერიმენტული საანესთეზიო პრეპარატი ტკივილს ცნობიერების გათიშვის გარეშეც აყუჩებს

გააზიარე

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შექმნეს ახალი ექსპერიმენტული საანესთეზიო საშუალება — ნიდრადინი (nidradine). ზებრა-თევზებსა და თაგვებში ის ანესთეზიასთან ერთად ტკივილსაც ამცირებს, მათ შორის ფხიზელ მდგომარეობაში, არასედაციური დოზებით.

ფართოდ გავრცელებული ინტრავენური საანესთეზიო პრეპარატები, პროპოფოლი და ეტომიდატი, ნერვული უჯრედების აქტივობას GABA-A რეცეპტორების გაძლიერებით თრგუნავს, მაგრამ არასედაციურ დოზებში ტკივილს არ აყუჩებს, რის გამოც დამატებითი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ხდება საჭირო. ამასთან, პროპოფოლი ხშირად იწვევს არტერიული წნევის ვარდნასა და სუნთქვის შენელებას (ზოგჯერ შეჩერებასაც), ეტომიდატი კი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას თრგუნავს და კორტიზოლის გამომუშავებას ამცირებს, რაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ათასობით ნაერთის პირდაპირ ძუძუმწოვრებზე გამოცდა ნელი და ძვირი პროცესია, ამიტომ მკვლევრებმა პირველადი შერჩევისთვის ზებრა-თევზის ლარვები გამოიყენეს. ავტომატიზებული კამერების დახმარებით გუნდმა 12 000 ნაერთი შეამოწმა და აკვირდებოდა, როგორ რეაგირებდნენ თევზები ბგერასა და სინათლეზე. ზრდასრულ ზებრა-თევზებზე დამატებითი ტესტირებისა და ქიმიური დახვეწის შემდეგ, მეცნიერებმა ერთი პერსპექტიული კანდიდატი, ნიდრადინი, შეარჩიეს.

თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ახალი ნაერთი ეტომიდატს შეადარეს. არასედაციურ დოზებზე, როცა ცხოველები მბრუნავ ღერძზე კოორდინაციას ინარჩუნებდნენ. ნიდრადინმა სითბოთი გამოწვეულ ტკივილზე რეაქცია შეამცირა, ეტომიდატს კი მსგავსი ეფექტი არ ჰქონია. უფრო მაღალ, საანესთეზიო დოზებზე (წონასწორობის რეფლექსის დაკარგვისას) ნიდრადინის მიღების შემდეგ თაგვები თათზე ძლიერ ჩქმეტაზე აღარ რეაგირებდნენ, მაშინ როცა ეტომიდატის ჯგუფში ცხოველები თათს მაინც სწევდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ეტომიდატისგან განსხვავებით, ნიდრადინს კორტიზოლის გამომუშავება არ დაუთრგუნავს არც ზებრა-თევზებში და არც ადამიანის თირკმელზედა ჯირკვლის დონორულ ქსოვილზე ჩატარებულ ტესტებში.

უჯრედულ დონეზე ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნიდრადინი GABA-A რეცეპტორების აქტივობას აძლიერებს. მისი შეკავშირების უბანი ნაწილობრივ ემთხვევა პროპოფოლისა და ეტომიდატის სამიზნეს, მაგრამ ნიდრადინი რეცეპტორს უფრო ღრმად, არხის მიმართულებით უკავშირდება. მკვლევრებისთვის ჯერ ზუსტად უცნობია, რომელი მექანიზმით აყუჩებს პრეპარატი ტკივილს, შესაძლოა, ეს GABA-A რეცეპტორის კონკრეტულ სუბერთეულებზე შერჩევით ზემოქმედებას ან სხვა, ჯერ დაუდგენელ რეცეპტორს უკავშირდებოდეს.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანებზე გამოცდამდე პრეპარატის საერთო უსაფრთხოება, ტოქსიკურობა და სუნთქვაზე მისი გავლენა დეტალურად უნდა შეფასდეს. უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დადასტურების შემთხვევაში, მედიკამენტი, რომელიც ანესთეზიასა და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას აერთიანებს, შესაძლოა, განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებებსა და ჰოსპიტალიზაციამდელი ტრავმული დახმარებისას, სადაც მსუბუქი ანესთეზიაა საჭირო.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები