ახალი გარემო, ახალი წესები — რა ხდება ბავშვის ტვინში სწავლის დაწყებისას

გააზიარე

სექტემბერი ყოველთვის ცოტა უცნაური თვეა.

ზაფხული მთავრდება, ქალაქი ისევ ივსება, ქუჩებში საცობები ბრუნდება და ათასობით ბავშვისა და ახალგაზრდისთვის თითქმის ერთდროულად რაღაც ახალი იწყება.

ჩემს ოჯახშიც წელს ორი ასეთი “დასაწყისია”. ჩემი ერთი დისშვილი პირველად წავიდა სკოლაში, მეორე კი ბაღში.

ბოლო დღეებში ხშირად მიფიქრია, სინამდვილეში რამდენად დიდი ცვლილებაა ბავშვისთვის ის, რასაც ჩვენ ძალიან მარტივად “ბაღში წასვლას” ან “სკოლის დაწყებას” ვეძახით.

ჩვენთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალი ჩანთის ყიდვას, დილით ცოტა ადრე გაღვიძებას, ბავშვის მიყვანას და საღამოს მოკითხვას — “აბა, როგორ ჩაიარა დღემ?”

ბავშვისთვის კი ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა: ახალი ოთახი, ახალი ადამიანები, ახალი წესები, ახალი ხმები, ახალი სოციალური გარემო… ბაღის შემთხვევაში კი ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება — ადამიანი, რომელიც აქამდე თითქმის ყოველთვის ახლოს იყო, ახლა კართან გემშვიდობება და მიდის.

ერთი ჩემი დისშვილი ახლა ბაღთან შეგუებას იწყებს, მეორე სკოლასთან. ასაკით ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ მათი ტვინისთვის ეს ორი საკმაოდ განსხვავებული ამოცანაა.

რამდენად განსხვავდება ეს იმისგან, რასაც 18 წლის ახალგაზრდა განიცდის, როდესაც პირველად ტოვებს სახლს, რეგიონიდან თბილისში გადმოდის ან სხვა ქვეყანაში მიდის სასწავლებლად?

რა თქმა უნდა, სამი წლის ბავშვი და 18 წლის ახალგაზრდა განვითარების სრულიად სხვადასხვა ეტაპზეა, მაგრამ ორივეს წინაშე ერთი ფუნდამენტური ამოცანა დგას: უცხო გარემო ნაცნობად უნდა აქციონ და ამას ტვინი ერთ დღეში ვერ აკეთებს.

ტვინს გაურკვევლობა დიდად არ უყვარს

თქვენ შეიძლება ხშირად გსმენიათ, თუ როგორი მომაბეზრებელია რუტინა, შეიძლება ეს სიტყვები თავადაც გითქვამთ… ტვინის შემთხვევაში რუტინა არც თუ ისე მოსაწყენია.

საკუთარ სახლში ოთახიდან ოთახში გადაადგილებისას თითქმის არაფერზე გვიწევს ფიქრი. ვიცით, სად არის კარი, სად უნდა ავანთოთ შუქი, რა ხმა აქვს მაცივარს და დაახლოებით ისიც, რას უნდა ველოდოთ მომდევნო რამდენიმე წუთში.

ჩვენი ტვინი მუდმივად იყენებს წარსულ გამოცდილებას იმის პროგნოზირებისთვის, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. ნაცნობ გარემოში ეს საკმაოდ მარტივია. რაც უფრო უცხო გარემოა, ტვინს სულ უფრო მეტი სამუშაო აქვს.

ახლა წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც პირველად შედის ბაღში. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ ძალიან ბევრი “ახალი” შემოდის. ამას დამატებული ის, რომ ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ პირველად შეხვდა, ეუბნება, სად დაჯდეს, როდის ჭამოს და რას უნდა აკეთებდეს.

თან მშობელი კარისკენ მიდის და ეუბნება: “ცოტა ხანში მოვალ”.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს “ცოტა ხანში”. ბავშვისთვის კი ეს სიტუაცია გაცილებით ნაკლებად პროგნოზირებადია.

ახალი და გაურკვეველი გარემო ტვინისთვის დამატებით სამუშაოს ნიშნავს. მას ერთდროულად უწევს ახალი ინფორმაციის დამუშავება, შესაძლო საფრთხეების შეფასება, ყურადღების მართვა და ახალი წესების სწავლა. ამ პროცესში მონაწილეობს ამიგდალა, რომელიც ემოციურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამუშავებასა და შესაძლო საფრთხეზე რეაგირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სტრესული სიტუაციის დროს კი აქტიურდება ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის, ანუ HPA ღერძიც, რომლის საბოლოო შედეგებს შორის კორტიზოლის გამოყოფაა.

სწორედ კორტიზოლი გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვის ადაპტაციას მხოლოდ გარედან კი არ დავაკვირდეთ, არამედ გარკვეულწილად ორგანიზმში მიმდინარე სტრესული რეაქციაც გავზომოთ.

აქ კვლევები საკმაოდ საინტერესო სურათს გვიჩვენებს:

2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები 384 ბავშვს სკოლამდელი დაწესებულებიდან სკოლაში გადასვლის პერიოდში აკვირდებოდნენ. მათ ნერწყვში კორტიზოლის დონე რამდენჯერმე გაზომეს: სკოლის დაწყებამდე, დაწყებისას და შემდეგ.

სკოლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მკაფიო “მოლოდინის სტრესული რეაქცია” არ გამოჩნდა. სამაგიეროდ, სკოლაში შესვლის შემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში ბავშვების უმრავლესობას დილის კორტიზოლის დონე გაეზარდა.

მკვლევრებმა ეს შედეგი იმის სასარგებლო მტკიცებულებად მიიჩნიეს, რომ სკოლაში შესვლა ბევრი ბავშვისთვის ბუნებრივი, ანუ ნორმატიული გარემო სტრესორია.

საინტერესოა, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად არ რეაგირებდა. ორი თვის შემდეგ ნაწილს სტრესული პასუხი უკვე შემცირებული ჰქონდა, ნაწილში კი ის უფრო დიდხანს ნარჩუნდებოდა.

2019 წელს გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ რვა დამოუკიდებელი კვლევის მონაცემები გააერთიანა. კვლევებში ბავშვების კორტიზოლს ნერწყვში ან თმაში ზომავდნენ სკოლაში გადასვლამდე და მის შემდეგ.

საერთო სურათი მსგავსი აღმოჩნდა: სკოლამდელი გარემოდან ფორმალურ სკოლაში გადასვლას კორტიზოლის მატება ახლდა. ამასთან, ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ბავშვში კორტიზოლის საწყის დონესთან დაბრუნებას 3-6 თვეც შეიძლება დასჭირდეს.

ამავე მიმოხილვამ მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებებიც გამოავლინა. შესაძლო განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის მკვლევრები ბავშვის ტემპერამენტსა და დედის პრენატალურ სტრესსა და შფოთვასაც ასახელებენ.

ანუ ფრაზა “მიეჩვევა” გარკვეული თვალსაზრისით საკმაოდ ზუსტი ნეირობიოლოგიური აღწერაცაა. ორგანიზმი მართლაც სწავლობს ახალ გარემოს.

ოთახი, რომელიც პირველ დღეს სრულიად უცხო იყო, მეორე დღეს უკვე შედარებით ნაცნობია.

რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვმა იცის, სად დევს სათამაშოები, იცნობს აღმზრდელს, შეიძლება უკვე ერთი ან ორი ბავშვიც ჰყავდეს გამორჩეული. ის თანდათან სწავლობს დღის განრიგს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოცდილებით იგებს, რომ მშობელი მიდის, მაგრამ შემდეგ ისევ ბრუნდება.

უცნობი ნელ-ნელა პროგნოზირებადი ხდება. ტვინიც სწავლობს, რომ ამ გარემოში მუდმივად განგაშის რეჟიმში ყოფნა საჭირო აღარ არის.

ეს არის ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.

ყველა ბავშვისთვის “ახალი” ერთნაირად ახალი არ არის

კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ისაა, რომ მნიშვნელობა აქვს, რამდენად მკვეთრად იცვლება ბავშვის ცხოვრება.

ერთ-ერთ კვლევაში კორტიზოლი ბავშვებს ბაღიდან სკოლაში გადასვლამდე ერთი კვირით ადრე და გადასვლიდან ერთი კვირის შემდეგ გაუზომეს.

ყველაზე დიდი მატება იმ ბავშვებში დაფიქსირდა, რომელთა ყოველდღიური რუტინაც სკოლაში შესვლისას ყველაზე მეტად შეიცვალა და რომლებსაც მანამდე სკოლამდელ დაწესებულებაში ყოფნის ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ.

ეს ლოგიკურიცაა. თუ ბავშვს უკვე აქვს გამოცდილება, რომ დილით სახლიდან მიდის, რამდენიმე საათს სხვა ბავშვებთან და უფროსებთან ატარებს და შემდეგ მშობელი აკითხავს, სკოლის დაწყებისას ყველაფერი ერთდროულად ახალი აღარ არის. მისი ტვინი მსგავს ცვლილებებს შეჩვეულია.

თუ ასეთი გამოცდილება არ აქვს, ცვლილებების რაოდენობაც იზრდება.

ამიტომ კითხვას “რამდენად რთული უნდა იყოს ბავშვისთვის სკოლაში წასვლა?” ერთი უნივერსალური პასუხი არ აქვს.

ორი ბავშვი შეიძლება ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე მასწავლებელთან აღმოჩნდეს და მათი ორგანიზმისთვის ეს სრულიად განსხვავებული მასშტაბის ცვლილება იყოს.

ზოგჯერ მშობელსაც უჭირს

ამ ამბავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი გვყავს და ეს მშობელია.

სრულიად ბუნებრივია, თუ სამი წლის ბავშვის უცხო გარემოში დატოვება მისთვისაც რთულია. მით უმეტეს, თუ ბავშვი ტირის და გთხოვს, არ წახვიდე.

პრობლემა ისაა, რომ ბავშვები მხოლოდ იმას არ უსმენენ, რასაც ვეუბნებით. ისინი ჩვენს სახეს, ხმის ტონსა და ქცევასაც აკვირდებიან და უფროსების რეაქციებს გარემოს შესაფასებლად იყენებენ.

შეგვიძლია ვუთხრათ: “ყველაფერი კარგად იქნება”, მაგრამ თუ ამას ათწუთიანი დამშვიდობება, რამდენჯერმე უკან დაბრუნება და აშკარად შეშფოთებული სახე ახლავს, ბავშვმა შეიძლება სრულიად სხვა სიგნალი მიიღოს:

თუ დედა ან მამა ასე ნერვიულობს, იქნებ აქ მართლაც არის რაღაც სანერვიულო.

კვლევებშიც ჩანს, რომ ბავშვის ადაპტაცია მხოლოდ მისი ინდივიდუალური თვისებებით არ განისაზღვრება. ოჯახური გარემო და მშობლის მდგომარეობაც ამ პროცესის ნაწილია. მაგალითად, სკოლაში გადასვლისას კორტიზოლის შესახებ კვლევების მიმოხილვაში ბავშვის რეაქციის შესაძლო განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ტემპერამენტთან ერთად დედის პრენატალური სტრესი და შფოთვაც გამოჩნდა.

ეს არ ნიშნავს, რომ მშობლის ნერვიულობა ბავშვის ყველა სირთულის მიზეზია. ასეთი პირდაპირი დასკვნა კვლევებიდან არ გამომდინარეობს.

და მაინც, მშობლის ემოციური მდგომარეობა იმ გარემოს ნაწილია, რომელშიც ბავშვი ცვლილებას ხვდება. ამიტომ დახმარების სწორი დოზის პოვნა მარტივი არ არის.

ერთ მხარესაა მიდგომა: “ნუ ტირი, რა მოხდა, უკვე დიდი ხარ”. მეორე მხარეს კი სურვილი, ბავშვს საერთოდ ავარიდოთ ნებისმიერი დისკომფორტი. რეალურად, არც ერთია განსაკუთრებით კარგი გამოსავალი.

ბავშვისთვის ალბათ გაცილებით მნიშვნელოვანი გზავნილია:

“ვხედავ, რომ გიჭირს. მე აქ ვარ. მჯერა, რომ ამას შეძლებ”.

პირველ შემთხვევაში ბავშვს ვეუბნებით, რომ მისი ემოცია არასწორია. მეორე შემთხვევაში კი ვაღიარებთ მის შიშს ისე, რომ ამავე დროს საკუთარ შესაძლებლობებში ნდობასაც ვუტოვებთ.

სკოლა უბრალოდ უფრო დიდი ბაღი არ არის

ჩემს შემთხვევაში წელს ეს განსხვავებაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა: ერთი დისშვილი ბაღის გარემოს ეცნობა, მეორე კი სკოლაში შევიდა.

შეიძლება ბავშვს ბაღთან ადაპტაცია საერთოდ არ გასჭირვებია და სკოლაში გადასვლისას მაინც შეექმნას სირთულე. ეს გასაკვირი არ არის.

სკოლაში მხოლოდ შენობა არ იცვლება. იცვლება ისიც, რას ითხოვს გარემო ბავშვისგან.

ახლა მას უფრო დიდხანს უნდა შეეძლოს ყურადღების შენარჩუნება, ინსტრუქციის მოსმენა და დამახსოვრება, საკუთარი ქცევის კონტროლი, დავალებების ორგანიზება, ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადართვა, თანატოლებთან ურთიერთობა და იმის მიღებაც, რომ მის საქმიანობას უკვე ხშირად აფასებენ.

ამ ყველაფერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ფუნქციები.

ეს ერთი კონკრეტული უნარი არ არის. ამ სახელის ქვეშ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული კოგნიტიური პროცესი ერთიანდება: სამუშაო მეხსიერება, ყურადღებისა და ქცევის კონტროლი, იმპულსის შეკავება, დაგეგმვა და ერთი წესიდან ან ამოცანიდან მეორეზე მოქნილად გადართვა.

მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს შესაძლებლობები ბავშვს მზა სახით არ ეძლევა.

2010 წელს ჟურნალ Child Development-ში გამოქვეყნებულმა ფართო მიმოხილვამ აჩვენა, რომ აღმასრულებელი ფუნქციები სიცოცხლის პირველ წლებში ჩნდება, თუმცა მათი განვითარება მთელი ბავშვობისა და მოზარდობის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, მათი ცალკეული კომპონენტები, მაგალითად, იმპულსის შეკავება, სამუშაო მეხსიერება და ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვა, ერთნაირი ტემპით არ ვითარდება.

ამიტომ პირველკლასელისგან ზრდასრულის დონის თვითკონტროლის მოლოდინი დაახლოებით ისეთივე უსამართლოა, როგორც მისთვის ჩვენი ზომის ფეხსაცმლის ჩაცმა და შემდეგ გაბრაზება, რატომ ვერ დადის ნორმალურად.

ბევრი ნეიროფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ სკოლის პირველ კვირებში მხოლოდ ის არ უნდა გვაინტერესებდეს, რამდენად სწრაფად ისწავლა ბავშვმა კითხვა ან რამდენი შეცდომა დაუშვა მათემატიკაში. მან ჯერ სკოლაში უნდა “დაიმკვიდროს თავი”.

უნდა გაიცნოს მასწავლებელი და თანაკლასელები, გაიგოს ახალი წესები, შექმნას რუტინა და, რაც მთავარია, იგრძნოს, რომ ეს გარემო მისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადია.

სწავლა სწორედ ამ გარემოში უნდა მოხდეს.

“არ მინდა სკოლაში” ყოველთვის სიტყვებით არ ითქმის

ჩვენ, ზრდასრულებსაც კი, ზოგჯერ გვიჭირს ზუსტად ავხსნათ, რატომ ვართ ცუდად. ბავშვისთვის ეს კიდევ უფრო რთულია.

ამიტომ ბავშვმა შეიძლება არასდროს თქვას: “ახალ გარემოსთან ადაპტაცია მიჭირს”.

ამის ნაცვლად შეიძლება ყოველ დილით მუცელი ასტკივდეს… ან თავი. შესაძლოა, ძილი გაუუარესდეს, ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული გახდეს, სკოლაში წასვლის წინ იტიროს ან სახლში დაბრუნებული ისე გადაიღალოს, რომ უმნიშვნელო რამეზეც გაბრაზდეს.

ზოგჯერ შეიძლება უფრო პატარა ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევებიც დაუბრუნდეს.

სკოლასთან დაკავშირებული სტრესის კვლევებში სწორედ სკოლაში წასვლისადმი ძლიერი წინააღმდეგობა, თავის არიდების მცდელობა და ემოციური სირთულეები გამოიყენება ბავშვის ადაპტაციის პრობლემების შესაძლო ნიშნებად.

ერთი ასეთი ნიშანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ თუ ის მეორდება, შეიძლება საყურადღებო იყოს.

და აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია:

ადაპტაციას უნივერსალური ვადა არ გააჩნია.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს კორტიზოლის კვლევებიდანაც. ზოგ ბავშვში სტრესული პასუხი შედარებით სწრაფად მცირდება, ზოგში კი უფრო დიდხანს ნარჩუნდება. კვლევების მიმოხილვაში ავტორები წერენ, რომ ზოგ შემთხვევაში კორტიზოლის საწყის დონესთან დაბრუნებას 3-6 თვემდეც შეიძლება დასჭირდეს.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბავშვის რამდენიმეთვიანი ძლიერი შფოთვა უბრალოდ უნდა დავაიგნოროთ და “ადაპტაციას” დავაბრალოთ.

მნიშვნელოვანია არა კალენდარში კონკრეტული დღის მონიშვნა, არამედ ტრაექტორია.

თუ პირველ დღეებთან შედარებით შფოთვა თანდათან მცირდება, გარემო უფრო ნაცნობი ხდება და ბავშვი ყოველდღიურ რიტმში ერთვება, ეს ადაპტაციის პროცესის ნაწილია.

თუ პირიქით ხდება, ძლიერი შფოთვა არ მცირდება ან მატულობს და უკვე მნიშვნელოვნად მოქმედებს ძილზე, კვებაზე, სწავლაზე, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სპეციალისტთან კონსულტაცია ნამდვილად ღირს.

და შემდეგ 18 წლის ხდები

აქ შეიძლება გვეგონოს, რომ ამბავი მთავრდება. ბაღი გავიარეთ. სკოლაც. ახალ გარემოსთან შეგუებაც ვისწავლეთ.

18 წლის ადამიანი სრულწლოვნად ითვლება. მან შეიძლება ჩემოდანი ჩაალაგოს და რეგიონიდან თბილისში გადმოვიდეს ან თვითმფრინავში ჩაჯდეს და რამდენიმე საათში აღმოჩნდეს ქალაქში, სადაც არც ქუჩები იცის, არც ადამიანები და ზოგჯერ არც ენა.

და უცებ ისევ თავიდან იწყება…

რა თქმა უნდა, 18 წლის სტუდენტი სამი წლის ბავშვი არ არის. მას უკვე აქვს წარსული გამოცდილება, გაცილებით განვითარებული კოგნიტიური შესაძლებლობები და საკუთარ ემოციებთან გამკლავების მეტი რესურსი.

და მაინც, გარკვეული მსგავსება არსებობს.

ისევ უნდა გაიგო, როგორ მუშაობს ახალი გარემო. უნდა დაიმახსოვრო გზები. გაიცნო ადამიანები. შექმნა ახალი სოციალური წრე. მოაწყო ყოველდღიური რუტინა. ისწავლო პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება.

და ამას ემატება კიდევ ერთი რამ: შეიძლება აღარ გყავდეს გვერდით ადამიანი, რომელიც აქამდე ყოველდღიური ცხოვრების უამრავ პატარა პრობლემას შენთან ერთად აგვარებდა.

აქაც მნიშვნელოვანია, რას გვეუბნება ტვინის განვითარების კვლევა.

დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო ძალიან გამარტივებული ფრაზა, რომ “ტვინი 25 წლის ასაკში სრულდება”. სინამდვილეში ერთი ჯადოსნური ასაკი, როდესაც მთელი ტვინი ერთდროულად “მზადაა” , არ არსებობს.

სხვადასხვა სისტემა სხვადასხვა ტემპით ვითარდება.

მეორე მხრივ, კვლევები ნამდვილად აჩვენებს, რომ კოგნიტიურ კონტროლთან, სამუშაო მეხსიერებასთან, გადაწყვეტილებების მიღებასა და ქცევის რეგულაციასთან დაკავშირებულ ნერვულ ქსელებში ცვლილებები მოზარდობის პერიოდშიც გრძელდება. ვითარდება როგორც ცალკეული რეგიონების მუშაობა, ისე მათ შორის შორ მანძილზე კავშირები.

ამიტომ სრულწლოვნობა არ ნიშნავს, რომ შუაღამისას ტვინი უცებ ზრდასრულის საბოლოო ვერსიაზე განახლდა.

სამართლებრივი სრულწლოვნობა შეიძლება ერთ კონკრეტულ დღეს დადგეს. ნეირობიოლოგიური განვითარება ასე არ მუშაობს.

დამოუკიდებლობა პროცესია, ზუსტად ისე, როგორც ადაპტაცია.

სად მთავრდება დახმარება და იწყება ზედმეტი კონტროლი?

ალბათ მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული სწორედ ამ ზღვრის პოვნაა.

თუ ბავშვს თანატოლთან პრობლემა აქვს, ჩავერიოთ?

თუ მასწავლებელთან გაუგებრობა მოუვიდა, ჩვენ დაველაპარაკოთ?

თუ უნივერსიტეტში წასულ ახალგაზრდას რაღაცის მოგვარება უჭირს, თავად გავარკვიოთ?

ზოგჯერ პასუხი ნამდვილად არის “კი”, მაგრამ ყოველთვის არა.

შფოთვის კვლევებში არსებობს ცნება “family accommodation” — სიტუაცია, როდესაც ოჯახის წევრები ბავშვის შფოთვის შესამცირებლად საკუთარ ქცევას ისე ცვლიან, რომ ბავშვს მისთვის რთული ან შემაშინებელი სიტუაციის თავიდან არიდებაში ეხმარებიან.

მოკლევადიანად ეს მუშაობს: ბავშვი აღარ ხვდება იმ სიტუაციაში და შფოთვაც მცირდება.

და მაინც, სწორედ აქ არის პარადოქსი: თუ ბავშვი რთულ სიტუაციას მუდმივად თავს არიდებს, მას ნაკლები შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩინოს, რომ ამ სიტუაციასთან გამკლავება შეუძლია.

კვლევებში ასეთი ოჯახური ადაპტაცია ბავშვებში შფოთვის სიმპტომების სიმძიმესთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით ძლიერი კავშირი განშორების შფოთვასთან ჩანს.

ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ვუთხრათ: “შენი პრობლემაა, თავად მიხედე”.

მხარდაჭერა და პრობლემის მის ნაცვლად მოგვარება ერთი და იგივე არ არის.

შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მთავარი განსხვავება: ბავშვს დავეხმაროთ, რომ ნაბიჯი თვითონ გადადგას და არა ის, რომ ნაბიჯი მის ნაცვლად გადავდგათ.

ჩვენ მათ ნაცვლად ამ გზას ვერ გავივლით

ჩემი ერთი დისშვილისთვის ამ სექტემბერში ეს გზა ბაღის კართან იწყება, მეორისთვის სკოლის კართან.

რამდენიმე წლის შემდეგ მათ წინ კიდევ ბევრი ასეთი კარი იქნება. ახალი კლასი, ახალი ადამიანები, უნივერსიტეტი, პირველი სამსახური, შეიძლება ახალი ქალაქი ან ქვეყანაც.

ყოველ ჯერზე მასშტაბი განსხვავებული იქნება, მაგრამ პრინციპი დაახლოებით იგივე დარჩება: თავიდან გარემო უცნობია, ტვინს უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავება უწევს, ორგანიზმის სტრესული სისტემები შეიძლება უფრო აქტიური იყოს, შემდეგ კი გამოცდილებასთან ერთად გარემო თანდათან პროგნოზირებადი ხდება.

ამიტომ ჩვენი ამოცანა ალბათ არც ის არის, რომ ბავშვს ყველა ცვლილება მაქსიმალურად უმტკივნეულო გავუხადოთ. სტრესი ყოველთვის მტერი არ არის.

კვლევები, რომლებშიც ბავშვების სკოლაში გადასვლისას კორტიზოლის მატება დაფიქსირდა, სწორედ ამასაც გვახსენებს: ორგანიზმის სტრესული პასუხი თავისთავად პათოლოგია არ არის. ის ახალი და მომთხოვნი გარემოსადმი ადაპტაციის ნაწილია.

პრობლემა უფრო მაშინ ჩნდება, როდესაც ეს პასუხი ზედმეტად ძლიერი ან ხანგრძლივი ხდება და ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

ჩვენ შეგვიძლია გვერდით ვიყოთ. შეგვიძლია მათი შიში სერიოზულად მივიღოთ. შეგვიძლია გარემო ცოტათი უფრო პროგნოზირებადი გავხადოთ და მაშინ დავეხმაროთ, როდესაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ.

და მაინც, მათ ნაცვლად ბაღში ვერ შევალთ, მათ ნაცვლად პირველ კლასში ვერ დავსხდებით… და ვერც 18 წლის ასაკში ჩავულაგებთ მთელ ცხოვრებას ჩემოდანში ისე, რომ შემდეგ ყველაფერი მარტივი აღმოჩნდეს.

საბოლოოდ, უცხო გარემს ნაცნობად გარდაქმნაში თავად ტვინი მონაწილეობს. ალბათ, დამოუკიდებლობის სწავლაც სწორედ აქედან იწყება, იმ გამოცდილებიდან, როდესაც რაღაც ახალი თავიდან გაშინებს, შემდეგ თანდათან ეჩვევი და ბოლოს აღმოაჩენ:

“თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შევძელი”.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები