მარტოობა, ხიდი დეპრესიიდან სუიციდურ აზრებამდე: ახალი კვლევის შედეგები

გააზიარე

Vanderbilt Health-ის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მარტოობის გრძნობასა და სუიციდურ იდეაციას (ფიქრებს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის შესახებ) შორის მჭიდრო კავშირს ადასტურებს. კვლევის თანახმად, მარტოობა ხშირად გვევლინება იმ გადამწყვეტ ფაქტორად, რომელიც შფოთვასა და დეპრესიას სუიციდურ აზრებად გარდაქმნის. 

კვლევის მეთოდოლოგია

მკვლევარებმა გააანალიზეს აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) პროგრამის, “All of Us”-ის მონაცემები, რომელშიც 62,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც ამ საკითხს ეხება.

ძირითადი მიგნებები

კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის სიმპტომებს, შფოთვასა და მარტოობას დამოუკიდებლად შეუძლია გაზარდოს სუიციდური აზრების გაჩენის რისკი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მარტოობის “შუამავალი” როლია:

მარტოობა, როგორც მექანიზმი ცოტათი სხვანაირად მუშაობს ვიდრე წარმოგვიდგენია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შფოთვისა და დეპრესიის გავლენა სუიციდურ აზრებზე მნიშვნელოვანწილად სწორედ მარტოობის გრძნობის გავლით ხდება.

სტატისტიკური კავშირი: მარტოობა ხსნის შფოთვასა და სუიციდურ აზრებს შორის არსებული კავშირის დაახლოებით 25%-ს, ხოლო დეპრესიასა და სუიციდურ აზრებს შორის კავშირის 10%-ს.

მარტოობა vs სოციალური იზოლაცია: კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მარტოობა (შინაგანი განცდა, რომ არავინ გყავს) უფრო ძლიერი პროგნოზირებადი ფაქტორია, ვიდრე უბრალოდ სოციალური იზოლაცია (ფიზიკურად მარტო ცხოვრება). რაზეც ცლაკე სტატიასაც შეგიძლიათ გაეცნოთ

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორ კეტრინ მუსაკიო შეფერის თქმით, ეს მიგნებები პრევენციის ახალ გზებს გვიჩვენებს.

“თუ ჩვენ შევძლებთ მარტოობის პრობლემის მოგვარებას სოციალური მხარდაჭერისა და თემში ჩართულობის გაზრდით, შესაძლოა შევაჩეროთ პროცესი, რომლის დროსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები სუიციდურ ფიქრებში გადაიზარდება”, — აღნიშნავს ის.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მკურნალობის პროცესში მხოლოდ დეპრესიისა და შფოთვის მედიკამენტოზური ან თერაპიული მართვა საკმარისი არ არის. აუცილებელია პაციენტის სოციალურ კავშირებზე ზრუნვაც, რადგან მარტოობის შემცირება შეიძლება იქცეს ეფექტურ “ბუფერად” სუიციდის რისკის შესამცირებლად.

medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები