ახალი გზა კუჭ-ნაწლავის კიბოს გამოსავლენად?

გააზიარე

კუჭისა და კოლორექტული კიბოს ადრეულ ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენამდე აღმოჩენა ხშირად რთულია, რაც ზუსტი და ნაკლებად ინვაზიური სკრინინგის მეთოდების მუდმივ საჭიროებას ქმნის. ახალმა კვლევამ ინფორმაციის სრულიად მოულოდნელი და პერსპექტიული წყარო შეისწავლა, კერძოდ, პირის ღრუსა და განავლის მიკრობიომების გადაფარვა (overlap).

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კუჭის ან კოლორექტული კიბოს მქონე პაციენტებში პირის ღრუსა და ნაწლავების ბაქტერიული თანაკვეთა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფში. მართალია, ეს კავშირი მიზეზშედეგობრიობის პირდაპირი მტკიცებულება არ არის, თუმცა მან შესაძლოა კიბოს რისკის არაინვაზიური შეფასების სრულიად ახალ გზას დაუდოს სათავე.

მიკრობიომთა თანხვედრა

პირის ღრუსა და ნაწლავებში მკვეთრად განსხვავებული მიკრობული ეკოსისტემები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი პირის ღრუს ბაქტერიებს ყოველდღიურად და განუწყვეტლივ ყლაპავს, მათი უმეტესობა ნაწლავში ვერ ძლებს – ამას აბრკოლებს კუჭის მჟავე წვენი, იმუნური დაცვა და ადგილობრივ ნაწლავურ მიკრობებთან კონკურენცია.

იონსეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, ირღვევა თუ არა ეს დამცავი ბარიერი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დროს. კვლევისთვის მათ 507 ადამიანის პირის ღრუსა და განავლის შესაბამისი ნიმუშები შეაგროვეს, რომლებიც შემდეგ ჯგუფებად გადანაწილდა:

129 ჯანმრთელი საკონტროლო პირი;

215 პირი მეტაბოლური დარღვევებით;

კუჭის კიბოთი დაავადებული 77 პირი;

კოლორექტული კიბოთი დაავადებული 86 პირი.

აღსანიშნავია, რომ სიმსივნით დაავადებულთა ნიმუშები მკურნალობის დაწყებამდე იყო აღებული.

16S რიბოსომული რნმ-ის სექვენირების მეშვეობით მკვლევართა ჯგუფმა თითოეული მონაწილის პირის ღრუსა და განავალში ბაქტერიული თანმიმდევრობის ვარიანტები დაადგინა. მათ შეიმუშავეს ე.წ. პირის ღრუ-განავლის (MF) ინდექსი – ეს არის განავალში აღმოჩენილი ბაქტერიული თანმიმდევრობის იმ ვარიანტების წილი, რომლებიც ამავე ადამიანის პირის ღრუს ნიმუშშიც გამოვლინდა.

აღნიშნული ინდექსი მიკრობული თანაკვეთის მაჩვენებელია, თუმცა იგი უშუალოდ იმას არ ამტკიცებს, რომ კონკრეტული ბაქტერია აუცილებლად პირის ღრუდან გადავიდა და ნაწლავში დამკვიდრდა.

უფრო მკაფიო სიგნალი ონკოლოგიური დაავადებებისას

ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, MF ინდექსი მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა კუჭისა და კოლორექტული კიბოს მქონე პაციენტებში: ჯანმრთელი საკონტროლო ჯგუფი – 1.19, კუჭის კიბო – 3.63, კოლორექტული კიბო – 3.09

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ჯგუფებში პირის ღრუსა და ნაწლავის მიკრობიომის გადაფარვა დაახლოებით 2.6-3.0-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ინდექსის მაჩვენებელი საგრძნობლად მომატებული არ ყოფილა მეტაბოლური დარღვევების მქონე პირებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული შედეგი არ წარმოადგენს მხოლოდ ზოგადი მეტაბოლური პრობლემების მარკერს.

მიკრობული სურათი კიბოს ტიპის მიხედვითაც განსხვავდებოდა. კუჭის კიბო უფრო მჭიდროდ უკავშირდებოდა პირის ღრუს მიკრობული თანასაზოგადოებების ცვლილებებს, ხოლო კოლორექტული კიბოს შემთხვევაში უფრო მკაფიო ძვრები განავალში გამოვლინდა.

კერძოდ, კოლორექტული კიბოს დროს პირის ღრუსა და ნაწლავის საერთო მახასიათებლებს შორის აღმოჩნდა ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ადრეც ასოცირდებოდა ამ დაავადებასთან – მათ შორის, Fusobacterium-, Parvimonas-ისა და Peptostreptococcus-ის სახეობები.

შეძლებს კი პირის ღრუს ნიმუშები სიმსივნის გამოვლენას?

მკვლევრებმა მანქანური სწავლების მოდელები გამოიყენეს იმის შესამოწმებლად, შეიძლებოდა თუ არა მიკრობული მახასიათებლების საფუძველზე სიმსივნის მქონე პაციენტების ჯანმრთელი ადამიანებისგან გარჩევა.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მკვლევრებმა მნიშვნელოვანი შეზღუდვები გამოავლინეს. მოდელის ეფექტიანობა ძირითადად გვიან სტადიებზე ვლინდებოდა, რაც სკრინინგისთვის ნაკლებად გამოსადეგია, რადგან ტესტმა უპირველესად ადრეული ეტაპის სიმსივნეები უნდა აღმოაჩინოს. გარდა ამისა, პირის ღრუს ნიმუშებზე მუშაობისას გადამწყვეტია ბაქტერიების უაღრესად დეტალური, თანმიმდევრობის დონის (sequence-level) ანალიზი, უზუსტობის შემთხვევაში დიაგნოსტიკური სიგნალი იკარგება.

რა რჩება უცნობი

რამდენიმე ძირითადი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია:

პირის ღრუსა და ნაწლავის მიკრობიომის გაზრდილი თანაკვეთა კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კიბოსთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგია, თუ ორივე ერთად?

შეუძლია თუ არა ამ მიდგომას კიბოს ადრეული სტადიებისა და შორსწასული კიბოსწინარე დაზიანებების საიმედოდ გამოვლენა?

იქნება თუ არა ეს მეთოდი თანაბრად ეფექტიანი სხვადასხვა პოპულაციაში, კვების რაციონის, პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის, მედიკამენტებისა და სეკვენირების მეთოდების მიუხედავად?

შეუძლია თუ არა მას უკვე დამკვიდრებულ სკრინინგულ ტესტებს სასარგებლო ინფორმაცია შემატოს?

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა თვალსაჩინო თეორიულ პოტენციალს ატარებს, კლინიკურ პრაქტიკამდე მისასვლელად ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. სანამ მეცნიერები ზუსტ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს დაადგენენ და მოდელებს გააუმჯობესებენ, ეს მიდგომა უფრო სამომავლო პერსპექტივად რჩება, ვიდრე ხვალინდელ დიაგნოსტიკურ სტანდარტად. თუმცა, ფაქტია, რომ მიკრობიომთა კვლევა ონკოლოგიაში სრულიად ახალ ჰორიზონტებს აჩენს.

წყარო: Cell Host & Microbiome



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები