ესპანეთის ნეირომეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება იმ გენების ექსპრესიას რადიკალურად ცვლის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის დაჯილდოების, იმპულსების კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.
ჟურნალ Addiction-ში გამოქვეყნებული კვლევა იმ პირთა პოსტმორტემული ტვინის ქსოვილების ანალიზს ეყრდნობა, რომლებიც საშუალოდ 35 წლის განმავლობაში ალკოჰოლს ქრონიკულად მოიხმარდნენ.
მეცნიერებმა ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე ანუ ნეირობიოლოგიურ ქსელზე ყურადღება გაამახვილეს, რომელიც არეგულირებს სიამოვნებას, განწყობას, მეხსიერებასა და სტრესზე რეაგირებას.
კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლი ამ სისტემაში სერიოზულ დისბალანსს იწვევს. კერძოდ, პრეფრონტალურ ქერქში (რომელიც პასუხისმგებელია დაგეგმვასა და განსჯაზე) CB1 რეცეპტორის გენის ექსპრესია 125%-ით გაიზარდა, ხოლო ნუკლეუს აკუმბენსში (დაჯილდოების ცენტრი) – 78%-ით. CB1 რეცეპტორი ადიქციური ქცევის გაძლიერებასთან და რეციდივის (ჩვევასთან დაბრუნების) რისკთან პირდაპირ კავშირშია.
ამის საპირისპიროდ, CB2 რეცეპტორის გენის ექსპრესია ორივე რეგიონში დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ვინაიდან CB2 რეცეპტორს ნეიროპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია აქვს, მისი შემცირება მიუთითებს იმაზე, რომ ტვინის თავდაცვის მექანიზმები ალკოჰოლით გამოწვეული დაზიანებების მიმართ სუსტდება. კვლევამ ასევე პირველად დააფიქსირა ცვლილებები GPR55 რეცეპტორში, რომლის ექსპრესიაც პრეფრონტალურ ქერქში გაიზარდა, ხოლო ნუკლეუს აკუმბენსში მკვეთრად შემცირდა.
გარდა ამისა, მეცნიერებმა ცვლილებები FAAH ფერმენტის მუშაობაში აღმოაჩინეს, რომელიც პასუხისმგებელია ანანდამიდის (ორგანიზმის ბუნებრივი „სიამოვნების მოლეკულის“) დაშლაზე. ეს მიგნებები ხსნის, თუ რატომ უჭირთ ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს იმპულსების კონტროლი და რატომ არიან ისინი უფრო მოწყვლადნი რეციდივის მიმართ.
წყარო: Wiley

