ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, 2024 წელს მსოფლიოში სიმსივნის 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა უშუალოდ ინფექციური აგენტებით იყო გამოწვეული. ეს მაჩვენებელი გლობალურად კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 12%-ს შეადგენს.
სამეცნიერო ნაშრომი ხაზს უსვამს, რომ ამ შემთხვევების უდიდესი ნაწილის თავიდან აცილება უკვე არსებული პრევენციული ზომებითაა შესაძლებელი.
მთავარი „დამნაშავე“ ინფექციები
კვლევის მიხედვით, კიბოს გამომწვევ მთავარ ინფექციებს შორის 5 აგენტი ლიდერობს:
-
Helicobacter pylori (H. pylori) — 760,000 შემთხვევა (გლობალური ტვირთის 4%). ის უმთავრესად კუჭის კიბოს იწვევს.
-
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) — 750,000 შემთხვევა (4%), რომელიც ძირითადად საშვილოსნოს ყელისა და სხვა ანოგენიტალურ სიმსივნეებთანაა დაკავშირებული.
-
B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) — 360,000 შემთხვევა (2%), ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი.
-
ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) — 260,000 შემთხვევა (1%), რომელიც იწვევს ცხვირ-ხახის სიმსივნესა და ლიმფომის სხვადასხვა ფორმას.
-
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) — 160,000 შემთხვევა (<1%), ღვიძლის კიბოს კიდევ ერთი მთავარი მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ განახლებულ გლობალურ ანგარიშში პირველად შეიტანეს აივ ინფექციით (HIV) და მერკელის უჯრედების პოლიომავირუსით (MCV) გამოწვეული სიმსივნეებიც.
გეოგრაფიული უთანასწორობა
ინფექციებით გამოწვეული კიბოს შემთხვევების გეოგრაფიული განაწილება მკვეთრად უთანასწოროა. ტვირთის 77% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება — 990 000 შემთხვევა (გლობალური რაოდენობის 42%), სადაც სიმსივნეების მთავარი გამომწვევი H. pylori და B ჰეპატიტია. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა სუბსაჰარულ აფრიკაშიც, სადაც კიბოს შემთხვევების 25% სწორედ ინფექციებით, უდიდესწილად კი HPV-ით არის განპირობებული. მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც.
პრევენცია
მეცნიერები განმარტავენ, რომ კიბოს ამ მზარდი სტატისტიკის მკვეთრად შემცირება უკვე არსებული, სამეცნიეროდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი, ფინანსური თუ პოლიტიკური ბარიერების გამო, მათი გამოყენება სათანადოდ არ ხდება.
მთავარ სტრატეგიულ ნაბიჯებს შორის დასახელებულია:
-
HPV-ისა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
-
აივ ინფექციის, H. pylori-ის, B და C ჰეპატიტების დროული ტესტირება და მკურნალობა;
-
საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე მდგომარეობების სკრინინგი;
-
უსაფრთხო სამედიცინო მანიპულაციები (ინექციები) და აივ ინფექციის გადაცემის პრევენცია.
ამასთან, მკვლევრები მოუწოდებენ გლობალურ სამედიცინო საზოგადოებას, გაიზარდოს ინვესტიციები ახალი პრევენციული საშუალებების, განსაკუთრებით კი ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.
„ჩვენი მიგნებები ხაზს უსვამს ინფექციების კონტროლის სასიცოცხლო მნიშვნელობას კიბოს პრევენციისთვის. აუცილებელია სტრატეგიების გაერთიანება გლობალურ და ლოკალურ დონეზე, რათა პრევენციული ინსტრუმენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
წყარო: Lancet

