ახალი კვლევა: ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია

გააზიარე

ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნდა, ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

ემორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 18 წლის განმავლობაში 27 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ გარემო ფაქტორები ტვინის ჯანმრთელობაზე იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ჰაერის დაბინძურება ჯერ ისეთ დაავადებებს იწვევდა, როგორიცაა, მაგალითად, ჰიპერტენზია ან დეპრესია, და მხოლოდ ამის შემდეგ აზიანებდა ტვინს. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერი ტვინზე პირდაპირ ზემოქმედებს და ალცჰაიმერის განვითარებას სხვა ქრონიკული დაავადებებისგან დამოუკიდებლად იწვევს.

კვლევამ გამოკვეთა ერთი მნიშვნელოვანი მიგნება. ადამიანები, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს, დაბინძურებული ჰაერის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან. გარემო პირობებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თანხვედრა მათ შემთხვევაში ალცჰაიმერის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

მეცნიერთა დასკვნით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლოა დემენციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება გახდეს. სუფთა გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფილტვებისა და გულის ჯანმრთელობისთვის, არამედ ხანდაზმულებში ტვინის ფუნქციების შესანარჩუნებლად და ალცჰაიმერის დაავადებისგან თავის დასაცავადაც.

წყარო: PLOS 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები