ავტომობილის მართვა კომპლექსური პროცესია, რომელიც საჭიროებს: ინტეგრირებულ კოგნიტურ უნარებს, სენსორული ინფორმაციის ოპტიმალურ დამუშავებასა და მოტორულ კოორდინაციას. მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება (MCI) იწყებს სწორედ ამ კრიტიკული ფუნქციების დაქვეითებას.
ხანდაზმული მძღოლების მესამედი დგას კოგნიტური პრობლემების საფრთხის წინაშე. რისკის ადრეული იდენტიფიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს კრიტიკული საგზაო ავარიების პრევენციაში და უზრუნველყოფს დროული თერაპიული ინტერვენციის დაწყებას.
წარსულში ჩატარებული კვლევები მიუთითებდა დემენციის ადრეულ სტადიას, ავტომობილის მართვისას გამოვლენილ ცვლილებებსა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალ რისკს შორის კორელაციაზე. თუმცა, ამჟამინდელმა კვლევამ ეს კავშირი გაამყარა უწყვეტი GPS მონაცემების გამოყენებით, რითაც შეავსო ნეირო-კოგნიტური სტატუსის ობიექტური და გრძელვადიანი მონიტორინგის არსებული ხარვეზი.
კვლევის დეტალები:
ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 298 ხანდაზმულმა სუბიექტმა (საშუალო ასაკი 75 წელი, 46% ქალი). მონაწილეთა კოჰორტა დაყოფილი იყო ორ ჯგუფად: 56 პირს აღენიშნებოდა მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება (MCI), ხოლო 242 ინდივიდს ნორმალური კოგნიტური უნარები გააჩნდა.
კვლევის საწყის ეტაპზე დაფიქსირდა, რომ ყველა მონაწილე აქტიურად მართავდა ავტომობილს ყოველკვირეულად. პაციენტების ყოველწლიური კლინიკური შეფასება მოიცავდა კომპლექსურ დიაგნოსტიკურ პროცედურებს:
დემენციის კლინიკური შეფასების სკალა
სტანდარტული ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება (კოგნიტური ფუნქციების შესაფასებლად).
გენეტიკური ანალიზი ალცჰაიმერის დაავადების რისკის განმსაზღვრელი, APOE ε4 გენოტიპის დასადგენად.
კვლევის ბაზისურ ეტაპზე ორივე ჯგუფი (MCI და NC) ავლენდა ავტომობილის მართვის მსგავს ქცევას. თუმცა, დროთა განმავლობაში, MCI მქონე სუბიექტებში გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებები:
ყოველთვიური მგზავრობის სიხშირის შემცირება (P<0.001): მართვის აქტივობის მნიშვნელოვანი და პროგრესული კლება.
ღამის საათებში მართვის მინიმიზაცია (P<0.001): ღამე მართვა მოითხოვს ვიზუალური ინფორმაციის უფრო ინტენსიურ დამუშავებას, რაც დაქვეითებული კოგნიტური ფუნქციის პირობებში რთულდება.
რუტინულ მარშრუტებზე გადაჭარბებული მიჯაჭვულობა (შემცირებული შემთხვევითი ენტროპია; P<0.001): ეს მიუთითებს ახალი მარშრუტების დაგეგმვისა და ნავიგაციის სტრატეგიების თავიდან არიდებაზე.
ასაკის, სქესის, რასის, განათლების დონისა და APOE ε4 გენოტიპის გათვალისწინებით ჩატარებულმა წრფივმა მოდელირებამ დაადასტურა, რომ ეს მაჩვენებლები მკვეთრად და პროგრესულად მცირდება MCI ჯგუფში, რაც მათ სანდო ბიომარკერად აქცევს.
სტატისტიკური ვალიდაცია:
პროგნოზირების პროცესში გამოიყენეს ლოჯისტიკური მოდელები, რომლებმაც გააერთიანა ისეთი პარამეტრები, როგორიცაა მგზავრობის მანძილი, სიჩქარის გადაჭარბება და მარშრუტის ცვალებადობა.
მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ GPS-ით მიღებულმა მართვის ქცევის მონაცემებმა აჩვენა მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე: AUC (Area Under the Curve) შეადგენდა 0.82. ეს მაჩვენებელი ადასტურებს მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების (MCI) და ნორმალური კოგნიციის (NC) მქონე სუბიექტების მყარ დიფერენცირებას. როდესაც მართვის ეს მონაცემები გააერთიანეს დემოგრაფიულ ცვლადებთან, PACC კოგნიტურ შეფასების ქულებთან და APOE ε4 გენოტიპთან (გენეტიკური რისკ-ფაქტორი), AUC 0.87-მდე გაიზარდა. თუმცა, როდესაც მკვლევრებმა გამოიყენეს მხოლოდ ტესტებისა და გენეტიკური მონაცემების კომბინაცია (GPS-ის გარეშე), პროგნოზირების სიზუსტე 0.76-მდე შემცირდა, რაც მიუთითებს GPS-ით მიღებული მონაცემების უპირატესობას MCI-ის ადრეულ დიაგნოსტიკაში.
კვლევის ძირითად შეზღუდვას წარმოადგენს მონაწილეთა კოჰორტის ერთგავროვნება (ძირითადად თეთრკანიანები). შესაბამისად, ამ შედეგების განზოგადება სხვა დემოგრაფიულ ჯგუფებზე მოითხოვს დამატებით კვლევებს. ამასთან, ამ ეტაპზე არ არსებობს გარე ვალიდაცია (ინდივიდუალური დამოუკიდებელი კვლევებით დადასტურება). თუმცა, ავტომობილის მართვის ქცევის ნიმუშებს აქვს პოტენციალი, გამოავლინოს კოგნიტური დაქვეითება ადრეულ, პრეკლინიკურ ეტაპზე, რაც ხელს შეუწყობს მკურნალობის სტრატეგიების წარმართვას და საგზაო ავარიების რისკის შემცირებას – ეს კი უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დაბერებასა და მათი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
წყარო: Neurology Journals

