ახალი კვლევა: ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული ემოციური მხარდაჭერა ადამიანისაზე უფრო ემპათიურად ფასდება

გააზიარე

პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერების უახლესმა ნაშრომმა, რომელიც ჟურნალ Communications Psychology-ში გამოქვეყნდა, ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანურ ემპათიას შორის არსებული პარადოქსული კავშირი გამოავლინა.

კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხელოვნური ინტელექტის პასუხებს უფრო ემპათიურად აფასებენ, არჩევანის შემთხვევაში მაინც სხვა ადამიანისგან მიღებულ ემოციურ მხარდაჭერას ამჯობინებენ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ოთხი სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 600-ზე მეტი რესპონდენტი მონაწილეობდა. მონაწილეებს სთხოვდნენ, რეალური ემოციური გამოცდილება გაეზიარებინათ. შემდეგ მათ უნდა აერჩიათ, ვისგან სურდათ მხარდაჭერის მიღება – ადამიანისგან თუ ChatGPT-სგან.

ჩატარებულმა კვლევამ რამდენიმე საკვანძო ტენდენცია გამოკვეთა, რომლებიც ადამიანურ პრეფერენციებსა და ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობას შორის არსებულ კომპლექსურ კავშირს ხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა ემოციური მხარდაჭერისთვის კვლავ ადამიანს ირჩევს, რაც ხაზს უსვამს „ნამდვილობისა“ და რეალური ადამიანის ფაქტორის კრიტიკულ მნიშვნელობას, ხარისხობრივი შეფასებისას პარადოქსული სურათი გამოიკვეთა. მონაწილეები, რომლებმაც უპირატესობა ადამიანს მიანიჭეს, AI-ს მიერ გენერირებულ პასუხებს უფრო მაღალი დონის ემპათიისა და მზრუნველობის შემცველად ახასიათებენ.

მეტიც, ემოციური ეფექტის თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მიღებული უკუკავშირი მომხმარებელს იმის განცდას უფრო მეტად უჩენს, რომ მას მოუსმინეს და გაუგეს, ვიდრე ადამიანთან კომუნიკაცია.

მეცნიერების ეს მიგნება უფრო ადრეულ კვლევის შედეგებს ჰგავს, რომელიც JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. მაშინ ექიმებმა, რომლებმაც არ იცოდნენ პასუხების ავტორის ვინაობა, AI-ს მიერ მომზადებული სამედიცინო კონსულტაციები უფრო ხარისხიანად და ემპათიურად მიიჩნიეს, ვიდრე კოლეგა მედიკოსების ნაწერები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ AI-ს უპირატესობა მის წვრთნაში მდგომარეობს. ხელოვნური ინტელექტი მილიარდობით ტექსტზეა დატრენინგებული და შეუძლია საუბრის ტონი იდეალურად დააბალანსოს, მაშინ როცა რეალურ ადამიანებს ასეთ დროს ემოციური და კომუნიკაციური ბარიერები ხელს უშლით.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ AI აგენტები პროფესიონალ ფსიქოლოგებს ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა მათ შეუძლიათ „დამხმარე ინსტრუმენტის“ როლი შეასრულონ.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები