დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წყვეტს პრიმატებზე კვლევის პროგრამას, რის გამოც HIV-ისა და ინფექციური დაავადებების კვლევებში ჩართული 200 მაკაკის ბედი გაურკვეველი რჩება. ოფიციალურმა პირმა ბრძანება გასცა და კლინიცისტებს “ორგანო-ჩიპების” მსგავსი არა ცხოველური ალტერნატივების გამოყენებისკენ მოუწოდა. ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან CDC-ის პრიმატების კვლევის პროგრამამ განაპირობა HIV პრევენციის ისეთი გარღვევა, როგორიცაა PrEP (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა), რომელმაც გლობალურად ინფექციის მაჩვენებლები რადიკალურად შეამცირა.
თავის მხრივ ეს ნაბიჯი ემთხვევა მოსალოდნელ ფედერალურ საბიუჯეტო შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება აჩქარებს მედიცინის ტრანსფორმაციას ბიოლოგიური მოდელებიდან ინოვაციურ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით, ის საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო მედიკამენტების ტესტირებას, რადგან ზოგიერთი კრიტიკული კვლევისთვის პრიმატების სრულფასოვანი და სწრაფი ჩანაცვლება ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან?
ბრძანება გასცა CDC-ის შტაბის უფროსის მოადგილემ, სემ ბეიდამ, რაც პირდაპირ უკავშირდება HHS-ის მდივნის, რობერტ ფ. კენედი უმცროსის, ცხოველებზე კვლევის შეწყვეტის პოლიტიკურ კურსს. წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება “საოცარი სისწრაფით” იქნა მიღებული – HHS პროგრამის სრულ ლიკვიდაციას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.
CDC ატლანტაში ინახავს რეზუს და ღორისკუდა მაკაკებს HIV, ჰეპატიტისა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე კვლევისთვის. CDC-ის განცხადებით, სააგენტო აფასებს მიმდინარე პროექტებს და პრიორიტეტს ანიჭებს არაცხოველური კვლევის მეთოდებს, თუმცა პრიმატების ბედთან დაკავშირებით პირდაპირი კომენტარისგან თავს იკავებს. ეს არის პირველი შემთხვევა აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებში, როდესაც შიდა პრიმატების პროგრამა სრულად ჩერდება, მას შემდეგ რაც NIH-მა ათი წლის წინ შიმპანზეები კვლევისგან გაათავისუფლა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ცხოველთა მოვლის ექსპერტი, სალი ტომპსონ-ირიტანი, ამ გადაწყვეტილებას “უპრეცედენტოს” უწოდებს.
ცხოველთა უფლებების დამცველები გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ: White Coat Waste Project აცხადებს, რომ “ეს მოლოდინს აჭარბებს და სტანდარტს აწესებს სხვა უწყებებისთვის.” PCRM და Animal Wellness Action მიესალმებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და მოითხოვენ, რომ NIH-მა და FDA-მ იგივე პოლიტიკა გაატარონ.
სამეცნიერო საზოგადოებაში კი სრული განგაშია. CDC-ის HIV განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, დემეტრე დასკალაკისი, აცხადებს, რომ მაიმუნები გამოიყენება Merck-ისა და Gilead-ის მიერ შექმნილი სამომავლო პრევენციული მედიკამენტების შესამოწმებლად. დებორა ფულერი (ვაშინგტონის ეროვნული პრიმატების ცენტრის მკვლევარი, HIV კვლევის 30-წლიანი გამოცდილებით), ამას “კოლოსალურ დანაკარგს” უწოდებს, რადგან სწორედ CDC ლიდერობდა ქალთა დასაცავად მიკრობიციდების შემუშავებაში, რისთვისაც სხვა ექსპერიმენტული მოდელები არაეფექტურია.
კვლევის აბსოლუტურად მკვეთრი შეწყვეტა ნიშნავს მნიშვნელოვანი ფედერალური ინვესტიციებისა და კრიტიკული სამეცნიერო მონაცემების დაკარგვას. სიტუაციას ამძიმებს ის, რომ წარმომადგენელთა პალატის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი CDC-ის HIV კვლევის დაფინანსებას ანულებს, რამაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს მთელი პროგრამის ბედი.
რა ბედი ეწევა 200 პრიმატს?
პრიმატების საბოლოო ბედი კვლავ გაურკვეველია. CDC-ის თანამშრომლები მათ ეტაპობრივად გაყვანას და უნივერსიტეტის პრიმატების ცენტრებში კვლევითი სამუშაოს გასაგრძელებლად გადაცემას მოითხოვენ, თუმცა HHS ძირითად ალტერნატივად თავშესაფრებში მათ განთავსებას განიხილავს.
სემ ბეიდა უკვე დაუკავშირდა სკოტ კუბიშს ინდიანას Peaceable Primate Sanctuary-დან. კუბიში მზად არის ერთ წელიწადში 200-ვე მაიმუნი მიიღოს, თუმცა ამისთვის $14 მილიონი ესაჭიროება, რაც ნებისმიერი თავშესაფრისთვის კოლოსალური თანხაა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან SHIV ინფექციით (მაიმუნის-ადამიანის ჰიბრიდული ვირუსი) ინფიცირებული პრიმატები, რომელთა უსაფრთხო ტრანსპორტირება შეუძლებელია და, სავარაუდოდ, ევთანაზია ემუქრებათ. ექსპერტი ტომპსონ-ირიტანი ამგვარ ქმედებას “უკიდურესად უპასუხისმგებლოს” უწოდებს.
ცხოველებზე კვლევის შეზღუდვის გლობალური ტენდენცია
ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდიდან მოყოლებული, მრავალმა ფედერალურმა სააგენტომ განიცადა მკვეთრი ტრანსფორმაცია. FDA, EPA და NIH აქტიურად ამცირებენ ცხოველურ მოდელებზე დამოკიდებულებას და ნერგავენ ინოვაციურ ალტერნატივებს, როგორიცაა “ორგანო-ჩიპები”. FDA ამჟამად 45 ბაბუინსა და მაკაკს იყენებს ყივანახველასა და ტუბერკულოზის კვლევაში; მკვლევრები შიშობენ, რომ ეს პრიმატები იქნებიან შემდეგი, რაც კვლევით წრეებში “მორალურ მდგომარეობას” მნიშვნელოვნად აუარესებს.
NIH ამჟამად მეთვალყურეობს დაახლოებით 7,000 პრიმატს. ექსპერტი ტომპსონ-ირიტანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა სტრატეგიულ დაგეგმარებაში უნდა შეიტანონ ცხოველთა მოვლის გრძელვადიანი უზრუნველყოფის გეგმა. მისი პროგნოზით, “ეს ტენდენცია CDC-ის პროგრამის შეწყვეტით არ შემოიფარგლება.”
მიუხედავად იმისა, რომ “ორგანო-ჩიპები” დიდ პერსპექტივას იძლევა, პრიმატებზე მიღწეული დადასტურებული სარგებელი – მაგალითად, HIV-ის გლობალური ინციდენტობის შემცირება – საფრთხის წინაშეა.
წყარო:Science

