ყოველწლიურად 50 მილიონამდე ადამიანი ავადდება სეფსისით, რომელთაგან 11 მილიონი იღუპება. სეფსისი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც ორგანიზმის ინფექციაზე არარეგულირებადი იმუნური რეაქციით არის გამოწვეული და საბოლოოდ ორგანოთა დაზიანებას იწვევს. დღეს არსებული მკურნალობის მეთოდები კი ამ იმუნური რეაქციის ეფექტურად მართვას ვერ ახერხებს.
ვირჯინიის და მიჩიგანის უნივერსიტეტების მეცნიერებმა შექმნეს მონოკლონური ანტისხეული, რომელსაც სეფსისის მკურნალობის შეცვლა შეუძლია. ეს ანტისხეული კონკრეტულად „ციტოკინურ შტორმს“ აჩერებს, რაც იმუნური სისტემის უკონტროლო რეაქციაა ინფექციაზე. ამ „შტორმის“ დროს იმუნური უჯრედები ჭარბი რაოდენობით გამოყოფენ ციტოკინებს, რაც, ნაცვლად დაცვისა, სერიოზულად აზიანებს ქსოვილებსა და ორგანოებს.
კვლევის დეტალები:
კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა მონოკლონური ანტისხეული, რომელიც ცილა CitH3-ს ესხმის თავს. ეს ცილა, რომელსაც ციტრულინირებული ჰისტონ H3 ეწოდება, ჰისტონ H3-ის შეცვლილი ვარიანტია. მისი თავისებურება ისაა, რომ მასში ციტრულინად არის გარდაქმნილი არგინინის ამინომჟავები.
სწორედ ეს ცილა იწვევს იმუნური სისტემის უკონტროლო აქტივაციას სეფსისის დროს. ახლად შექმნილი ანტისხეული კი ბლოკავს მავნე ანთებით პროცესებს, ამცირებს საშიში ცილების (ციტოკინების) გამოყოფას და აღადგენს იმუნური უჯრედების ნორმალურ ფუნქციას. თაგვებზე ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ის იცავს ფილტვებს სეფსისით გამოწვეული დაზიანებისგან და მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსებს.
ამ ანტისხეულის უპირატესობა ისაა, რომ, ზოგიერთი სხვა პრეპარატისგან განსხვავებით, ის არ თრგუნავს იმუნურ სისტემას სრულად. მისი მოქმედება შერჩევითია: ის ზუსტად ანეიტრალებს CitH3-ს და ამავდროულად ინარჩუნებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციას. ამ სელექციურობას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს სეფსისის მკურნალობაში.
თუ ეს ანტისხეული კლინიკურ პრაქტიკაში წარმატებით დაინერგება, ის იქნება პირველი მიზნობრივი თერაპია სეფსისის დროს განვითარებული იმუნური დისბალანსის სამართავად.
ანტისხეულის შექმნასთან ერთად, მეცნიერებმა სწრაფი დიაგნოსტიკური პლატფორმაც (PEdELISA) შეიმუშავეს, რომელსაც სისხლის მცირე ნიმუშიდანაც კი შეუძლია ციტოკინების დონის გაზომვა. ეს საშუალებას აძლევს ექიმებს, პაციენტის იმუნურ მდგომარეობას რეალურ დროში დააკვირდნენ, რათა მკურნალობა უფრო ადრე დაიწყონ და ზუსტად მოარგონ თითოეული პაციენტის საჭიროებებს.
წყარო: nature communications

