ტოქსიკური ქიმიკატები და გლობალური დათბობა შობადობას მკვეთრად ამცირებს: ახალი კვლევა

გააზიარე

ახალი, მასშტაბური სამეცნიერო მიმოხილვის თანახმად, ტოქსიკური ქიმიკატებისა და კლიმატური ცვლილებების ერთდროული ზემოქმედება გლობალურად რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს.

კვლევის მიხედვით, პლასტმასში არსებული ენდოკრინული სისტემის დამრღვევი ნივთიერებებისა (EDC) და კლიმატის კრიზისის, კერძოდ სითბური სტრესის სინერგიული ეფექტი, მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ადამიანების, ისე ველური ბუნების წარმომადგენელთა ფერტილობას. ექსპერტები ზიანის მასშტაბებს საგანგაშოდ აფასებენ, რადგან ის პირდაპირ უწყობს ხელს მსოფლიოში შობადობის დონის რეკორდულ ვარდნას.

კვლევის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ისეთ ქიმიკატებზე, როგორიცაა, მაგალითად, მიკროპლასტმასი, ბისფენოლი, ფთალატები და ე.წ. „მარადიული ქიმიკატები“ (PFAS). აღნიშნული ნივთიერებები არღვევს ჰორმონალურ ბალანსს და პირდაპირ უკავშირდება სპერმის ხარისხის დეგრადაციას სხვადასხვა სახეობაში, უხერხემლოებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული.

ადრეული კვლევებით ასევე დასტურდება, რომ დასავლეთის ქვეყნებში მამაკაცების სპერმატოზოიდების რაოდენობა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში 50%-ზე მეტით შემცირდა, რაშიც ყოველდღიური მოხმარების საგნებში არსებულ ინდუსტრიულ ქიმიკატებს წამყვანი როლი აქვთ.

პარალელურად, რეპროდუქციულ ფუნქციაზე უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატება და ჟანგბადის დონის კლება. მეცნიერების განმარტებით, სითბური სტრესი ძუძუმწოვრებში სპერმატოგენეზის პროცესს აფერხებს. ამასთან, გლობალური დათბობა არღვევს ევოლუციურ მექანიზმებს თევზებში, ქვეწარმავლებსა და ამფიბიებში, სადაც ტემპერატურა შთამომავლობის სქესის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, სიუზან ბრანდერის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა 177 სხვადასხვა ნაშრომი შეისწავლეს. ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ცალკეული სტრესორების კარგად შესწავლილი ბუნებისა, მათი ერთდროული მოქმედების რისკები აქამდე სათანადოდ არ ფასდებოდა.

მეცნიერთა განცხადებით, როდესაც ორგანიზმი ერთდროულად განიცდის ქიმიურ და კლიმატურ ზემოქმედებას, რომლებიც იდენტურ მავნე ეფექტს იწვევს, ზიანი ჯამდება, რის გამოც ნაადრევი უნაყოფობა და პოპულაციის კლება ბევრად უფრო სწრაფია

დამოუკიდებელი ექსპერტები სრულად იზიარებენ ამ სინერგიული საფრთხის არსებობას და მიიჩნევენ, რომ პრობლემა მყისიერ რეაგირებას მოითხოვს. მეცნიერების აზრით, გამოსავალი მხოლოდ სისტემურ, გლობალურ ცვლილებებშია, რაც ერთდროულად გულისხმობს კლიმატური ცვლილებების ტემპის შენელებასა და ტოქსიკური ქიმიკატების მოხმარების მკაცრ რეგულირებას.

წყარო: NPJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები