ინოვაცია პროსტატის კიბოს სკრინინგში. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება ჩვეულებრივი სისხლის ტესტითაც შესაძლებელია. ამ მიგნების პრაქტიკაში გადმოტანა პაციენტებს უსარგებლო, მტკივნეულ და ძვირადღირებული ბიოფსიებს აარიდებს.
ჟურნალ „Cancers“-ში გამოქვეყნებული კვლევა ასახავს პროსტატის კიბოს სკრინინგის რევოლუციურ წინსვლას, რამაც შესაძლოა ისხნას მრავალი პაციენტის სიცოცხლე და მკვეთრად შეამციროს ჯანდაცვის ხარჯები.
პროსტატის სიმსივნე ყველაზე გავრცელებული კიბოს ფორმაა მამაკაცებში, ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამივლენა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. PSA ტესტი, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება სკრინინგისთვის, ხშირად იძლევა ცრუ პოზიტიურ შედეგებს, რაც იწვევს ზედმეტ ბიოფსიებს.პროსტატის კიბოს კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მაღალი PSA დონის მქონე მამაკაცების თითქმის 75%-ს რეალურად არ აქვს კიბო.
ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ათასობით ჯანმრთელ მამაკაცს უტარდება არასაჭირო ბიოფსია და სხვადასხვა სახის მკურნალობა. ეს კი არა მხოლოდ სტრესავს პაციენტებს, არამედ მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემასაც.
ახალი ტესტი, სახელწოდებით EpiSwitch PSE, მამაკაცების გენომის “სამგანზომილებიან კონფორმაციას” — ანუ გენების სივრცულ განლაგებას იკვლევს. ბრიტანელი ექიმების მტკიცებით, ეს ინოვაციური მეთოდი უზუსტესად აფასებს პროსტატის კიბოს რისკს ადრეულ სტადიაზეც კი და თან მინიმალურად ინვაზიური გზით, ანუ უბრალო სისხლის ნიმუშით.
პირველადი გათვლებით, კვლევის შედეგების საბოლოო დადასტურების შემდეგ, PSA-ს მომატებული დონის მქონე პაციენტების 79%-ს შეეძლება ბიოფსიის თავიდან აცილება.
187 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ PSE ტესტის გამოყენებით ბრიტანელმა პაციენტებმა თავიდან აიცილეს 97 არასაჭირო ბიოფსია და 95 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამ გზით დაახლოებით 230,000 აშშ დოლარი დაიზოგა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ინოვაციური მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია: ყოველწლიურად თავიდან იქნას აცილებული 593,000-მდე არასაჭირო ბიოფსია, რაც ჯანდაცვის სისტემას ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლრდ დოლარს დაუზოგავს.
ოლივერ კემპმა, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „Prostate Cancer Research“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამ კვლევის შედეგები ასე შეაფასა: „არასაჭირო ბიოფსიებისა და მკურნალობის სხვა მეთოდების შემცირება ნიშნავს ნაკლებ სტრესს მამაკაცებისთვის და მეტ შესაძლებლობებს ჯანდაცვის სისტემისთვის.“
ტესტი, სახელწოდებით EpiSwitch PSE, დიდი ბრიტანეთის წამყვან ინსტიტუტებთან ერთად, შეიმუშავა კომპანია „Oxford BioDynamics (OBD)“-მა. OBD-ს მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, დოქტორმა ალექსანდრე აკულიჩევმა EpiSwitch PSE დაახასიათა, როგორც ზუსტი, მინიმალურად ინვაზიური ტესტი, რომელიც ამცირებს რისკებს, აუმჯობესებს შედეგებს და ამავდროულად ამსუბუქებს ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.
მკვლევართა აზრით, ეს ტესტი დააწესებს ახალ, გლობალურ სტანდარტს პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მართვაში, რადგან ის უფრო იაფი, უსაფრთხო და სტაბილური გზაა.
წყარო: ჟურნალი “Cancers”

