ახალი თაობის ანტიბიოტიკი მომაკვდინებელი ინფექციების წინააღმდეგ

გააზიარე

Clostridioides difficile (C. diff) წარმოადგენს ჯანდაცვის დაწესებულებებში მომაკვდინებელი გასტროინტესტინალური ინფექციების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ აგენტს.  ის იწვევს მძიმე დიარეას, მუცლის ტკივილს და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებს, მაგალითად, ტოქსიკურ მეგაკოლონსა და სეფსისს.   

აშშ-ში ყოველწლიურად ის ასობით ათას შემთხვევას განაპირობებს და დაახლოებით 30,000 პაციენტის სიკვდილის მიზეზია. ინფექცია განსაკუთრებით რთულია რეციდივების მაღალი სიხშირის, ანტიბიოტიკებისადმი მზარდი რეზისტენტობის და ნაწლავის მიკრობიოტის მძიმე დისბალანსის გამო.  სტანდარტული მკურნალობა მოიცავს ვანკომიცინს და ფიდაქსომიცინს. მიუხედავად მათი ეფექტიანობისა, პრობლემად რჩება რეციდივების მაღალი სიხშირე. პირველადი ინფექციის შემდეგ პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის განმეორებით ეპიზოდებს.

ასევე სერიოზული გამოწვევაა მიკრობიოტის დაზიანება. არსებული ანტიბიოტიკები იწვევენ ნაწლავის ბაქტერიების დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს C. diff-ის სპორების ხელახალ პროლიფერაციას. და ბოლოს, მთავარი პრობლემაა ანტიმიკრობული რეზისტენტობა. ფართო სპექტრის პრეპარატების გამოყენება ზრდის რეზისტენტული შტამების წარმოქმნის რისკს.

იბეზაპოლსტატი წარმოადგენს ახალი თაობის მიზანმიმართულ ანტიბიოტიკს, რომელიც ზემოქმედებს ბაქტერიულ DNA პოლიმერაზა C-ზე (PolC). აღნიშნული ცილა სპეციფიკურია პათოგენური ბაქტერიებისთვის და არ გვხვდება სასარგებლო ნაწლავურ მიკროფლორაში. შედეგად, პრეპარატი უზრუნველყოფს: სელექტიურ ბაქტერიციდულ მოქმედებას C. diff-ზე; მიკრობიოტის შენარჩუნებას, რაც ამცირებს რეციდივის ალბათობას; ამსთანავე პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება  სისხლში და ძირითადად მოქმედებს ადგილობრივად ნაწლავის შიგნით, რაც ამცირებს სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს.

კლინიკური კვლევების შედეგები

ჰიუსტონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ II ფაზის მრავალცენტრულმა კვლევამ, რომელიც მოიცავდა C. diff-ის საშუალო სიმძიმის ინფექციის მქონე ზრდასრულ პაციენტებს, აჩვენა, რომ იბეზაპოლსტატი სიმპტომების შეჩერების კუთხით ისეთივე ეფექტურია, როგორც ვანკომიცინი, თუმცა ახალი ანტიბიოტიკის უპირატესობაა, რომ  იბეზაპოლსტატის ჯგუფში რეციდივი არ ყოფილა, ვანკომიცინით მკურნალობისას დაფიქსირებული 14%-ის წინააღმდეგ.

ნაწლავის ძირითადი კომენსალური ბაქტერიები შენარჩუნდა, განსაკუთრებით ის მიკროორგანიზმები, რომლებიც ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმს აკონტროლებენ.
მკურნალობისას დაფიქსირდა კარგი ტოლერანტობა და გვერდითი ეფექტების სიხშირე ძალიან მცირეა.

 

საქართველოს კონტექსტი

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ყურადღება ძირითადად აშშ-სა და ევროპის მსგავს მაღალი ინციდენტობის მქონე რეგიონებზეა მიპყრობილი, საქართველოც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. საქართველოში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ დაადგინა, რომ C. difficile მძიმე დიარეის გავრცელებული მიზეზია როგორც საავადმყოფოებში, ასევე ამბულატორიულ პირობებში, რომელიც დიარეის ახალი შემთხვევების მქონე პაციენტების 24%-ს, ხოლო მოზრდილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 32%-ს აინფიცირებს. ეს ინფექციები ხანგრძლივ სიმპტომებს იწვევს და ხშირად ანტიბიოტიკის მრავალჯერადად გამოყენების შემდეგ ვითარდება.

თუ III ფაზის კვლევები დაადასტურებს II ფაზის შედეგებს, იბეზაპოლსტატი შესაძლოა გახდეს პირველი წარმომადგენელი ახალი თაობის მიზანმიმართული ანტიბიოტიკებისა, რომლებიც: ეფექტურად მკურნალობენ C. difficile-ის ინფექციას, შეამცირებენ რეციდივის სიხშირეს, და შეინარჩუნებენ ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსს.

ეს მიდგომა მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის როგორც მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის კონტექსტში.

წყარო: The Lancet Microbiome

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები