ამერიკელმა მეცნიერებმა (Case Western Reserve University, University Hospitals და სხვ.) პარკინსონის დაავადების მკურნალობის ახალი, პოტენციური მეთოდი აღმოაჩინეს. ჟურნალ Redox Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ იმუნური სისტემის ერთ-ერთი ფერმენტის, 15-PGDH-ის ბლოკირებას მძლავრი ნეიროპროტექტორული (ნერვული უჯრედების დამცავი) ეფექტი აქვს.
დღეისათვის არსებული თერაპია მხოლოდ პარკინსონის დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს, თუმცა ვერ აჩერებს ნეიროდეგენერაციას — თავის ტვინის უჯრედების კვდომის პროცესს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როგორც პარკინსონით გარდაცვლილი ადამიანების ტვინის ქსოვილებში, ისე ლაბორატორიულ მოდელებში, ფერმენტ 15-PGDH-ის დონე ანომალიურად მაღალია. ამ ფერმენტის როგორც გენეტიკურმა, ისე მედიკამენტურმა ბლოკირებამ ლაბორატორიული თაგვები ნეიროანთებისგან, უჯრედების კვდომისა და მოტორული (მოძრაობის) დარღვევებისგან დაიცვა.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს მიდგომა მიმართულია უშუალოდ ტვინის ანთების საპასუხო რეაქციაზე და ოქსიდანტურ სტრესზე, რაც უჯრედებს აზიანებს. საინტერესოა, რომ ნერვული უჯრედების დაცვა მიიღწევა ისეთი პათოლოგიური ცილების დაგროვების პირობებშიც კი, როგორიც ალფა-სინუკლეინია (რომელიც პარკინსონის მთავარ გამომწვევად ითვლება). ეს ნიშნავს, რომ მეთოდს შეუძლია დაიცვას ტვინი დაზიანებისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა იწვევს თავად დაავადებას.
ამ მიმართულებით მუშაობას ისიც აჩქარებს, რომ 15-PGDH-ის ბლოკატორი ერთ-ერთი მედიკამენტი (MF-300) უკვე წარმატებით გადის კლინიკური კვლევის პირველ ფაზას სხვა ჩვენებებისთვის და მის ორგანიზმში შეღწევადობისა და უსაფრთხოების პროფილი დადებითია. მეცნიერების თქმით, ეს იძლევა საფუძველს, რომ უკვე არსებული სამედიცინო აგენტების რეპურპოსირება (ახალი დანიშნულებით გამოყენება) მოხდეს, რაც მკვეთრად შეამცირებს პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო ახალი თერაპიის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის დროს.
წყარო: ScienceDirect

