ამერიკის სამედიცინო ასოციაცია ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასების საკუთარ სისტემას ქმნის

გააზიარე

ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ (AMA) განაცხადა, რომ ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკუთარ, „მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განხილვის პროცესს“ იწყებს .

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია აშშ-ს უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1847 წლიდან 270,000-ზე მეტ ექიმს, რეზიდენტსა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს აერთიანებს. AMA სრულიად დამოუკიდებელი, კერძო არასამთავრობო ორგანიზაციაა.

ორგანიზაციის ეს ნაბიჯი აღქმულია, როგორც ფედერალური ხელისუფლების მიერ გატარებული რეგულაციების ირიბი კრიტიკა. AMA პროექტს მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრთან (CIDRAP) თანამშრომლობით განახორციელებს და ძირითად ყურადღებას გრიპის, COVID-19-ისა და RSV-ის (რესპირატორული სინციტიური ვირუსი) საწინააღმდეგო იმუნიზაციაზე გაამახვილებს.

AMA-ს აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საკონსულტაციო კომიტეტში (ACIP) მომხდარ რადიკალურ ცვლილებებზე ერთგვარი პასუხია. გასულ წელს, ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა კომიტეტის ყველა წევრი დაითხოვა და მათ ნაცვლად ის პირები დანიშნა, რომელთა ნაწილიც ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმითაა ცნობილი.

CDC-ს ახალმა პანელმა კენჭი უკვე უყარა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბავშვთა ვაქცინის (მაგალითად, წითელა-წითურა-ყბაყურას და ჰეპატიტ B-ს) რეკომენდაციების შეჩერებას ან გადავადებას, რაზეც AMA-მ განაცხადა, რომ ძველი სისტემა ჩამოიშალა.

AMA არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ფედერალურ მთავრობას გაემიჯნა. გასულ თვეში ამერიკის პედიატრიის აკადემიამ (AAP) იმუნიზაციის საკუთარი განრიგი გამოაქვეყნა, რომელიც იმ ვაქცინებსაც მოიცავს, რომლებიც CDC-მ სიიდან ამოიღო. ექსპერტების შეფასებით, სამედიცინო საზოგადოება ცდილობს ის „ვაკუუმი“ შეავსოს, რომელიც მთავრობის მიერ მეცნიერულ ანალიზზე უარის თქმამ შექმნა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტი (HHS) ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ CDC-ს კომიტეტი კვლავ ქვეყნის მთავარ მრჩეველ ორგანოდ რჩება, ხოლო გარე ორგანიზაციების მცდელობები მხოლოდ „აბნევს მოსახლეობას“ და ფედერალურ გადაწყვეტილებებს ვერ ჩაანაცვლებს.

წყარო: The Hill

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები