ქრონიკული უძილობა ტვინის დაბერების რისკს 40%-ით ზრდის

გააზიარე

კვლევის მიხედვით, ხანგრძლივ უძილობას, შესაძლოა, თან ახლდეს მეხსიერებისა და აზროვნების უნარების უფრო სწრაფი რეგრესი ასაკის მატებასთან ერთად, აგრეთვე, ტვინში ხილული ცვლილებები.

მკვლევართა დასკვნით, ინსომნიის მქონე პირებს (ქრონიკული უძილობა შეიძლება გამოიხატოს ჩაძინების გაძნელებით, ღამის განმავლობაში ხშირი გაღვიძებით ან ნაადრევი გაღვიძებით, რის შემდეგაც ვეღარხერხდება ჩაძინება და ეს გრძელდება კვირაში მინიმუმ სამი ღამე, სამი ან მეტი თვის განმავლობაში) 40%-ით მეტი რისკი აქვთ, რომ განუვითარდეთ მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება ან დემენცია. 

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევა არ ამტკიცებს უძილობის მიზეზობრივ კავშირს კოგნიტურ დაქვეითებასთან, ის ხაზს უსვამს ამ ორ მოვლენას შორის არსებულ მჭიდრო ასოციაციას.

კვლევა 2,750 კოგნიტურად ჯანმრთელ ხანდაზმულ ადამიანს მოიცავდა. მათი საშუალო ასაკი 70 წელი იყო, ხოლო კვლევის ხანგრძლივობა 5.6 წელი. მონაწილეთა 16%-ს ქრონიკული უძილობა აღენიშნებოდა. ისინი ყოველწლიურად გადიოდნენ მეხსიერებისა და აზროვნების ტესტებს, ზოგიერთ მათგანს კი ტვინის სკანირებაც უტარდებოდა, რათა გამოვლენილიყო თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობები (მცირე ზომის სისხლძარღვოვანი დაავადების მარკერები) და ამილოიდური ნადები – ცილა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული.

კვლევის პერიოდში ქრონიკული უძილობის მქონე ადამიანთა 14%-ს განუვითარდა მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება ან დემენცია, მაშინ როცა მათ შორის, ვისაც უძილობა არ აღენიშნებოდა, ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა. ისეთი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, როგორიცაა ასაკი, წნევა, ძილის აპნოე და საძილე მედიკამენტების მოხმარება, რისკის ზრდა მაინც მნიშვნელოვნი იყო ინსომნიის მქონე ადამიანებში.

ასევე, მეცნიერებმა ძილის ხანგრძლივობის მიხედვითაც გამოავლინეს განსხვავებები. მონაწილეებს, რომლებიც ჩვეულებრივზე ნაკლებ დროს უთმობდნენ ძილს, კვლევის დასაწყისში კოგნიტური ტესტებისას შედარებით დაბალი შედეგები ჰქონდათ, რაც დაახლოებით ოთხი წლით უფროსი პირების მაჩვენებლის ექვივალენტური იყო. მათ ტვინში აღენიშნებოდათ მეტი თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობები და ამილოიდური ნადები. საპირისპიროდ, კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებსაც სრულყოფილად ეძინათ, მიდრეკილნი იყვნენ ნაკლები თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობებისკენ.

შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ უძილობამ, შესაძლოა, ტვინზე განსხვავებული გავლენა მოახდინოს, რაც მოიცავს როგორც ამილოიდური ნადების ფორმირებას, ისე ტვინის ქსოვილის მკვებავ მცირე სისხლძარღვებზე ზემოქმედებას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქრონიკული უძილობის მკურნალობის მნიშვნელობას,  არა მხოლოდ ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ ტვინის ჯანმრთელობის დასაცავად.

წყარო: Neurology

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები