სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული უმსხვილესი გლობალური კვლევის თანახმად, ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების რეზისტენტობა მსოფლიოს ყველა რეგიონში იზრდება, რის გამოც ბავშვები გავრცელებული და მარტივი ინფექციების წინაშეც კი სულ უფრო მოწყვლადები ხდებიან.
მერდოკის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტისა (MCRI) და სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოს 82 ქვეყნიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების 106,000-ზე მეტი ინფექციური ნიმუში შეისწავლეს (2004-2022 წლების მონაცემები). შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად რეზისტენტული ბაქტერიებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი ახალშობილები და დაბალი რესურსის მქონე ქვეყნების მცხოვრებლები ზარალდებიან.
პროგნოზირების მათემატიკური მოდელის მიხედვით, 2035 წლისთვის „უკანასკნელი იმედის“ (სარეზერვო) ანტიბიოტიკებისადმი მედეგობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. მაგალითად, ბაქტერია Acinetobacter baumannii-ის შემთხვევაში, რომელიც პნევმონიასა და სეფსისს იწვევს, რეზისტენტობამ შესაძლოა 82%-ს მიაღწიოს. ხოლო Klebsiella-ს შემთხვევაში, რომელიც შარდგამყოფი გზების ინფექციების მთავარი გამომწვევია, ეს მაჩვენებელი 35%-მდე გაიზრდება.
მეცნიერთა განცხადებით, პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ნაკლებად ინტერესდებიან ბავშვებისთვის სპეციალური პედიატრიული დოზირებებისა და ფორმულების შექმნით, რის გამოც ექიმებს ხშირად უწევთ უფრო ტოქსიკური, ძვირადღირებული ან რთულად მისაღები მედიკამენტების გამოყენება. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მედეგობას ურეცეპტო გაყიდვები და ანტიბიოტიკების თვითნებური მოხმარება განაპირობებს, ხოლო მაღალშემოსავლიან ქვეყნებში — მედიკამენტების ჭარბი გამოყენება სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში.
წყარო: The Guardian

