მარნეულში 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, სავარაუდოდ საკონდიტრო ნაწარმით მოიწამლა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა უკვე დაიწყო.
უწყების ქვემო ქართლის დეპარტამენტმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინა რეაგირება და იმ ობიექტში, სადაც მოქალაქის განმარტებით ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მჭიდრო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის გარემოებებისა და დეტალების დაზუსტებისთანავე, მიმდინარე მოკვლევის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
წყარო: სეს

