ანტიმიკრობული რეზისტენტობა თანამედროვე მედიცინას საფრთხეს უქმნის — ჯანმოს გაფრთხილება

გააზიარე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მაღალჩინოსნების განცხადებით, მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებთან ბრძოლაში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) გავრცელება თანამედროვე მედიცინას უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ჯანდაცვაში, მეცხოველეობასა და კვების მრეწველობაში ანტიბიოტიკების ფართო, არარაციონალურმა გამოყენებამ პრობლემა იმდენად დააჩქარა, რომ AMR მსოფლიოში ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ანტიმიკრობულმა რეზისტენტობამ 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უშუალოდ შეიწირა, ხოლო 4.7 მილიონი გარდაცვალების შემთხვევა მასთან იყო დაკავშირებული. ჯანმო-ს პროგნოზით, 2050 წლამდე ამ მიზეზით კიდევ 39 მილიონი ადამიანი დაიღუპება.

„ანტიმიკრობული რეზისტენტობა ფართოდაა გავრცელებული და თანამედროვე მედიცინის მომავალს ემუქრება. COVID-19-ისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან თვალსაჩინო იყო, წამლების მიმართ რეზისტენტული ინფექციები წლების განმავლობაში შეუმჩნევლად კლავს ადამიანებს, ჩვენ კი ამ საფრთხეს სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ“, — აღნიშნავს ჯანმო-ს ანტიმიკრობული რეზისტენტობის მიმართულების დროებითი ხელმძღვანელი, ჟან-პიერ ნიემაზი.

მიმდინარე წელს ჯანმო-მ 183 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 10-დან თითქმის 9 სახელმწიფოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა აქვს (2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-დან მხოლოდ 4 იყო). თუმცა, როგორც ჯანმო-ს ტექნიკური ოფიცერი, პრავაშა პრაკაში განმარტავს, მხოლოდ 42-მა ქვეყანამ (5-დან ერთზე ნაკლებმა) შეძლო ამ გეგმის სათანადოდ დაფინანსება, განხორციელება და მონიტორინგი. მისი თქმით, 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად პროგრესი მკვეთრად უნდა დაჩქარდეს.

ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ კვლავ დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობა რჩება. ქვეყნების მხოლოდ 36%-ს აქვს ეროვნული რეფერალური ლაბორატორია, რომელსაც ჯანმო-ს მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა ბაქტერიისა და სოკოს რეზისტენტობაზე ტესტირება შეუძლია. ეს 2030 წლისთვის დადგენილ 80%-იან მიზნობრივ ნიშნულს საგრძნობლად ჩამორჩება. 2023 წლის მონაცემებით, ჯანმო-ში დაფიქსირებული, ლაბორატორიულად დადასტურებული ყოველი 6 ბაქტერიული ინფექციიდან ერთი უკვე რეზისტენტული იყო იმ ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებითაც მის მკურნალობას ცდილობდნენ.

„ტესტირების გარეშე კლინიცისტებს უწევთ პაციენტებს ისე უმკურნალონ, რომ არ იციან ინფექციის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და ის, თუ რომელი ანტიბიოტიკი იმუშავებს“, — განმარტავს ჯანმო-ს AMR-ზე ზედამხედველობის ხელმძღვანელი, სილვია ბერტანიოლო.

ვითარების გასაუმჯობესებლად ჯანმო-მ ორი ახალი ინსტრუმენტი წარადგინა, რომლებიც ქვეყნებს დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. პირველი განსაზღვრავს იმ ტესტებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე — პირველადი ჯანდაცვის ცენტრებიდან რეფერალურ საავადმყოფოებამდე — აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მეორე კი აერთიანებს 73 ლაბორატორიულ პროცედურას ნიმუშის აღებიდან პათოგენების იდენტიფიკაციამდე და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტირებამდე.

ჯანმო ხაზს უსვამს, რომ ახალი თერაპიების შემუშავება რეზისტენტობის ზრდის ტემპს ვეღარ ეწევა, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული ანტიბიოტიკების მკაცრად რაციონალური გამოყენება, ინფექციების პრევენცია, დროული ვაქცინაცია და სუფთა წყალსა თუ სანიტარიულ ნორმებზე წვდომის გაუმჯობესება.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები