აშშ-ში, უისკონსინის შტატში, ცოფით დაავადებულმა ღამურამ 6 წლის გოგონას უკბინა, რის შემდეგაც მისმა ძმებმა ცხოველი ფილმ „მამაცი გულის“ (Braveheart) ინსპირაციით დამზადებული ხელნაკეთი ხმლით მოკლეს. შემთხვევა ქალაქ თაიგერტონში, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.
პატარა სესილია (სისი) კეილი ეზოში, ხეზე თამაშობდა, როდესაც მას ცოფიანი ღამურა დაესხა თავს და მარცხენა ბარძაყზე უკბინა. ღამურა გოგონას 11 და 16 წლის ძმებმა მოკლეს.
ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ღამურა ცოფის ვირუსით იყო ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ კეილების ოჯახი სავალდებულო იმუნიზაციის წინააღმდეგია, საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მათ ინციდენტიდან 48 საათზე ნაკლებ დროში ბავშვისთვის სიცოცხლის გადამრჩენი ანტირაბიული ვაქცინაციის კურსის დაწყებაზე თანხმობა განაცხადეს.
ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნიკ მაუმ დაადასტურა შემთხვევა და აღნიშნა, რომ რეგიონში წელიწადში საშუალოდ ღამურის ადამიანზე თავდასხმის ერთი მსგავსი ფაქტი ფიქსირდება. მისივე თქმით, უწყებას ხშირად უწევს მუშაობა პაციენტებთან, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ვაქცინების მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალმა ოჯახს დეტალურად აუხსნა რისკები. ცოფი მკურნალობის გარეშე თითქმის 100%-ით ფატალურია, თუმცა დროული პროფილაქტიკური ვაქცინაციის (5 ინექციისგან შემდგარი კურსის) ფონზე, სიკვდილიანობის რისკი პრაქტიკულად ნულამდე მცირდება.
გოგონას დედის, ელისაბედ კეილის განცხადებით, მტკივნეული ინექციების მიუხედავად, სისი თავს კარგად გრძნობს, აგრძელებს გარეთ თამაშს და მომხდარს არ შეუშინებია. მშობლები რვა შვილს სახლში სწავლების (homeschooling) მეთოდით და ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ცხოვრების სტილით ზრდიან და აცხადებენ, რომ ღამურების საფრთხის მიუხედავად, ბავშვებს გარემოსთან აქტიურ ინტერაქციას არ შეუზღუდავენ.
წყარო: NBC

