ნეირომეცნიერებაში ყოველთვის არსებობს რაღაც ახალი, რაც სწორი მიმართულებით კვლევას მოითხოვს. ხშირად ის, რაც ყურადღების მიღმა რჩება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ტვინის მუშაობისთვის.
სწორედ ამ მივიწყებული უჯრედების კვლევით მოახდინეს გადატრიალება სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა. მათ აღმოაჩინეს, რომ ტვინის ნაკლებად “პოპულარული” უჯრედები – ასტროციტები (და არა ნეირონები), გადამწყვეტ როლს თამაშობენ ყურადღებისა და სიფხიზლის კონტროლში.
თითქმის 80 წლის მანძილზე ნეირომეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნორადრენალინი (ნივთიერება, რომელიც გვეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში, სიფხიზლესა და სწავლაში) პირდაპირ მოქმედებდა ნეირონებზე და ასე ცვლიდა ტვინის კავშირებს. თუმცა, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ გადამწყვეტ პროცესს სინამდვილეში ასტროციტები მართავენ. ეს ნელა მოქმედი, ვარსკვლავის ფორმის უჯრედებია, რომლებსაც აქამდე სახელმძღვანელოებშიც არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება.
როგორ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტვინის ეს საიდუმლო მექანიზმი?
დოქტორ ტომას პაპუენის (Thomas Papouin) ხელმძღვანელობით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ტვინში დიდი რაოდენობით ნორადრენალინი გამოიყოფა (მაგალითად, როცა ყურადღების კონცენტრირება ან სწრაფი რეაგირება გვჭირდება), ის პირდაპირ ნეირონებზე არ მოქმედებს. ასეთი იყო აქამდე დამკვიდრებული შეხედულება ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
სინამდვილეში, ნეირონების ნაცვლად, ასტროციტები იღებენ ნორადრენალინის სიგნალს, აქტიურდებიან და თავად გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებებს. ასტროციტებიდან წამოსული სწორედ ეს სიგნალები არეგულირებენ ნეირონებს შორის კომუნიკაციას, რაც ტვინს სიფხიზლისთვის ამზადებს.
უფრო მეტიც, როცა მეცნიერებმა ნეირონებს ნორადრენალინის აღქმის უნარი მოუშალეს, ტვინმა მაინც შეძლო კავშირების ჩვეულებრივი რეორგანიზაცია. საპირისპირო შემთხვევაში, ასტროციტების გამოთიშვით, იგივე შედეგი არ დამდგარა. ამ გზით დამტკიცდა ასტროციტების მთავარი როლი ამ გადამწყვეტი პროცესის მართვაში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ათწლეულების განმავლობაში ნეირომეცნიერები თითქმის მთლიანად ნეირონებზე, ტვინის ქიმიურ ნივთიერებებსა და მათ უშუალო რეაქციებზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ეს კვლევა კი ფუნდამენტურად ცვლის ამ შეხედულებას:
ასტროციტები არ არიან მხოლოდ „დამხმარე“ უჯრედები – ისინი რეალურად მართავენ ტვინის რეორგანიზაციის ძირითად ასპექტებს ყურადღების, სიფხიზლისა და სწავლის დროს.
თერაპიული პოტენციალი: ADHD-ისა და დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები ნორადრენალინზე მოქმედებენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ მათი ეფექტი ნეირონებზე იყო დაფუძნებული. ეს კვლევა ვარაუდობს, რომ ბევრი ასეთი პრეპარატი, შესაძლოა, ასტროციტების საშუალებით მოქმედებდეს, რაც ტვინის სამკურნალოდ ახალ, მიზანმიმართულ მიდგომებს გვთავაზობს.
ეს აღმოჩენა ასტროციტებს ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობის პერსპექტიულ სამიზნედ აქცევს. მეცნიერები იკვლევენ, საჭიროა თუ არა ასტროციტები არსებული მედიკამენტების ეფექტურობისთვის და შესაძლებელია თუ არა მათზე პირდაპირი ზემოქმედებით უკეთესი თერაპიული შედეგის მიღება.
წყარო: Science

