ბათუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე II გლობალურ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

გააზიარე

2026 წლის 23–24 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში გაიმართება II გლობალური სიმპოზიუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

სიმპოზიუმი წარმოადგენს მრავალდისციპლინურ პლატფორმას, სადაც თავს მოიყრიან მკვლევრები, ექიმები, ფარმაცევტები, ბიოტექნოლოგები, აგრარული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სპეციალისტები. ღონისძიების მთავარი მიზანია თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კვლევითი პრაქტიკის გაზიარება, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ორდღიანი პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა სამედიცინო ქიმია, ბიოქიმია, ფარმაცევტული კვლევები, გარემოს ქიმია, ეკოლოგია, აგრარული ბიოქიმია, ანალიტიკური ქიმია, ბალნეოლოგია და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიომედიცინაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს შორის ურთიერთკავშირს, ბიოაქტიური ნივთიერებების კვლევას, წყლის რესურსების ხარისხსა და მდგრადი განვითარების საკითხებს.

კლიმატის ცვლილებისა და გლობალური ჯანმრთელობის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, სიმპოზიუმი წარმოადგენს სამეცნიერო დიალოგისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განხილვის მნიშვნელოვან სივრცეს. პროგრამაში გათვალისწინებულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ბიომედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები, მდგრადი აგროეკოსისტემების მართვის საკითხები, აგრეთვე გარემოს ფაქტორების გავლენა ჯანმრთელობაზე და წყლის რესურსების ხარისხის კომპლექსური კვლევა.

სიმპოზიუმი ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევითი გამოცდილების გაცვლასა და ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული ფორმატი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს დაამყარონ ახალი პროფესიული კონტაქტები, წარადგინონ საკუთარი კვლევები და გაეცნონ უახლეს სამეცნიერო ტენდენციებს.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მონაწილეების სრულფასოვან ჩართულობას. ორგანიზატორთა შეფასებით, ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნის გაცვლისა და ინოვაციური კვლევების განვითარების პროცესში.

რეგისტრაციის ბმული

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები