ბაზალური განგლიების 1-ლი სახეობათაშორისი უჯრედული რუკა

გააზიარე

მეცნიერებმა ბაზალური განგლიების დეტალური უჯრედული ატლასი შექმნეს. ახალი პლატფორმა მკვლევრებს ამ უბანში არსებული უჯრედების ტიპების, აქტიური გენებისა და დნმ-ის მარეგულირებელი ელემენტების უნიკალურ რუკას სთავაზობს. 

კვლევა, რომელიც ჟურნალ Cell-სა და პარტნიორ გამოცემებში გამოქვეყნებულ 20-ზე მეტ ნაშრომს აერთიანებს, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის „BRAIN Initiative“-ის მხარდაჭერით განხორციელდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე ტვინის რეგიონის ასეთი სრული და სახეობათაშორისი უჯრედული რუკა შეიქმნა.

რა ფუნქცია აქვს ბაზალური განგლიებს

ბაზალური განგლიები ტვინის სიღრმეში მდებარე ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურების კომპლექსია, რომელიც შემდეგ ძირითად კომპონენტებს – სტრიატუმს (ზოლიანი სხეული), გლობუს პალიდუსს (მკრთალი ბირთვი/სფერო), სუბთალამურ ბირთვსა და შავ სუბსტანციას აერთიანებს.

credit: Allen Institute/Ashwin Bhandiwad

ერთად, ეს სტრუქტურები მოძრაობისა და ქცევის მთავარი მარეგულირებელია. ბაზალური განგლიები არა მხოლოდ მოძრაობების შერჩევასა და ინიცირებაში გვეხმარება, არამედ განსაზღვრავს ჩვენს მოტივაციას, ემოციებს, ჯილდოზე დამყარებულ სწავლებასა და ჩვევების ფორმირებას.

თუმცა, როცა ამ სისტემის მუშაობაში ხარვეზი ჩნდება, შედეგად ვიღებთ ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა პარკინსონი, ჰანტინგტონი, შიზოფრენია, ტურეტის სინდრომი, ბიპოლარული და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები, აგრეთვე მავნე დამოკიდებულებები.

რა ასახეს მეცნიერებმა რუკაზე?

მეცნიერებმა ადამიანების, თაგვების, მაკაკებისა და მარმოსეტების ტვინის ეს უბანი სიღრმისეულად შეისწავლეს და მათი უჯრედული შემადგენლობა თუ გენეტიკური აქტივობა ერთიან ატლასში გააერთიანეს. ამ მასშტაბური სამუშაოსთვის მათ დონორი ადამიანების ტვინის ქსოვილი გამოიყენეს: მხოლოდ ადამიანის ბაზალურ განგლიებში 21 მილიონი უჯრედი გამოიკვლიეს, რასაც სამი სხვა სახეობის კიდევ მილიონობით უჯრედი დაემატა.

ახალი ატლასი სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: 

გენების აქტივობა – რომელი გენები ირთვება ცალკეულ უჯრედებში

ეპიგენომი – დნმ-თან დაკავშირებული ქიმიური ნაერთები და ცილები, რომლებიც გენების მუშაობას მართავენ

სივრცული რუკები – თითოეული უჯრედის ზუსტი ადგილმდებარეობა ბაზალურ განგლიებში

რატომ არის მნიშვნელოვანი სახეობათაშორისი შედარება

ბაზალური განგლიების შესახებ არსებული ცოდნის დიდი ნაწილი – ისევე როგორც ახალი სამკურნალო მეთოდების ადრეული ტესტირება – თაგვებსა და მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება, რადგან ადამიანის ცოცხალ ტვინზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება ეთიკურად დაუშვებელია.

ადამიანების, თაგვების, მაკაკებისა და მარმოსეტების ტვინის ერთი და იმავე უბნის რუკის ერთდროულად შედგენით, მკვლევრებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთმანეთს შეადაროან უჯრედული შემადგენლობა, ფუნქციები, კავშირების თავისებურებები და ფარმაკოლოგიური საშუალებების მიმართ რეაქცია.

რისი გამოვლენა შეუძლია ატლასს?

ახალმა რუკამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ტვინის უჯრედების ახალი ტიპი აღმოეჩინათ, რომელიც შიზოფრენიასა და ბიპოლარულ აშლილობას უკავშირდება. პარალელურად, დაფიქსირდა გენეტიკური ცვლილებები აუტიზმთან შესაძლო კავშირის მქონე უჯრედებში, ასევე – დაბერების პროცესთან დაკავშირებული გენების აქტივობის თავისებურებები.

ცნობილია, რომ ტვინის პათოლოგიებთან დაკავშირებული დნმ-ის ვარიანტების უმრავლესობა კოდირებადი უბნების გარეთ მდებარეობს. ისინი ხშირად დნმ-ის „გადამრთველებში“ იყრიან თავს, რომლებიც გენების აქტივაციას მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ უჯრედულ ტიპებში მართავენ.

სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ატლასი მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შანსს, დაავადების რისკ-ფაქტორების კვალს ზუსტად იმ ნერვულ თუ დამხმარე უჯრედებამდე მიჰყვნენ, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობს.

„ეს არის საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დასადგენად, თუ როგორ იწვევს კონკრეტული გენეტიკური ვარიანტი დაავადებას და რაც მთავარია, როგორ ვუმკურნალოთ მას“,  აღნიშნავს სალკის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგი და გენეტიკოსი ჯოზეფ ეკერი.

მნიშვნელოვანი შეზღუდვები

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს ატლასი მხოლოდ საწყისი ეტაპია და არა საბოლოო პროდუქტი. მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაცვალების შემდგომ მოპოვებულ ქსოვილს ეფუძნება. ამ დროს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დონორის ისტორია, ქსოვილის ხარისხი, შენახვისა და სინჯის აღების მეთოდები, შესაძლოა ცვლიდეს მოლეკულურ სურათს და ართულებდეს მონაცემთა შეჯერებას.

credit: Allen Institute/Jenny Burns

პრობლემას ქმნის მონაცემთა არათანაბარი განაწილებაც – სახეობების, ტვინის უბნებისა თუ განვითარების ეტაპების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები წარმატებით აერთიანებენ ტრანსკრიპტომულ, ეპიგენომურ, სივრცულ და ელექტროფიზიოლოგიურ მონაცემებს, თითოეულ მიდგომას საკუთარი ტექნიკური შეზღუდვები და გარჩევადობა აქვს. მათ ერთიან სისტემაში მოქცევა დღემდე კომპიუტერულ და კონცეპტუალურ გამოწვევად რჩება. 

საბოლოო ჯამში, სახეობათაშორისი ანალიზიც გარკვეულ შეზღუდვებს აწყდება: თუნდაც გენეტიკურად მსგავსი უჯრედული ტიპები სხვადასხვა სახეობაში შესაძლოა არსებითად განსხვავდებოდეს რაოდენობით, სივრცული განაწილებით, მარეგულირებელი მექანიზმებითა და ფუნქციური როლით. 

წყარო: Cell; Cell; Allen Institute



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები