ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებები კენტის საგრაფოში მენინგიტის უჩვეულოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობენ. სულ რამდენიმე დღეში ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ორი ახალგაზრდას – 21 წლის სტუდენტისა და 18 წლის სკოლის მოსწავლის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სპეციალისტების შეფასებით, დაავადების გავრცელების სისწრაფე და მასშტაბი მათ მრავალწლიან პრაქტიკაში სრულიად უპრეცედენტოა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ინფექციის პირველადი კერა ქალაქ კენტერბერის ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბი გახდა, სადაც ე.წ. „სუპერ-გავრცელების“ (super-spreader event) შემთხვევა დაფიქსირდა.
მჭიდრო სოციალურმა კონტაქტებმა და დახურულმა სივრცემ ბაქტერიის ელვისებურ გადაცემას შეუწყო ხელი. ამ დროისთვის წამყვანი ლაბორატორიები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ინფექციის გენომის სრულ სეკვენირებას ახორციელებენ. მეცნიერები ინტენსიურად იკვლევენ, ხომ არ გვაქვს საქმე მენინგიტ B-ს ახალ, მუტირებულ შტამთან, რომელიც შესაძლოა არსებულ ვაქცინებსა და მკურნალობის მეთოდებს უფრო ეფექტურად უწევდეს წინააღმდეგობას.
რა ზომებს ატარებს ბრიტანეთის მთავრობა?
ვითარების სიმწვავის გამო, ქვეყანაში გამოცხადდა ეროვნული მასშტაბის რეჟიმი, რაც ანტიბიოტიკების მარაგებზე მკაცრ კონტროლს გულისხმობს. კენტის უნივერსიტეტის 5 000-მდე სტუდენტს სასწრაფო წესით სთავაზობენ ვაქცინაციას, ხოლო ასობით ადამიანს, ვისაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდა, პრევენციული ანტიბიოტიკოთერაპია უტარდება.
პარალელურად, საგრაფოს ხუთ სკოლაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სკოლების მასობრივ დახურვას არ გეგმავს, მშობლებს შორის პანიკაა – აფთიაქებში ვაქცინის კერძო მარაგები თითქმის სრულად ამოიწურა.
რა უნდა ვიცოდეთ მენინგიტ B-ზე?
მენინგიტ B გაერთიანებულ სამეფოში ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა გეგმიური ვაქცინაცია მხოლოდ 2015 წლიდან დაინერგა. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სტუდენტების დიდი ნაწილი ამ კონკრეტული აცრით დაცული არ არის.
ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:
-
გაუსაძლისი თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა;
-
კისრის კუნთების დაჭიმულობა და გაშეშება;
-
მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
-
სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც ჭიქის დაჭერისას (ზეწოლისას) არ ქრება;
-
ძილიანობა, დაბნეულობა და ზოგჯერ კრუნჩხვები.
ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ მენინგიტი არ არის კორონავირუსივით პანდემიური საფრთხის შემცველი, რადგან ბაქტერია ჰაერში დიდხანს არ ცოცხლობს და მისი გადადება მხოლოდ ძალიან ახლო, ხანგრძლივი კონტაქტით არის შესაძლებელი.
წყარო: BBC

