back to top

D ვიტამინი შესაძლოა დაბერების პროცესს ანელებდეს

გააზიარე

შეუძლია თუ არა ვიტამინს დაბერების შენელება? ჰარვარდის ახალი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დამატებითი მიღება იცავს ქრომოსომების ბოლოებს, ტელომერებს, დამოკლებისგან. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ტელომერების სიგრძის შენარჩუნება დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის გასაღებია.

კვლევის დეტალები: 

კვლევაში, რომელიც “The American Journal of Clinical Nutrition”-ში გამოქვეყნდა, მონაწილეობდა ათასზე მეტი საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანი. ისინი ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდნენ D ვიტამინს, ომეგა-3-ს ან პლაცებოს. D ვიტამინი გაიცემოდა დღიური 2,000 საერთაშორისო ერთეულის დოზით. მკვლევრებმა ტელომერების სიგრძე გაზომეს კვლევის დასაწყისში, შუა პერიოდში და დასასრულს. ტელომერები იცავენ ქრომოსომებს დაზიანებისგან, თუმცა ისინი ბუნებრივად მოკლდებიან ასაკის მატებასთან ერთად.

კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინს აქვს ძლიერი დამცავი ეფექტი. პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, მათ, ვინც D ვიტამინს იღებდა, ოთხი წლის განმავლობაში ტელომერების დამოკლება თითქმის სამი წლის ბიოლოგიური დაბერების ექვივალენტით შეუნელდათ. ომეგა-3-ის შემთხვევაში ასეთი შედეგი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ D ვიტამინი ამცირებს ანთებას და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების რისკს.

ტელომერების დამოკლება დაბერების ფუნდამენტური მექანიზმია. ამ პროცესის შენელებისთვის უსაფრთხო საშუალების პოვნა კი, ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვიპოვოთ გზა ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის გასაზრდელად. D ვიტამინი, თავისი ხელმისაწვდომობითა და უსაფრთხოებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს.

ეს მტკიცებულებები D ვიტამინს პრევენციული მედიცინის წინა პლანზე აყენებს. სავარაუდოდ, მომავალი კვლევები კიდევ უფრო გაამყარებს ამ აღმოჩენებს და გამოიწვევს ახალი გაიდლაინების შექმნას, სადაც D ვიტამინის მიღება დაბერების პრევენციისთვის იქნება რეკომენდებული და არა მხოლოდ ძვლების ჯანმრთელობისთვის.

ამერიკელი ექსპერტები მოუწოდებენ მოზრდილებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს, რეგულარულად იზრუნონ D ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღებაზე. ამის მიღწევა შესაძლებელია დაბალანსებული კვებით, მზეზე უსაფრთხოდ ყოფნით ან საჭიროების შემთხვევაში დანამატებით, თუმცა პერსონალური რჩევისთვის აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

წყარო: The American Journal of Clinical Nutrition

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები