ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული ახალი ანალიტიკური სტატიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია დედათა მწვავე ფსიქიკური კრიზისების სამართავად. ექსპერტების შეფასებით, ბოლო პერიოდში გახშირებული ტრაგიკული შემთხვევები, როდესაც მშობიარობის შემდგომი მძიმე ფსიქოზის ფონზე დედები საკუთარ შვილებს კლავენ ინდივიდუალურთან ერთად ღრმა სისტემურ ჩავარდნაზე მიუთითებს.
სტატისტიკის მიხედვით, პერინატალური ფსიქიკური აშლილობები ყოველ მეხუთე ქალს უვითარდება და დედათა სიკვდილიანობის წამყვანი, პრევენცირებადი მიზეზია. ის უფრო ხშირ გართულებას წარმოადგენს, ვიდრე პრეეკლამფსია, გესტაციური დიაბეტი და გადაუდებელი საკეისრო კვეთა ერთად აღებული. მიუხედავად ამისა, აშშ-ში ყოველწლიურად დაფიქსირებული 3.6 მილიონი მშობიარობის ფონზე, ქვეყანაში მხოლოდ 15-მდე სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა მოქმედებს, რაც სამედიცინო პერსონალს ამ მოწყვლადი ჯგუფის სამკურნალოდ სათანადო ცოდნის გარეშე ტოვებს.
ინფრასტრუქტურული და ფინანსური ბარიერები პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. ევროპისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც დედა-შვილის სპეციალიზებული ერთობლივი პალატები უკვე ფართოდ ინერგება, აშშ-ში ასეთი საწოლების რაოდენობა მინიმალურია, რის გამოც დედებს ჩვეულებრივ ფსიქიატრიულ განყოფილებებში, შვილებისგან იზოლირებულად ათავსებენ. ამას ემატება მკურნალობის კოლოსალური ხარჯებიც. მაგალითად, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო ერთადერთი პერორალური მედიკამენტის კურსი 15 000 დოლარზე მეტი ჯდება, მაშინ, როცა ქალთა ჯანმრთელობის კვლევები ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დაფინანსების 10%-ზე ნაკლებს იღებს.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ სისტემაში გამჯდარ რასობრივ და ეკონომიკურ უთანასწორობასაც. მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოება და მართლმსაჯულება თეთრკანიან, საშუალო ფენის წარმომადგენელ დედებს ძირითადად სამედიცინო მსხვერპლად განიხილავს და მათ მდგომარეობას სამედიცინო სისტემის მარცხით ხსნის. ამის საპირისპიროდ, რასობრივი უმცირესობებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ქალების მიმართ გაცილებით მკაცრი, დამსჯელობითი და კრიმინალიზებული მიდგომა მოქმედებს.
სამედიცინო საზოგადოების დასკვნით, დედათა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი აღარ არის მხოლოდ კლინიკური გამოწვევა/ ის პოლიტიკური და ინსტიტუციური ნების ნაკლებობის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრია ზუსტი მეცნიერება არ არის, ის ეყრდნობა მტკიცებულებებს, რომელთა იგნორირებაც კლინიკურ გადაწყვეტილებებს დესტაბილიზაციას უქმნის. შესაბამისად, მომავალი ტრაგედიების პრევენციისთვის, ჯანდაცვის სისტემამ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას ქმედითი უსაფრთხოების ქსელი, რომელიც კრიმინალიზაციის ნაცვლად, ფსიქიკური გადაუდებელი მდგომარეობების დროულ და ადეკვატურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.
წყარო: JAMA

