კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, პანდემიის დროს მომუშავე უელსელი ექთნები მორალური ტრავმის მაღალ დონეს განიცდიდნენ, რაც დეპრესიასთან და პროფესიიდან წასვლის სურვილთან მჭიდრო კავშირშია. ჟურნალ Nursing Open-ში გამოქვეყნებული ნაშრომი პანდემიის პერიოდში სამუშაო პირობების ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ გავლენასა და სამედიცინო პერსონალისთვის მიზნობრივი ფსიქიკური მხარდაჭერის აუცილებლობას ხაზს უსვამს.
მორალური ტრავმა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ორგანიზაციული თუ გარემო პირობების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი ეთიკური ღირებულებების შესაბამისად მოქმედებას. პანდემიის პერიოდში ექთნები ხშირად დგებოდნენ ისეთი გადაწყვეტილებების წინაშე, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ პროფესიულ პასუხისმგებლობას, მათ შორის პერსონალისა და დამცავი აღჭურვილობის დეფიციტის გამო.
კვლევის ძირითადი შედეგები აჩვენებს, რომ მორალური ტრავმა დეპრესიულ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია. განსაკუთრებით მაღალი სტრესი დაფიქსირდა იმ ექთნებში, რომლებსაც სხვადასხვა განყოფილებაში მოუწიათ გადასვლა, აქვთ 2-დან 6 წლამდე სამუშაო გამოცდილება და 40-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობდნენ. გამოკითხულთა შორის 41 მონაწილის მაჩვენებლები პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD) შეესაბამება, ხოლო 17% ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომებზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა უმეტესობა პროფესიაში დარჩენას გეგმავს, ყოველი მეხუთე რესპონდენტი საკუთარ მომავალს მედიცინის დარგში ეჭვქვეშ აყენებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პანდემიის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა არსად გამქრალა და სათანადო ჩარევის გარეშე სისტემამ შესაძლოა კვალიფიციური კადრები დაკარგოს. ექთნები ჯანდაცვის სისტემის ხერხემალია, ამიტომ ორგანიზაციებმა მორალური ტრავმის საკითხი სერიოზულად უნდა აღიქვან.
მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ დამოუკიდებელი და ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური დახმარების სისტემის შექმნასა და ორგანიზაციულ რეფორმებს. მათი თქმით, პანდემიის დროს მიღებული გაკვეთილები გრძელვადიანი დაგეგმარების საფუძველი უნდა გახდეს, რაც გულისხმობს პერსონალის კეთილდღეობაზე ზრუნვას, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას და კადრების დეფიციტის აღმოფხვრას პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
წყარო: Nursing Open

