ბავშვის ადრეული ასაკი არის ინტენსიური ზრდისა და კოგნიტური განვითარების პერიოდი. მიუხედავად ტვინის ამ არაჩვეულებრივი სისწრაფით მომწიფებისა, მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ ერთ, გადამწყვეტ ფაქტორზე, რომელიც ბავშვის მომავალს განსაზღვრავს – დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
იაპონიის გარემოსა და ბავშვთა კვლევის (JECS) მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა 82,000-ზე მეტი დედა-შვილის მონაწილეობით. კვლევამ აჩვენა, რომ მშობიარობის პერიოდში დედის ფსიქოლოგიურმა სტრესმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ბავშვის განვითარების ადრეული ძირითადი ეტაპები. ეს უმნიშვნელოვანესი კვლევა ავლენს დროის იმ კრიტიკულ ფანჯრებს, რომლებშიც დედის მხარდაჭერას მილიონობით ბავშვის ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
კვლევის დეტალები:
იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა JECS კვლევამ შეისწავლა დედის ფსიქოლოგიური სტრესის დონეები ორსულობის მეორე, მესამე ტრიმესტრში და მშობიარობის შემდგომ პირველი წლის განმავლობაში. მკვლევრებმა ეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები 1.5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ნეიროგანვითარების შეფერხებას დაუკავშირეს.
კვლევამ დაადგინა, რომ განვითარების შეფერხების რისკი უფრო მაღალია, როდესაც დედა სტრესს მშობიარობის შემდეგ განიცდის, ვიდრე მხოლოდ ორსულობის პერიოდში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც სტრესი ორივე პერიოდში (ორსულობის დროსაც და მშობიარობის შემდეგაც) ვლინდება, რისკი უმაღლესია, რაც ადასტურებს, რომ სტრესის ეს ეფექტები ჯამდება. (additive effect).
ნეიროგანვითარების შეფერხება შეფასდა ხუთ კრიტიკულ უნარში: კომუნიკაცია, მსხვილი მოტორული ფუნქციები, ნატიფი მოტორული ფუნქციები, პრობლემების გადაჭრა და პიროვნულ-სოციალური უნარები. ამ მიზნით გამოიყენეს ვალიდური სტანდარტული კითხვარი (Ages and Stages Questionnaire, Third Edition). გამოკვლეული ბავშვების დაახლოებით 28%-საღმოაჩნდა შეფერხება ამ უნარებიდან ერთ ან მეტში. შედეგების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო მოწინავე სტატისტიკური ანალიზი, რომელმაც გაითვალისწინა დედის სტრესსა და ბავშვის განვითარებას შორის არსებული რთული, ორმხრივი და დროთა განმავლობაში ცვალებადი კავშირები.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევისას ასევე გაითვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა დედის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ცხოვრების წესი და ბავშვის ჯანმრთელობის მახასიათებლები. ამგვარმა კონტროლმა გააძლიერა მოსაზრება, რომ დედის სტრესსა და ბავშვის განვითარებას შორის დაფიქსირებული კავშირი შესაძლოა მიზეზ-შედეგობრივი იყოს. დამატებით, მგრძნობელობის ანალიზმა (Sensitivity analyses) საბოლოოდ დაადასტურა ამ შედეგების სანდოობა.
ფსიქოლოგიური სტრესის პრევენცია და ადეკვატური მართვა, რომელიც მოიცავს პერიოდს ორსულობიდან მშობიარობის შემდგომი პირველი წლის ბოლომდე, აუცილებლად უნდა ინტეგრირდეს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის ეროვნულ სტრატეგიებში. ასეთი პროაქტიული მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვის განვითარების შედეგებს და საფუძველს ჩაუყრის მათთვის ჯანსაღი მომავლის შექმნას.
წყარო: JAMA

