back to top

„დღე, როდესაც ალცჰაიმერის დიაგნოზი აღარ იქნება სასიკვდილო განაჩენი, უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ – ბილ გეიტსი

გააზიარე

ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ალცჰაიმერი და პარკინსონი, დღეს მსოფლიოში 57 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. შესაძლოა, ეს რიცხვი  ყოველ 20 წელიწადში გაორმაგდეს, რაც სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებამ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა, ამ დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდები ჯერ კიდევ არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი რჩება დახმარების გარეშე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კვლევებისა და ინოვაციების გადაუდებელ აუცილებლობას ამ სფეროში.

საინტერესოა, რომ ბილ გეიტსი აქტიურად არის ჩართული ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და, როგორც ჩანს, საკმაოდ წარმატებულად. 16 ივლისს მან განაცხადა: „დღე, როდესაც ალცჰაიმერის დიაგნოზი აღარ იქნება სასიკვდილო განაჩენი, უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.“

გეიტსის მოტივაცია მის პირად ისტორიას უკავშირდება. მილიარდერის მამას, უილიამ ჰ. გეიტს უფროსს ალცჰაიმერის დიაგნოზი გარდაცვალებამდე დაუსვეს. სწორედ პირადი ტრაგედია გახდა ბილ გეიტსისთვის მოტივაცია, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების კვლევასა და მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

ბილ გეიტსის ფინანსური ინვესტიციები და აქტიური მონაწილეობა ისეთ ინიციატივებში, როგორებიცაა Dementia Discovery Fund, Diagnostics Accelerator და Part the Cloud, მიზნად ისახავს ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებას, ახალი თერაპიების შემუშავებას და დაავადების მონაცემების გაზიარების ხელშეწყობას.

ბილ გეიტსის ოპტიმიზმი განპირობებულია გლობალური ნეიროდეგენერაციული პროტეომიკის კონსორციუმის (GNPC) ინოვაციური აღმოჩენებით. ეს კვლევითი გაერთიანება 2023 წელს დაარსდა გეიტსის ფონდის – Gates Ventures-ის მიერ, Johnson & Johnson-თან თანამშრომლობით.

GNPC-მა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა მნიშვნელოვანი პროგრესი ალცჰაიმერის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის სტრატეგიებში. მათი კვლევის შედეგები უკვე გამოქვეყნდა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში: Nature Medicine და Nature Aging.

ეს მიღწევა საკმაოდ დამაიმედებელია და მიუთითებს, რომ ინვესტიციები და თანამშრომლობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ისეთი კომპლექსური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ალცჰაიმერი.

კონსორციუმმა უზარმაზარი კვლევა ჩაატარა, რა დროსაც გაანალიზდა 35,000 ბიოლოგიური სითხის ნიმუში (პლაზმა და ცერებროსპინალური სითხე). ეს ნიმუშები მსოფლიოს 23 კვლევითი ინსტიტუტიდან შეგროვდა. ამ მასშტაბურმა სამუშაომ შექმნა 250 მილიონზე მეტი ცილოვანი მონაცემი, რამაც საშუალება მისცა მკვლევრებს გამოევლინათ ბიომარკერები, ანუ განსაკუთრებული ცილოვანი ნიშნები,  რომლებიც დაკავშირებულია ალცჰაიმერის, პარკინსონის, ფრონტოტემპორალური დემენციის (FTD) და ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ALS) დაავადებებთან.

GNPC-ის ფარგლებში, სიდნეის უნივერსიტეტის ვესტმიდის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორმა, კეიტლინ ფინიმ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. მან გამოავლინა უნიკალური ცილოვანი მახასიათებლები ალცჰაიმერის მაღალი რისკის მქონე გენის, APOE4-ის, მატარებლებში. მისი გუნდის მიერ შემუშავებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც ათასობით GNPC ნიმუშზე იყო ორიენტირებული, 99%-იანი სიზუსტით შეძლო APOE4-ის არსებობის პროგნოზირება. მიუხედავად იმისა, რომ APOE4-ის მატარებლებს ძლიერი იმუნური რეაქციები ჰქონდათ, დაავადების განვითარებაზე მაინც დიდ გავლენას ახდენდა ცხოვრების წესი, კერძოდ, მოწევა და ჰიპერტენზია.

ეს შედეგები იმედს აძლევს მეცნიერებს, რომ მომავალში ამ დაავადებების ბევრად უფრო ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკა გახდება შესაძლებელი.

პარალელურად, ვაშინგტონის სენტ-ლუისის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარლოს კრუჩაგამ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს ახალი პლაზმური ბიომარკერები ალცჰაიმერის, პარკინსონის და FTD-სთვის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილის კონცენტრაციის ცვლილებები პირდაპირ კავშირშია კოგნიტური დაქვეითების მიზეზებთან.

კრუჩაგამ ხაზგასმით აღნიშნა GNPC-ის როლი სხვადასხვა დაავადების მასშტაბური,  პროტეომიკის კვლევის მხარდაჭერაში. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან წინა კვლევები ნაკლებად მოცულობითი იყო.

„ეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია ნეიროდეგენერაციული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში“, — განაცხადა დოქტორმა ფინიმ. მან აღნიშნა, რომ GNPC-ის მიერ მოპოვებული მონაცემები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდების შემუშავებას თითოეული პაციენტისთვის.

ბილ გეიტსმა თავისი მოსაზრებები კიდევ ერთხელ გაიმეორა ჟურნალ „Nature Medicine“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მილიარდერმა მსოფლიოს შეახსენა ალცჰაიმერის ფართოდ გავრცელების საფრთხე, რაც მომავალში მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ოჯახებს, ისე ჯანდაცვის სისტემას.  „ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, ალცჰაიმერი უკვე სერიოზული კრიზისის გამომწვევია. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დაავადების შენელების ან შეჩერების გზებს, ეს გლობალურ ჯანდაცვას კატასტროფამდე მიიყვანს“, — ამბობს გეიტსი.

მიუხედავად იმისა, რომ გეიტსმა ხაზგასმით აღნიშნა ალცჰაიმერის მკურნალობის ბოლო მიღწევები, მაგალითად სისხლის ანალიზზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა და ანტისხეულების თერაპია, მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა მსოფლიო, რომ პროგრესი შესაძლოა დაფინანსების შემცირების გამო შეფერხდეს.

„GNPC-ის მონაცემთა ბაზაში ბევრი კლინიკური ნიმუში მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შეგროვდა,“ — აღნიშნა გეიტსმა და გააკრიტიკა NIH-ისა და აშშ-ის სხვა ჯანდაცვის სააგენტოების ბიუჯეტების შემცირება. „ახლა დროა გავაორმაგოთ ინვესტიციები კვლევებისთვის და ხელი შევუწყოთ გლობალურ თანამშრომლობას“, – თქვა მან.

გეიტსის მიერ დაფინანსებული კონსორციუმის წარმატება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო გამოწვევის გადასაჭრელად.

წყარო: Nature Medicine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები