ფუნქციური განკურნების პერსპექტივა ქრონიკული B ჰეპატიტის დროს

გააზიარე

მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანი B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით ცხოვრობს, თუმცა მათგან სრულ განკურნებას პაციენტების 1%-იც კი ვერ აღწევს. დღეს არსებული მედიკამენტები ეფექტურად აფერხებენ ვირუსის გამრავლებას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენ მის სრულ გაქრობას ორგანიზმიდან. ამ ფონზე, GSK-ის მიერ წარმოდგენილი Bepirovirsen გვთავაზობს გზას „ფუნქციური განკურნებისკენ“, რაც აქამდე მედიცინისთვის რთულად მისაღწევ მიზნად ითვლებოდა.

1800-ზე მეტი პაციენტის მონაცემები ადასტურებს, რომ 24-დან 48 კვირამდე ხანგრძლივობის კურსი პაციენტების ნაწილში „ფუნქციურ განკურნებას“ იწვევს. ეს ნიშნავს, რომ სისხლში ვირუსი აღარ ფიქსირდება, ხოლო ინფექციის შემდგომ კონტროლს, წამლების გარეშე, საკუთარ თავზე ორგანიზმის იმუნური სისტემა იღებს.

B ჰეპატიტის ვირუსის მდგრადობა მის უნიკალურ ბიოლოგიურ ციკლშია. ინფიცირებისას ვირუსის გენომი აღწევს ღვიძლის უჯრედის ბირთვში და გარდაიქმნება ციკლური ფორმის დნმ-ად (cccDNA). ეს უკანასკნელი უჯრედში მუდმივ რეზერვუარად რჩება. 

არსებული ანტივირუსული პრეპარატები მხოლოდ ვირუსის გამრავლებას აფერხებენ სისხლში, თუმცა ბირთვში არსებულ ამ რეზერვუარს ვერ ეხებიან, რაც წამლის შეწყვეტისთანავე ვირუსის ხელახალ გააქტიურებას იწვევს.

Bepirovirsen-ის მოქმედების მექანიზმი კი ფუნდამენტურად განსხვავებულია. ის მიეკუთვნება ანტისენს-ოლიგონუკლეოტიდების კლასს, რომლებიც პირდაპირ “პოულობენ” და უკავშირდებიან ვირუსულ ი-რნმ-ს (ინფორმაციული რნმ). ეს კავშირი ბლოკავს ვირუსულ ცილების, მათ შორის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) სინთეზს. შედეგად, პაციენტის იმუნური სისტემა ახერხებს ვირუსის ამოცნობას და იმ უჯრედების განადგურებას, სადაც ინფექციის კერაა შენარჩუნებული. 

29 ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებსაც თავიდანვე ვირუსული ანტიგენის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. სწორედ ამ ჯგუფში დაფიქსირდა საუკეთესო შედეგები. მიუხედავად ამისა, ჰეპატოლოგი რობერტ გიში მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა თერაპიული ეფექტის სტაბილურობის მიღწევაა. საჭიროა დადგინდეს შეძლებს თუ არა ორგანიზმი ვირუსის კონტროლს წამლის შეწყვეტის შემდეგ.

წყარო: Science



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები