დღეში ერთი ჭიქა ალკოჰოლიც კი კიბოთი სიკვდილიანობის რისკს მკვეთრად ზრდის: კვლევა

გააზიარე

ყოველდღიურად თუნდაც ერთი სტანდარტული ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღება სიმსივნით გარდაცვალების რისკს მკვეთრად ზრდის. ჟურნალ “The Lancet Regional Health – Americas-ში” გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ალკოჰოლით გამოწვეული კიბოთი სიკვდილიანობა საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო 33 წლის განმავლობაში, 20 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში, ალკოჰოლთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევების წილმა 58%-ით მოიმატა.

მომატებული რისკი მკერდის, პროსტატის, კუჭის, პანკრეასისა და ღვიძლის კიბოს, ასევე თავისა და კისრის სიმსივნეებს მოიცავს. 20-დან 54 წლამდე ასაკის კაცებში ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად კოლორექტალური კიბო ფიქსირდება, ქალებში კი იმავე მაჩვენებლით ძუძუს სიმსივნე ლიდერობს. ორივე ჯგუფში ამ მონაცემებმა ღვიძლის კიბოს სტატისტიკასაც კი გადაუსწრო.

მეცნიერები კიბოს უჯრედების განვითარებას ორგანიზმში ალკოჰოლის დაშლის პროცესით ხსნიან. ღვიძლში მოხვედრილი ეთანოლი კანცეროგენულ ნივთიერებად, აცეტალდეჰიდად გარდაიქმნება, რაც დნმ-ს აზიანებს და უჯრედების აღდგენის პროცესს ბლოკავს. პარალელურად, ალკოჰოლი ორგანიზმში ჟანგვით სტრესს იწვევს — პროცესს, რომელიც დნმ-სა და ცილებს აზიანებს, უჯრედულ ფუნქციებს შლის და ქრონიკულ ანთებას განაპირობებს. ამასთან, სასმელი ჰორმონალურ ბალანსს არღვევს და ორგანიზმს სიმსივნისგან დამცავი საკვანძო ვიტამინების (A, C, D, E) ათვისების უნარს უქვეითებს.

1990-დან 2023 წლამდე ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოთი სიკვდილიანობა ფაქტობრივად გაორმაგდა და წლიური 11 361 შემთხვევიდან 23 126-მდე გაიზარდა. ყველაზე მძიმე დარტყმა 55 წელს ზემოთ ასაკის კაცებზე მოდის, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელმა თითქმის 24%-ით მოიმატა. ამავდროულად, ქალებსა და 55 წლამდე ასაკის კაცებში სიმსივნის განვითარების რისკებს ალკოჰოლის გაცილებით მცირე დოზაც მკვეთრად ზრდის.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ალკოჰოლის უსაფრთხო დოზის კონცეფციას საბოლოოდ უარყოფენ და ყოველდღიურად თუნდაც მცირე რაოდენობით სასმელის მიღების ტრადიციულ პრაქტიკას სამეცნიერო თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნევენ. “მართალია, ჩვენი კვლევა ალკოჰოლის მოხმარების სრულად შეწყვეტას პირდაპირ არ გავალდებულებთ, თუმცა მთავარი გზავნილი ცალსახად იკვეთება — ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგს სასმელის მიღების მინიმალურ შესაძლო დონემდე შემცირება მოიტანს”, — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, მაიამის უნივერსიტეტის ონკოლოგი, დოქტორი ჩინმაი ჯანი.

წყარო: CNN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები