შეერთებულ შტატებში გრიპის საწინააღმდეგო პირველი mRNA (მესენჯერ-რნმ) ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია. კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი პრეპარატი, სახელწოდებით mFlusiva, ზუსტად იმავე ტექნოლოგიას იყენებს, რასაც Covid-19-ის ვაქცინები. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ის აგვისტოში დაამტკიცა, მაგრამ ვაქცინა მოსახლეობის მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის არის განკუთვნილი.
ახალი ვაქცინა მხოლოდ 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა დაშვებული, შესაბამისად, 50 წლამდე ასაკის პირები მიმდინარე გრიპის სეზონზე მის გაკეთებას ვერ შეძლებენ და კვლავ ტრადიციული ვაქცინებით მოუწევთ აცრა. 11 ქვეყანაში ჩატარებული მესამე ფაზის კლინიკური კვლევის თანახმად, რომელშიც 40 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, mFlusiva ტრადიციულ ვაქცინებთან შედარებით 27%-ით უფრო ეფექტურია. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს (ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი), ისინი ოდნავ უფრო ხშირია, მაგრამ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ექიმების განმარტებით, ეს იმუნური სისტემის უფრო ძლიერ და ენერგიულ პასუხზე მიუთითებს.
ტრადიციული გრიპის ვაქცინების უმეტესობა ვირუსის ინაქტივირებულ ვერსიას შეიცავს, რომელიც ხშირად კვერცხშია კულტივირებული. ამის საპირისპიროდ, mFlusiva გენეტიკური კოდის მცირე ფრაგმენტს იყენებს, რათა ორგანიზმს ვირუსის ამოცნობა და მასთან ბრძოლა ასწავლოს. თავად mRNA ორგანიზმში არ რჩება და მალევე იშლება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა არ იცავს კორონავირუსისგან — ის მიმართულია მხოლოდ გრიპის სამი შტამის (ორი A და ერთი B ტიპის) წინააღმდეგ.
mRNA ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დამზადების სისწრაფეა. ტრადიციული გრიპის ვაქცინების წარმოებას დაახლოებით 6 თვე სჭირდება, Moderna-ს ვაქცინის დამზადება კი 2-3 თვეშია შესაძლებელი. წარმოების ეს მოკლე ციკლი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო გვიან, უშუალოდ სეზონის წინ გადაწყვიტონ, კონკრეტულად რომელი შტამების წინააღმდეგ უნდა მიმართონ ვაქცინა.
ახალი ვაქცინა აშშ-ის სააფთიაქო ქსელებში უკვე გადანაწილდა და მისი ფასი დაზღვევის გარეშე 154-დან 171 დოლარამდე მერყეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, სასურველია, მოსახლეობამ გრიპის სეზონური ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლომდე ჩაიტაროს, რადგან იმუნიტეტის სრულად გამომუშავებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.
წყარო: NBC

