ცინცინატის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის მკვლევრებმა დაადგინეს აქამდე უცნობი ბიოლოგიური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ჩონჩხის კუნთები სისხლიდან გლუკოზას ინსულინის გარეშე იწოვენ. ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა შესაძლოა, დიაბეტის, ჰიპერგლიკემიისა და ინსულინრეზისტენტობის სამკურნალო სრულიად ახალი პრეპარატების შექმნის საფუძველი გახდეს.
ჩონჩხის კუნთები ადამიანის სხეულის დაახლოებით 40%-ს შეადგენს და სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში მთავარ როლს ასრულებს. საკვების მიღების შემდეგ სისხლში ინსულინის დონე იმატებს, რაც კუნთებს აიძულებს, სატრანსპორტო ცილა GLUT4-ის დახმარებით მიღებული გლუკოზის 90%-მდე შეიწოვოს და დააგროვოს. თუმცა ფიზიკური დატვირთვის ან სტრესის დროს ინსულინის დონე ეცემა, მომუშავე კუნთები კი ენერგიის მისაღებად გლუკოზას ჭამის შემდგომ პერიოდთან შედარებით 100-ჯერ უფრო სწრაფად ითვისებენ. მეცნიერებისთვის ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო, როგორ ახერხებდა კუნთოვანი ქსოვილი ამას ინსულინის მონაწილეობის გარეშე.
პროფესორ ჯუდიტ ჰეინის ლაბორატორიაში აღმოჩენილ ახალ გზას მეცნიერებმა mSGLT უწოდეს. ის თავისი თვისებებით ჰგავს თირკმელებში არსებულ გლუკოზის ტრანსპორტერს — SGLT2-ს, რომელზეც დიაბეტის ფართოდ გავრცელებული მედიკამენტები (მაგალითად, Jardiance) მოქმედებს. თუკი SGLT2-ის ინჰიბიტორები თირკმელებს ზედმეტი გლუკოზის შარდთან ერთად გამოდევნაში ეხმარება, კვლევის პირველი ავტორის, ნატალი ნორმანის (ამჟამად კაროლინსკას ინსტიტუტის მკვლევარი) შეფასებით, კუნთების მიერ გლუკოზის შეწოვაზე მიმართულ თერაპიას შესაძლოა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს.
ეს მიგნება განსაკუთრებით აქტუალურია დიაბეტისა და ინსულინრეზისტენტობის მქონე ადამიანებისთვის, რომელთა კუნთებიც ინსულინზე სუსტად რეაგირებს და სისხლიდან გლუკოზას ნელა ითვისებს. ჯუდიტ ჰეინის განმარტებით, ჩონჩხის მუსკულატურა გლუკოზის ბუნებრივი დეპოა და სისხლში შაქრის დარეგულირების უზარმაზარი რესურსი აქვს — mSGLT მექანიზმზე ზემოქმედება კი ახალი მედიკამენტების სამიზნედ შეიძლება იქცეს.
მექანიზმის დასადგენად მკვლევრებმა ცხოველური მოდელებიდან აღებული იზოლირებული კუნთები ინსულინისგან თავისუფალ გარემოში ელექტრული იმპულსებით შეკუმშეს, რათა ფიზიკური დატვირთვის იმიტაცია შეექმნათ. მათ გამოიყენეს გლუკოზის ისეთი წარმოებულები, რომელთა გადატანაც მხოლოდ SGLT ტიპის ცილებს შეუძლიათ და არა GLUT4-ს. მაუნტ-სინაის იკანის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით, გუნდმა მას-სპექტრომეტრიაზე (ICP-MS) დაფუძნებული გაზომვის ახალი მეთოდიც შეიმუშავა, რამაც კუნთოვან ქსოვილში გლუკოზის შეწოვის ზუსტი აღრიცხვა გახადა შესაძლებელი.
კვლევამ კუნთში mSGLT-ის ძირითადი თვისებები განსაზღვრა. მომდევნო ეტაპზე მეცნიერები გეგმავენ, მოლეკულურ დონეზე გამოავლინონ ის კონკრეტული გენი და ცილა, რომელიც ამ პროცესს მართავს, და შეამოწმონ, რამდენად ეფექტიანად დაარეგულირებს სისხლში შაქრის დონეს ამ მექანიზმის გააქტიურება.
წყარო: MedicalXpress

