ამერიკელი მეცნიერი ჯეიმს უოტსონი, რომელიც ფრენსის კრიკთან და მორის უილკინსთან ერთად დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურის აღმოჩენისთვის 1962 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უოტსონის 24 წლის ასაკში გაკეთებულმა ამ მნიშვნელოვანმა აღმოჩენამ განსაზღვრა მისი ადგილი მეცნიერების ისტორიაში. დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენამ — რომელიც ხსნის, თუ როგორ ინახავს უჯრედი გენეტიკურ ინფორმაციას — გზა გაუხსნა ისეთი დისციპლინების განვითარებას, როგორებიცაა, მაგალითად, გენეტიკური ინჟინერია, გენური თერაპია და თანამედროვე მედიცინის სხვა მიღწევები. ამასთან, ორმაგი სპირალი მეცნიერების საყოველთაოდ ცნობილ ემბლემად იქცა.
დღესდღეობით, უოტსონის აღმოჩენის საფუძველზე, დნმ-ის ანალიზი გამოიყენება ინდივიდების იდენტიფიცირებისთვის და ოჯახის გენეტიკური ისტორიის დასადგენად.
თუმცა, ამ რევოლუციურმა მიღწევამ გამოიწვია ეთიკური დებატები ადამიანის გენეტიკურ სტრუქტურაში ჩარევის თაობაზე – კერძოდ, რამდენად მისაღებია გენეტიკური ცვლილებების შეტანა კოსმეტიკური მიზნებისთვის ან ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა მომავალ თაობებს.
წყარო: Sky News

