კვლევა: საკვების დეფიციტი პანდემიის პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების უმთავრესი ფაქტორი აღმოჩნდა

გააზიარე

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Penn State) მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საკვების უკმარისობას ამერიკელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ბევრად უფრო მძიმე გავლენა ჰქონდა, ვიდრე უშუალოდ სამსახურის დაკარგვას ან შემოსავლის შემცირებას. კვლევამ, რომელიც მილიონზე მეტი ოჯახის მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენა, რომ შიმშილის შიში შფოთვისა და დეპრესიის მთავარი ტრიგერი აღმოჩნდა.

რას ამბობს კვლევა?

კვლევის ავტორების განმარტებით, პოლიტიკოსები კრიზისის დროს ფსიქიკური სტრესის მთავარ წყაროდ ხშირად უმუშევრობას მიიჩნევენ, თუმცა რეალური მონაცემები სხვა სურათს აჩვენებს. კვლევის მიხედვით, საკვების უკმარისობა შფოთვის ალბათობას 27%-ით, ხოლო დეპრესიის რისკს 24%-ით ზრდიდა. ამის ფონზე, შემოსავლის დაკარგვა შფოთვის რისკს მხოლოდ 13%-ით, დეპრესიას კი 11%-ით ამძაფრებდა, ხოლო უმუშევრობას, სხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, ფსიქიკურ მდგომარეობაზე პირდაპირი გავლენა თითქმის არ ჰქონია.

მეცნიერები ამ მოცემულობას იმით ხსნიან, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფო დახმარებებმა და უმუშევრობის დაზღვევამ გარკვეულწილად „შეამსუბუქა“ სამსახურის დაკარგვით გამოწვეული პირველადი შოკი. მიუხედავად ამ შეღავათებისა, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მაინც არ ჰქონდათ საკმარისი საკვები ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ფსიქიკური ტვირთი გაუსაძლისი აღმოჩნდა. კვლევის ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი დასაქმებულის სტატუსი, არამედ ელემენტარული სასურსათო უსაფრთხოებაა.

კვლევამ საინტერესო ტენდენციები გამოკვეთა დემოგრაფიული ნიშნითაც, სადაც გამოჩნდა, რომ საკვების დეფიციტი უფრო მძიმედ აისახა კაცებზე, სოფლად მცხოვრებლებზე და მათზე, ვისაც იპოთეკური სესხი ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, შემოსავლის დაკარგვა უფრო მეტად აზიანებდა ქალების, დამქირავებლებისა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ფსიქიკას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი ის ოჯახები აღმოჩნდნენ, რომლებიც პანდემიამდეც საკვების დეფიციტს განიცდიდნენ – მათში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება ბევრად უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე მათში, ვისაც ეს პრობლემა მხოლოდ კრიზისის დროს შეექმნა.

რეკომენდაციები

მეცნიერთა დასკვნით, თუ ოჯახი ვერ ახერხებს ელემენტარული ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას, სამუშაო სტატუსის მიუხედავად, მისი ფსიქიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ რჩება. ექსპერტები მოუწოდებენ მთავრობებს, მეტი ყურადღება დაუთმონ სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს.

წყარო: PLOS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები