ათწლეულების განმავლობაში ანტიბიოტიკები თანამედროვე მედიცინის „სასწაულმოქმედ საშუალებად“ მიიჩნეოდა. მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და შესაძლებელი გახადეს რთული ქირურგიული ჩარევები, ტრანსპლანტაციები და ინტენსიური თერაპია. თუმცა XXI საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობა ახალი, უხილავი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა — ანტიბიოტიკორეზისტენტობა (AMR), რომელსაც ხშირად „უხილავ პანდემიას“ უწოდებენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული ბაქტერიული ინფექციების ყოველი მეექვსე შემთხვევა უკვე რეზისტენტულია სტანდარტული ანტიბიოტიკების მიმართ. IHME-ის შეფასებით, 2021 წელს ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ასოცირებული სიკვდილიანობა 1.14 მილიონს აღემატებოდა, ხოლო 2050 წლისთვის ეს რიცხვი შესაძლოა წლიურად 2 მილიონამდე გაიზარდოს.
ამ გლობალური გამოწვევის ფონზე, რომელიც საქართველოსაც მწვავედ უდგას წინ, ქართული მედიცინა ჩუმად მაგრამ ამაყად თავის სიტყვას მიანც იტყვის.
სამწუხაროდ დღეს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრისგან თითქმის არც ერთ სფეროში არ ხდება ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნება. ამ თემაზე ცალსახა პასუხის მიღება ვერც სხვა და სხვა აკადემიური წრისგანაა შესაძლებელი. რაც საიდუმლო არაა ხშირად ხდება სპეკულაციებისა და აჟიოტააჟის მიზეზი.
რეზისტენტობის სიმძიმესა და სამომავლო უნიკალურ პოტენციალზე სასაუბროდ მედსკრიპტუმი ინფექციონისტ მარიამ გულუასა და ელიავას ფაგოთერაპიული ცენტრის ექიმ-თერაპევტ მარიამ დადიანს დაუკავშირდა.
რა განაპირობებს ანტიბიოტიკორეზისტენტობას?
ინფექციონისტი მარიამ გულუა აღნიშნავს, რომ რეზისტენტობის განვითარებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:
„ყველაზე დიდი პრობლემა არის ანტიბიოტიკების ჭარბი, არამიზნობრივი და არარაციონალური გამოყენება — განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების დროს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო კოვიდის პერიოდში, საზოგადოებაში შექმნილი მცდარი წარმოდგენა, რომ ვირუსებს ანტიბიოტიკებით უნდა ვუმკურნალოთ. ამ წამოდგენებმა პრობლემა მეტად აქტუალური გახადა.“
- მკურნალობის კურსის თვითნებური შეწყვეტა
„როგორც კი პაციენტი თავს უკეთ გრძნობს, ხშირად წყვეტს პრეპარატის მიღებას. შედეგად, ბაქტერიების ნაწილი ცოცხალი რჩება — და სწორედ ისინი ავლენენ მეტ რეზისტენტულობას, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს.“ - სოფლის მეურნეობაში გამოყენება
ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება ცხოველებში ზრდის სტიმულირებისა და პროფილაქტიკის მიზნით, რაც ქმნის რეზისტენტული ბაქტერიების რეზერვუარს. “ასეთი ცხოველების პროდუქციის გამოყენებამ კი შიძლება გამოიწვიოს, რეზისტენტული ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრა და შემდგომ დაავადების განვითარება.” - ჰოსპიტალური ინფექციები და სუსტი ინფექციური კონტროლი
“ინფექციის კონტროლის არასათანადო მონიტონირნგი განაპირობებს ინფექციის გავრცელების რისკების ზრდას. არასრულყოფილი სტერილიზაცია და ხელის ჰიგიენის არასათანადო დაცვა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი რეზისტენტული მიკრობების გავრცელების.
ბაქტერიების ბუნებრივი ევოლუცია
რეზისტენტობა მხოლოდ ადამიანის შეცდომებით არ ვითარდება. ბაქტერიები ბუნებრივად სწრაფად მრავლდებიან და გენეტიკურ მუტაციებს განიცდიან. ანტიბიოტიკის ზემოქმედებისას ბუნებრივი შერჩევა ხდება, მგრძნობიარე ბაქტერიები იღუპება, რეზისტენტული კი გადარჩება და გამრავლდება.
მარიამი აღნიშნავს : როგორც ლუი პასტერი ამბობდა “უსასრულოდ მცირეების როლი ბუნებაში უსასრულოდ დიდია”. ბაქტერიები წარმოადგენენ მაღალადაპტირებად მიკროორგანიზმებს, რომლებიც ევოლუციური პროცესების შედეგად გამოირჩევიან გენომური პლასტიკურობით. მათთვის დამახასიათებელია გენეტიკური მასალის დინამიკური ცვლილება, გადარჩენის მრავალფეროვანი მექანიზმების ჩამოყალიბება, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად მოერგონ ცვალებად გარემო პირობებს.
ახალი ანტიბიოტიკების კრიზისი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანტიბიოტიკების ფუნდამენტურად ახალი კლასების შექმნა ძალიან იშვიათი მოვლენაა. პარალელურად გაიზარდა ბაქტერიებში ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ეს დისბალანსი განპირობებულია: ახალი პრეპარატების შექმნის სირთულეებით, მაღალი ხარჯებით, არსებული ანტიბიოტიკების გადაჭარბებული და არარაციონალური გამოყენებით. ფარმაცევტული განვითარება უმეტესად მიმდინარეობს უკვე არსებული ანტიბიოტიკების ქიმიური მოდიფიკაციით ან მათი კომბინაციებით, რათა გაიზარდოს ეფექტიანობა და შემცირდეს რეზისტენტობა. ამის კარგი მაგალითია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების კომბინირება ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან (როგორებიცაა ტაზობაქტამი, სულბაქტამი….), რაც განაპირობებს ანტიბიოტიკის ეფექტურობას.
თანამედროვე მედიცინის წინაშე დგას ინფექციური დაავადებების მკურნალობის ეფექტიანობის შემცირების მზარდი რისკი, რაც მოითხოვს როგორც ახალი ანტიმიკრობული მედიკამენტების განვითარებას, ისე ანტიბიოტიკების გამოყენების მკაცრი მართვის პოლიტიკას. თუ არ განხორციელდება ახალი ანტიმიკრობული მედიკამენტების განვითარებისა და შექმნის სტიმულირება და ანტიბიოტიკების გამოყენების მკაცრი მართვის პოლიტიკა, მოსალოდნელია ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციების გავრცელების მკვეთრი ზრდა. აღნიშნული გამოიწვევს მკურნალობის ეფექტიანობის შემცირებას, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდას, ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივებას.
ბაქტერიოფაგები — დავიწყებული მომავალი
მარიამ დადიანი ინტერვიუში ამბობს:
“მარტივად რომ ვთქვათ ბაქტეროფაგები არიან ვირუსები, რომლებიც კონკრეტულ ,,ცუდ“ ბაქტერიებს ანადგურებენ. ფაგები ანტიბიოტიკებამდე იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ალექსანდრე ფლემინგის მიერ ანტიბიოტიკების აღმოჩენამ, სამწუხაროდ ფაგები უკანა ფლანგზე გადასწია. ახლა, 100 წლის მერე, როცა ამ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა სამყარო, განვითარებული ქვეყნების მხრიდან, ბაქტერიოფაგების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოიხატა”.
შეძლებს ფაგები ანტიბიოტიკების როლის ჩანაცვლებას?
“ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ ფაგები და ფაგოთერაპია სრულად ჩაანაცვლებს ანტიბიოტიკებს, რაც, რა თქმა უნდა არ არის სწორი. ანტიბიოტიკებს თავისი უდიდესი როლი აქვთ ბაქტერიებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით დაავადებების მწვავედ მიმდინარეობის დროს, როცა ეფექტის მიღება მოკლე დროში უმნიშვნელოვანესია. ფაგების გამოყენება უმჯობესია ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანტიბიოტიკების ეფექტურობა ნაკლებია. მაგალითად, კანქვეშა ინფექციების დროს, ფისტულების არსებობისას, პროტეზ-ასოცირებული ინფექციების პირობებში, როდესაც გამოსავლად მხოლოდ ამპუტაციები და სხვა რადიკალური ჩარევები შეიძლება განიხილებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას სხვადასხვა სისტემების (სასუნთქი, შარდ-სასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემების და ა.შ) ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზეც. ერთი სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და ისე დაიგეგმოს პერსონალიზებული მკურნალობა – ფაგებით, ანტიბიოტიკებით თუ ერთობლივ კომბინაციაში.
ფაგების უპირატესობები:
- მაღალი სპეციფიკურობა
- მინიმალური გვერდითი ეფექტები
- ენდოტოქსინების მასიური გამოყოფის არარსებობა
- ინდივიდუალური ფაგის შექმნის შესაძლებლობა რეზისტენტობის შემთხვევაში
დღეს ჩვენი პაციენტისთვის ხელმისაწვდომია 6 ფაგური კოქტეილი, ხოლო მკურნალობის შერჩევა ეფუძნება ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს, სადაც ვაფასებთ ფაგოგრამას და ანტიბიოტიკოგრამას.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ხელთ არსებული ფაგური პრეპარატების მიმართ ბაქტერია რეზისტენტული აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული შტამისთვის ინდივიდუალური ფაგის შერჩევა/დამზადება, რაც ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში საუკუნის მანძილზე დაგროვებული და დაცული უნიკალური კოლექციის წყალობითაა შესაძლებელი,“ — აღნიშნავს მარიამ დადიანი.
საერთაშორისო ინტერესი
საქართველოში ფაგოთერაპიის მიმართ ინტერესი 80-ზე მეტი ქვეყნიდან არსებობს. განსაკუთრებით ბევრი პაციენტი ჩამოდის აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან.
პაციენტების უმეტესობისთვის ჩვენ ბოლო იმედი ვართ, მათ წლების განმავლობაში ჩატარებული აქვთ უამრავი მკურნალობა, ხშირად მათ ინფექციაზე ანტიბიოტიკი ვეღარ მუშაობს, ან ანტიბიოტიკების მიმართ გამოხატულია ალერგიული რექციები და მძიმე გვერდითი ეფექტები აქვთ.
დასავლეთის ქვეყნებში ფაგების გამოყენება მკაცრად რეგულირდება, თუმცა ჰელსინკის კომისიის შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში (compassionate use) მათი გამოყენება ნელ-ნელა უკვე პრაქტიკაში შედის.
სახელმწიფოს როლი
მიუხედავად ისტორიული გამოცდილებისა,ძალიან მნიშვნელოვანია ფაგების ბუნების უფრო მეტი და განსხვავებული კუთხით შესწავლა, რაც რაღა თქმა უნდა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. GMP სტანდარტების მოთხოვნამ ფაგების სტატუსის ცვლილება გამოიწვია, რაც სამწუხაროა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელებული დარგის მიმართ ქმედითი ნაბიჯები რეალურად გამოიხატება.
დღეს საქართველო ბაქტერიოფაგების საუკუნოვანი გამოცდილების წყალობით განსაკუთრებულ, უნიკალურ პოზიციაშია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ქვეყანამ აქტიური ნაბიჯები გადადგა ფაგების შესწავლის და დარგის განვითარების კუთხით, ზოგიერთ ქვეყანაში ინტრავენური ფაგების აქტიური გამოყენებაც დაწყებულია. დასანანი იქნება, თუ ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას დავკარგავთ, ამ დროს უდიდესი პოტენციალი გვაქვს ვიყოთ პირველები.
„ქვის ხანაში რომ არ გავიღვიძოთ ინფექციონისტურად,“ როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, საჭიროა მეცნიერების, პოლიტიკისა და კლინიკური პრაქტიკის ერთობლივი მოქმედება.
ანტიბიოტიკების ეპოქა შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს, მაგრამ ინფექციური მედიცინის მომავალი — ინოვაციებისა და კომბინირებული მიდგომების გზით ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მკურნალობის სხვა ალტერნატივების შესახებ წაკითხეთ

