ახალი მასშტაბური კვლევის თანახმად, ძუძუს კიბოთი გამოწვეული დაავადების შემთხვევებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის 25%-ზე მეტი ყოველდღიურ ჩვევებზეა დამოკიდებული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ისეთი ფაქტორების კონტროლით, როგორიცაა, მაგალითად, წითელი ხორცის ჭარბი მიღება და თამბაქოს მოხმარება, ათასობით ქალის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
კვლევა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის 1990-2023 წლების მონაცემებს ეყრდნობა, უპრეცედენტოა მასშტაბით და 2050 წლამდე დაავადების გავრცელების ტენდენციებსაც პროგნოზირებს.
განმარტებისთვის, წითელ ხორცში მოიაზრება ძუძუმწოვარი ცხოველების კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც ნედლ მდგომარეობაში მუქი შეფერილობისაა მასში არსებული რკინის შემცველი ცილის, მიოგლობინის, მაღალი კონცენტრაციის გამო. ამ კატეგორიაში ძირითადად შედის საქონლის, ღორის, ცხვრის, თხის ხორცი.
კვლევის ძირითადი მიგნებები და სტატისტიკა
მეცნიერების ვარაუდით, 2050 წლისთვის ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა გლობალურად მესამედით გაიზრდება – 2.3 მილიონიდან (2023 წ.) 3.5 მილიონამდე.
კვლევამ გამოკვეთა 6 ძირითადი რისკ-ფაქტორი, რომელთა მოდიფიცირებაც შესაძლებელია:
-
წითელი ხორცის ჭარბი მოხმარება: 11% (ყველაზე დიდი გავლენა);
-
თამბაქო (მათ შორის პასიური მოწევა): 8%;
-
სისხლში შაქრის მაღალი დონე: 6%;
-
სხეულის მასის მაღალი ინდექსი (BMI): 4%;
-
ალკოჰოლის მოხმარება და დაბალი ფიზიკური აქტივობა: თითოეული 2%.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახალგაზრდა ქალებში ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების საგანგაშოდ მზარდი ტენდენცია ფიქსირდება: 1990 წლის შემდეგ 20-დან 54 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაავადების მაჩვენებელი თითქმის მესამედით (29%) გაიზარდა, მაშინ როცა 55 წელს ზემოთ ეს მაჩვენებელი სტაბილური დარჩა.
კვლევის ავტორები გლობალურ უთანასწორობას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით ხაზგასმით აღნიშნავენ. მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში პრევენციული სკრინინგის ეფექტიანი სისტემები ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა, მაშინ როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონებში დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება.
ექსპერტების დასკვნით, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი პრევენციას ენიჭება, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი მართვად რისკ-ფაქტორებს უკავშირდება.
ცხოვრების წესის შეცვლით შესაძლებელია ძუძუს კიბოთი გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 25%-ზე მეტის თავიდან აცილება.
წყარო: The Guardian

